როდესაც ვფიქრობდით, ვინ შეგვერჩია რუბრიკისთვის, რომელშიც ცნობილი ქალბატონები, თავიანთი გამოცდილების საფუძველზე, რჩევებს მისცემდნენ მკითხველს, ტელეპროდიუსერი და ჟურნალისტი ნინო არაზაშვილი გაგვახსენდა.
ნინო არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, როგორ შეძლო მარტოხელა ქალმა, სირთულეებისა და მორალური ტრავმების მიუხედავად, ცხოვრების ხელახლა დაწყება. როდესაც ნინო არაზაშვილმა შეიტყო, რა თემაზე გვსურდა საუბარი, შეყოყმანდა, - არ ვარ ის ადამიანი, ვიღაცას ჭკუა დავარიგოო, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა, თუ ვინმეს ჩემი მაგალითი რამეში წაადგება, წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყოო...
- 23 წლისა გავთხოვდი. ქორწინებამ თითქმის სამ წელს გასტანა. ჩემი მეუღლე ბაჩო, ანუ ილია კიკაბიძე, "მეორე არხზე" მუშაობისას გავიცანი, სადაც დავიწყე პროფესიული საქმიანობა 1992 წელს. შემდეგ რამდენიმე ადამიანთან ერთად იქიდან წამოვედით და შევქმენით სტუდია "მაესტრო". 9 წლის განმავლობაში ვიმუშავე ამ ხალხთან.
- გამოდის, განშორების შემდეგაც ერთად მოგიწიათ მუშაობამ...
- ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით... ვფიქრობ, ჯობდა, მეგობრებადვე დავრჩენილიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ერთად არ ვართ, კარგი ურთიერთობა გვაქვს და ვიცი, მე და ჩემს შვილებს რამე რომ გაგვიჭირდეს, ჩვენს გვერდით იქნება.
- ყოფილ მეუღლესთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ბევრი ვერ ახერხებს...
- ოჯახი რომ დამენგრა, შოკში ვიყავი. ყველაფრის გადასახარშავად ექვსი წელიწადი დამჭირდა. ვაცნობიერებდი, რომ აღარასდროს გვექნებოდა ისეთი ურთიერთობა, როგორიც ადრე გვქონდა, რადგან გულში გაჩენილ ბზარს ვეღარაფერი გაამთელებდა, მაგრამ რამდენიმე დღეში მივხვდი, რომ უნდა მეთამაშა, თავი დამერწმუნებინა, რომ ყველაფერმა გამიარა და... დავწყნარდი. თუმცა ძალიან გამიჭირდა.
- ბაჩო თქვენი პირველი სიყვარული იყო?
- არა, პირველად 5 წლისას შემიყვარდა. ის 6 წლის იყო. მეზობლად ცხოვრობდა. მახსოვს, ვკითხე, რომ გავიზრდები, ცოლად ხომ შემირთავ-მეთქი და არაფერი მიპასუხა. ისე განვიცადე, ორ ღამეს არ მეძინა. როცა წამოვიზარდეთ, ხშირად ვეღარ ვხვდებოდი, მაგრამ ქვეცნობიერად ყოველთვის მიყვარდა. აბიტურიენტები ვიყავით, როცა ტრაგიკულად წავიდა ამ ქვეყნიდან, ზღვამ წაიყვანა... მას შემდეგ მის დაბადების დღეს ყოველთვის მიმაქვს საფლავზე ყვავილები. ძალიან მტკივა გული. ხანდახან ვფიქრობ, რომ ეცოცხლა და ცხოვრება ერთმანეთისთვის დაგვეკავშირებინა, ჩემი ცხოვრება სხვანაირად წარიმართებოდა - შესაძლოა ბევრი უსიამოვნება ამეცილებინა თავიდან.
- რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში გაჩნდა მამაკაცი. როგორ ფიქრობთ, ღირს ქართველ საზოგადოებაში ასეთი გულახდილობა? ხომ არ მოჰყვა თქვენს სიტყვებს ჭორების ტალღა?
- ჩემზე ჭორი არასდროს მსმენია, ალბათ, იმიტომ, რომ პრესასთან ყოველთვის გულწრფელი ვარ. ზოგს მოსწონს, როცა მასზე ჭორაობენ, განიცდიან, თუ დიდხანს ვერ მოხვდნენ ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე... დღესაც შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანი ისევ არის ჩემს ცხოვრებაში. იმ ცხოვრებისეული ტკივილების შემდეგ, რაც წარსულში გადავიტანე, მარტო ცხოვრება არ მინდა.
