შესავლის ნაცვლად
მე რომ საფრანგეთში ვიყავი, უეფას ფრანგი პრეზიდენტი მიშელ პლატინი ამდგარა და საქართველოში ჩამოსულა. ერთი სიტყვით, "გზაში ავცდით", არადა, რაღაც უნდა მეთქვა უგულავაზე; დავურეკავდი, მაგრამ ტელეფონში არ მინდა, რა ვიცი, მაინც... სათაურში გამოტანილი, "თავანკარა ქართულით" ნათქვამი სიტყვები ჩვენი დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ სამშაბათს სწორედ პლატინისთან შეხვედრის შემდეგ წარმოთქვა და თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე (ყოფილი "დინამოს" სტადიონი, ბაზრობასთან როა) ევროპის ლიგის (ყოფილი უეფას თასი, ჩემპიონთა ლიგის "კარიკატურა" როა) ფინალის გამართვას შეეხებოდა.
უეფას მიერ ამ "ისტორიული გადაწყვეტილების" მისაღებადო, ამან, უგულავამ, სამი რამ არის საჭიროო - აეროპორტი, სასტუმროები და მოედანიო (სტადიონს გულისხმობდა ალბათ). მოედანი (ისევ გაიმეორა და ისევ სტადიონი იგულისხმა) - "მიღწევადი, გაკეთებადი და მოსწრებადიაო"; აეროპორტზე - მხოლოდ "მიღწევადი" თქვა (ეტყობა, ეს არ არის "გაკეთებადი" და "მოსწრებადი"); სასტუმროებს რაც შეეხება - აქ მზაობა გვაქვსო (ეს "მზაობაც" ახალი მარგალიტია თანამედროვე ქართულ-ჩინოვნიკური "ფოლკლორიდან")...
ათიოდე დღე ქართულ ტელეარხებს თვალყურს ვერ ვადევნებდი და პირველი სამშაბათის 3-საათიანი "კურიერი" იყო. ჩავრთე და უგულავას მიერ გადმოფრქვეულმა ამ სიბრძნემ ქართულ რეალობაში დამაბრუნა.
მომდევნო სიუჟეტების "პერსონაჟებიც" არ ჩამორჩნენ ქალაქის თავს და განათლების მინისტრის მოადგილემ, რომელიც თბილისის ერთ-ერთი სკოლის სარემონტო სამუშაოებს ათვალიერებდა, ასეთი რამ ბრძანა (სხვა "რამის" კი არა, განათლების მინისტრის-მეთქი!):
- ამ სპორტულ დარბაზში განხორციელდება მრავალი აქტივობა!
როგორია?! ეგ არაფერი; რემონტის დამთავრების მოლოდინით გახარებულმა, იმავე სკოლის დირექტორმა (სკოლის დირექტორმა-მეთქი, სკოლა ხომ იცით? ბავშვები რომ სწავლობენ! ყოველ შემთხვევაში, მე ვსწავლობდი) საერთოდ დააგვირგვინა ის სიუჟეტი:
- ეხლა მიმდინარეობს მოლოდინი, როდის დამთავრდება მშენებლობა!
ჰოდა, ჩემში სულაც არ "მიმდინარეობს მოლოდინი", რომ ესენი ("ესენი"-ში, ცხადია, მხოლოდ ამ სიუჟეტის მონაწილეებს არ ვგულისხმობ) აწი რამეს ისწავლიან, მით უმეტეს, რომ უგულავა კარგა ხანია, "ქალაქის სტუმრების" ნაცვლად, "ქალაქის ვიზიტორებს" ამბობს და "მწვრთნელის" ნაცვლად, "ტრენერს" ("ჯოტია, ტრენერი ხომ იცი, რაც არის?" - "კი. რომ იგინება!!!"), მაგრამ მაინც ვერ მოვითმინე, რომ არ აღმენიშნა. არ ვიცი, რისი ბრალია: უცხოეთიდან ჩამოსულს უცებ მომჭრა ყური ცუდმა ქართულმა, თუ ის გამახსენდა, რომ საფრანგეთში ვერც მედიაში და ვერც სახელმწიფოებრივ დოკუმენტში ახალი სიტყვა ვერ გაიჭაჭანებს, თუ იგი ენის დამცველმა სახელმწიფო ორგანომ (დამავიწყდა, რა ჰქვია) ოფიციალურად არ ცნო ფრანგულ სიტყვად; აქ კი ენის სახელმწიფო პალატა მხოლოდ იმიტომ გააუქმეს, რომ მაშინდელ მინისტრ ლომაიას იმ პალატის მაშინდელი ხელმძღვანელი ღვინჯილია თვალში არ მოსდიოდა, ხოლო პალატის შენობა რუსთაველზე, პირიქით - ვიღაცას ძალიანაც მოსდიოდა თვალში!..
