ავტორი:

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების პირველი კადრები თბილისის მთავარი სამმართველოდან

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების პირველი კადრები თბილისის მთავარი სამმართველოდან

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს შორის შავი "ტოიოტა ქამრის" მძღოლი და მისი მგზავრი, მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე არიან.

დაკავებულების ადვოკატის ვასილ მამულაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები რამდენიმე საათის წინ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მათ სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის "ა" პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს - თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

იხილეთ ვიდეო

საქმეზე კიდევ ერთი დაკავებული საბა ჩხარტიშვილია. მისი ადვოკატის, დავით ჭიკაიძის, ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაპირისპირების ორი ეპიზოდიდან პირველს ედავებიან.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 08:00 საათზე დააკავეს და მას ედავებიან სსკ-ის 126-ე მუხლით შესაძლო დანაშაულის ჩადენას, ეს არის ძალადობა.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იმ კონკრეტულ დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიკურად არ იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს სამწუხარო ფაქტი მოხდა. ის რამდენიმე საათით ადრე იყო გადასული ლისის ტერიტორიაზე. სავარაუდოდ, პირველ ეპიზოდს ედავებიან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ვიცი ის, რომ მოხდა კონფლიქტი. მხარეები ვინ იყვნენ, ვინ რა დოზით მონაწილეობდა - ამის თაობაზე არ მაქვს ინფორმაცია.

ბუნებრივია, საქმის მასალები არ გადმოუციათ ჯერ, შესაბამისად, ამის თაობაზე ვერ გეტყვით. როგორ კი შევხვდები მას, დამატებითი დეტალები მაშინ მეცოდინება. ჯერჯერობით უცნობია ჩემთვის ბრალს როდის წაუყენებენ,"- განაცხადა ადვოკატმა.

დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანიცაა. როგორც თბილისის პოლიციის სამმართველოსთან დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ორი მუხლით - ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლითაა დაკავებული.

ადვოკატი აცხადებს, რომ არასრულწლოვანი ჩხუბის არცერთ ეპიზოდში არ მონაწილეობდა.

"დილით დამირეკა გამომძიებელმა და მითხრა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 143-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლავს რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არანაირ ძალადობასა და კონფლიქტში არ მონაწილეობდა.

ბრალს გამოძიება რითი წაუყენებს არ ვიცით, თუმცა, განცდა და ეჭვი გვიჩნდება იმისა, ხომ არ სურს გამოძიებას რაიმეს გადაფარვა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც სახლში დაწყებულ კონფლიქტში და არც შემდეგ მაგისტრალზე გაგრძელებულ ჩხუბში არ მონაწილეობდა, გაკვირვებულები ვართ. ჩვენ წინა დღეებში პოლიციაში ვიყავით, დნმ-ის ანალიზი ჩავაბარეთ, ასევე ხელის კვალის ნიმუში ჩავაბარეთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არანაირ ნივთს არ ფლობდა და არც რაიმე იარაღი ჰქონია", - განაცხადა გელხაურმა.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა ევროპის ჩემპიონი ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილიც.

17 დაკავებულის შემთხვევაში გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს მათ შორის: ძალადობა, ძალადობაში მონაწილეობა, ხულიგნობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ა.შ.

იმედია, სასამართლო აღკვეთი ღონისძიების სახეს არც ერთ სპორტსმენზე არ გამოიყენებს - საქმის მასალებით არსად დასტურდება ბრალეულობა" - ალექსანდრე კობაიძე

"ვითხოვთ, რომ საერთოდ არ იყოს გამოყენებული რაიმე აღკვეთის ღონისძიება, აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი არის გამოკეტილი გისოსებს მიღმა" - გიგა ტატიაშვილის ადვოკატი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი - "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არავითარ ძალადობაში, მითუმეტეს ჯგუფურში მონაწილეობა არ მიუღია"