ვარ ქალი, პიროვნება და მაქვს ამის უფლება. არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ ერთხელ გადავდგა სერიოზული ნაბიჯი, თანაც ბოლო ხანს ჩემმა შვილებმა შემჭამეს, - პატარა და ან ძმა გვინდაო. ვნახოთ...
ქალბატონებს ვეტყოდი, რომ მამაკაცთან ცხოვრების დაწყება გვიანი არასდროს არის. ნურავის მოუსმენენ საკუთარი გულის ხმის გარდა. რაც შეეხება ჭორებს, თუ არ გსურთ, ბინძური ჭორების ობიექტი გახდეთ, უთხარით ხალხს სიმართლე.
- თქვენს მეორე ქორწინებაზე რას გვეტყვით?
- მოდი, ამ საკითხს ნუ შევეხებით...
- ამბობენ, მამაკაცისგან ძვირფასი საჩუქარი არ უნდა მიიღო - მას უკან ეს მამაკაცი მოჰყვებაო.
- თუ მამაკაცს სურს, პატივი გცეს, მიეცით ამის საშუალება. თუ ამ მამაკაცთან ურთიერთობა არ გსურთ, საჩუქარს ვერ მოჰყვება. ისე, საჩუქრებითა და სიურპრიზებით განებივრებული ვარ. ახლა ერთი ძალიან სახალისო ისტორია გამახსენდა:
ერთხელ მსახიობმა ზაზა კოლელიშვილმა შოკში ჩამაგდო. რადიოში სტუმრად გვყავდა მოწვეული. შევდივარ ოფისში, ვიცი, რომ ზაზა ჯერ არ მოსულა. გრძელი დერეფანი უნდა გამევლო. მივდივარ, მოულოდნელად კუთხიდან ვიღაც გამოხტა და მუხლებზე დაეცა. ეს იყო მურტალო - ზაზა კოლელიშვილი - წითელი ვარდით ხელში. ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო იყო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს კაცი ყველა ქალთან ასე მიდის.
- ოჯახში ქალისა და მამაკაცის ფუნქციების შეთავსებას როგორ ახერხებთ?
- ეს იოლი არ არის. მშობლებთან ვცხოვრობ და ეს მიწყობს ხელს. მალე 20 წელი შესრულდება, რაც ჟურნალისტიკაში ვარ, მაგრამ მაინც მჭირდება დამატებითი შემოსავლის ძიება, - ორ შვილს მარტო ვზრდი და მათი მოთხოვნები დღითი დღე იზრდება. ამჟამად სამ ადგილას ვმუშაობ - გარდა ტელევიზიისა და რადიოსი, ლექციებს ვკითხულობ უნივერსიტეტში. ფიზიკურად ვერ ვასწრებ, თორემ დიდი სიამოვნებით დავიტვირთავდი თავს უფრო მეტად.
- შვილები არ აპროტესტებენ თქვენს ასეთ სამუშაო რეჟიმს?
- გიორგი 12 წლისაა, ნატაშკა - 11-ის, და უფრო მიგებენ. არც მანამდე ყოფილან დედის კალთას გამოკერებული ბავშვები...
უამრავი ლიტერატურა მაქვს წაკითხული იმაზე, როგორ შეიძლება მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენო ის მინიმალური დრო, რაც შვილებისთვის გრჩება. მაგალითად, მე არასდროს ვთხოვ შვილებს, გავიდნენ ოთახიდან, როცა ჩემი მეგობრები არიან სტუმრად. მირჩევნია, ისეთ რაღაცებზე ვილაპარაკო, რაც ბავშვმაც შეიძლება მოისმინოს და იგრძნოს, რომ როცა შინ ვარ, ჩემი ყურადღების მთავარი ობიექტი ის არის.
პირველ რიგში, ბავშვი უნდა მიაჩვიო იმას, რომ საღამოს შინ დაბრუნებული, როგორც კი მოესიყვარულები, მოგიყვეს, რა მოხდა იმ დღეს მის ცხოვრებაში.
- როგორც ვიცი, ბავშვებს მამასთანაც შეუნარჩუნეთ ურთიერთობა. რას ურჩევთ ქალბატონებს, როგორ მოიქცნენ, როცა ყოფილი მეუღლე არც ისე ყურადღებიანია შვილების მიმართ?
- მართლა შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და ეს ჩემი დამსახურებაა. მივმართე ასეთ ხერხს: როცა ბიჭი წამოიზარდა, დავფიქრდი, საერთო რა მეპოვა მამა-შვილისთვის; გამახსენდა, რომ ჩემს ყოფილ მეუღლეს უყვარდა ფეხბურთი და შევთავაზე, გიორგი მიგვეყვანა ამ სპორტზე. აგერ უკვე ექვსი წელიწადია, კვირაში სამჯერ მამას დაჰყავს გიორგი ვარჯიშზე.