აჰა, ისევ ჩემი მუდმივი პრობლემის წინაშე დავდექი - ერთი გვერდი არ მყოფნის!
ბატონო რედაქტორო, გთხოვთ, ჩემი, ჩემი მრავალრიცხოვანი მკითხველისა და ჩემი ოჯახის სახელით (რომლის ფინანსური შემოსავალიც პირდაპირ არის დაკავშირებული ამ საკითხთან), "პროვოკაციებს" გაუზარდოთ ფორმატი!
აი, ასე! აბა, რა ვქნა - არ დავწერო, რომ ხუბუა თბილისის უნივერსიტეტს მთელი თაობის (და არა თაობების) შექმნილ სიმდიდრეს უწოდებს და პრესისგან(!) მის დაცვას აპირებს?! (აკაკი შანიძის თაობას რომ არ გულისხმობს, ალბათ ხვდებით.)
რუსეთში სიცხისგან ტყეების დაწვაზე იმდენი ილაპარაკეს ჩვენმა "გახარებულმა" ტელევიზიებმა, რომ სანამ აწყურის ტყეებისგან აღარაფერი დარჩა, მანამ არ გაახსენდათ აქაური პრობლემა - ამაზე არაფერი ვთქვა?!
ბურჯანაძე რომ ამბობს, ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი "კამაზის" საჭესთან დაჯდომასა და ჩემს გაჭყლეტას აპირებდაო, ამაზე არ გავიცინო?! (ქ-ნო ნინო, შეეშვით მოსკოვში "სირბილს" და "კამაზის" ნაცვლად, "ივეკოს" ან "მანს" დაგაჯახებენ...)
ჰოდა, ჩემო უფროსებო, არ არის ეს ყველაფერი ერთ გვერდში "მიღწევადი, გაკეთებადი და მოსწრებადი".
P.S. აღარ არის ადგილი, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: გრენლანდიას 260 კვადრატული კილომეტრი ფართობისა და 50 მეტრი სიმაღლის აისბერგი "მოსძვრა" და ოკეანეში გაიჭრაო - იმავე "კურიერმა" ბრძანა და ჟურნალისტმა იქვე "განმარტა": ეს მანჰეტენის ფართობზე 10-ჯერ მეტია და "ემპაიარ სტეიტ ბილდინგზე" 2-ჯერ დაბალიაო!!!
ორიგინალური სიუჟეტების მომზადება რომ ეზარებათ და თარგმნილებს საკუთრად ასაღებენ, ამ სიცხეში ეპატიებათ, მაგრამ 260 კილომეტრი და 50 მეტრი რამე ქართულს ვერ შეადარეს? თუ ვტყუი და შარზე ვარ, მომწერეთ, რამდენმა იცოდით აქამდე მანჰეტენის ფართობი.
პროვოკატორი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
aRar aris adgili, magram mainc unda vTqva: grenlandias 260 kvadratuli kilometri farTobisa da 50 metri simaRlis aisbergi "mosZvra" da okeaneSi gaiWrao - imave "kurierma" brZana da Jurnalistma iqve "ganmarta": es manhetenis farTobze 10-jer metia da "empaiar steit bildingze" 2-jer dabaliao!!!
originaluri siuJetebis momzadeba rom ezarebaT da Targmnilebs sakuTrad asaReben, am sicxeSi epatiebaT, magram 260 kilometri da 50 metri rame qarTuls ver Seadares? Tu vtyui da Sarze var, ager Cemi meili da momwereT, ramdenma icodiT aqamde manhetenis farTobi.