ზოგჯერ მამაკაცი მატერიალური პრობლემის გამო ვერ ახერხებს ბავშვთან მისვლას. უნდა შევიდეთ მის მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში ქალმა შეიძლება პატარა ხრიკს მიმართოს, მაგალითად, იყიდოს კინოს ბილეთები, დაურეკოს ყოფილ მეუღლეს, უთხრას, რომ ვერ ახერხებს კინოთეატრში ბავშვების წაყვანას და სთხოვოს, შენ წაიყვანეო. უამრავი გზის გამონახვა შეიძლება და ჩვენი შვილებისთვის ეს უნდა გავაკეთოთ.
- თქვენს დიასახლისობაზე ლეგენდები დადის...
- ბევრს გაუკვირდება, მაგრამ ვგიჟდები საოჯახო საქმეზე. ძალიან მიყვარს კერძების მომზადება, ხეხვა, რეცხვა.
ძალიან მიყვარს სისუფთავე და ვინმეზე ან რამეზე ზრუნვა. მართლა მიყვარს და მსიამოვნებს ეს ყველაფერი. ოღონდ მიმაჩნია, რომ სამზარეულოში ორი ქალის ადგილი არ არის. როცა ჩემი სახლი და სამზარეულო მქონდა, ძალიან მიყვარდა ჩემი ნახელავით ოჯახის წევრების განებივრება. ახლა ეს მისია დედამ იკისრა.
- თქვენი საფირმო კერძიც გვასწავლეთ.
- ახლახან მეგობართან კომპოტი გავსინჯე და ისე მომეწონა, რეცეპტი მაშინვე ჩავიწერე: სამ ლიტრ წყალში ჩაყარეთ ერთი დაჭრილი ატამი, ერთი ვაშლი, ერთი მსხალი და კიდევ - რა ხილიც გაქვთ. აგრეთვე, ძალიან უხდება კენკრა. დააყარეთ შაქარი, მომზადებული მასა დადგით ცეცხლზე და როგორც კი წამოდუღდება, ჩაყარეთ კარგად გასუფთავებული რამდენიმე ღერი პიტნა, ჩააჭერით ლიმონი და მაშინვე გადმოდგით. მომზადებულ კომპოტს კოქტეილ "მოჰიტოს" გემო აქვს.
- ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი გაქვთ, ფორმაში ყოფნას როგორ ახერხებთ?
- ძალიან ცოტა დრო მრჩება გარეგნობაზე ზრუნვისთვის. როდესაც დილის ეთერი მაქვს, ხუთის ნახევარზე ვიღვიძებ. ვარცხნილობას წინა დღეს ვიკეთებ ხოლმე - ისეთი "დაცემენტებული" მაქვს ზემოდან, რომ ბალიშზე თავის დადების შემდეგაც არ იშლება, საერთოდ არაფერი მოსდის. მაკიაჟს დილით ვიკეთებ და პატარ-პატარა ხრიკებით ვილამაზებ თავს, მაგალითად, ლინზებით.
ეთერში გასვლამდე ნახევარი საათით ადრე ვარ ნამდვილი ქალი. საერთოდ, მიყვარს საკუთარ თავზე ექსპერიმენტის ჩატარება და სხვებსაც ვურჩევ. ეს კარგ განწყობას შეგიქმნით. არაჩვეულებრივად მოქმედებს ფერადი ტანსაცმელიც. მაღაზიაში რომ შევდივარ და გამყიდველი მეუბნება: "ჩვენ გვაქვს შავი..." - მაშინვე ვაწყვეტინებ. ფერად ტანსაცმელში გამოწყობილ ქალს მეტი დადებითი ემოცია უჩნდება.
- პლასტიკურ ქირურგიაზე რა აზრის ხართ?
- დადებითი. თუ გაქვს ფული და არის საშუალება, რომ უკეთესად გამოიყურებოდე, აუცილებლად უნდა გაიკეთო. ოღონდ არასდროს დავიბერავ ტუჩებს. ამასთანავე, ვულგარულობის წინააღმდეგი ვარ და არავის ვურჩევ, ვულგარულად გამოიყურებოდეს. მამაკაცთან ურთიერთობაშიც ასეა - დაბერილი ტუჩებით მოხიბლული კაცი დიდხანს ვერ გაძლებს ქალთან, ჭკვიან ქალს კი დიდი ძალისხმევა არ სჭირდება მამაკაცის მოსახიბლად და შესანარჩუნებლად. სჯობს, მამაკაცი თვალებით, გამოხედვით მოვხიბლოთ და არა - დაბერილი ტუჩებით.
ნინო მამუკაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)