ავტორი:

"სნეულებებიც ცოდვების გამოა, ერთგვარი მწარე წამალია, რომლიდანაც დასკვნები უნდა გამოვიტანოთ" - მეუფე შიო

"სნეულებებიც ცოდვების გამოა, ერთგვარი მწარე წამალია, რომლიდანაც დასკვნები უნდა გამოვიტანოთ" - მეუფე შიო

სნეულებებიც ცოდვების გამოა ხშირად ჩვენზე მოწეული, როგორც გაკვეთილი, როგორც ერთგვარი მწარე წამალი, რომლიდანაც ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები და დავფიქრდეთ ბევრ რამეზე - ცხოვრების აზრზე, ჩვენს პირად ცხოვრებაზე, შეცდომებზე, რომ გამოვასწოროთ ისინი, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ დღევანდელი სახარების მნიშვნელობაზე ისაუბრა, თუ როგორ მიიყვანა ოთხმა ადამიანმა თავისი სნეული მეგობარი უფალთან განსაკურნებლად.

როგორც მეუფემ აღნიშნა, ჩვენც არა უბრალოდ კეთილი საქმეები უნდა ვაკეთოთ, არამედ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ მოყვასში კეთილი საქმეები და დიდი სიყვარული უნდა დავთესოთ, რომ ისინი ვალდებულად თვლიდნენ თავს, გაჭირვების ჟამს გვერდში დაგვიდგნენ, არათუ ფიქრობდნენ დაგვეხმარონ თუ არა.

„დღევანდელ სახარებაში როგორც ყოველთვის, გამორჩეულია ისეთი ეპიზოდი, რომელიც უმთავრეს სულიერ კითხვებზე იძლევა პასუხებს, თუ რა არის ის პირობები, რომლის შედეგადაც უფალი გვისრულებს ჩვენ ჩვენს თხოვნებს, როდესაც ვთხოვთ ჩვენი მოყვასის შესახებ და საერთოდ როდესაც ჩვენ ვლოცულობთ. არის ასეთი ამბავი, რომ უფალი იესო ქადაგებს ერთ სახლში, მასთან როგორც ყოველთვის მოჰყავთ მრავალი სნეული და მოიყვანეს ერთი პარალიზებული სნეული, რომელიც მოჰყავდა თავის ოთხ მეგობარს.

მარკოზის სახარებაში წერია, რომ სახურავიდან ჩამოიყვანეს ეს ადამიანი, გადახსნეს სახურავი და თოკებით ჩაიყვანეს თავის საწოლით. როდესაც უფალმა დაინახა მისი სარწმუნოება, უთხრა ასეთი სიტყვები - "შვილო ნუ გეშინია გეპატიება შენ შენი ცოდვები". ასეთი საოცარი სახარებაა, რომელიც ბევრ რამეზე გვაფიქრებს, ბევრი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ. პირველ რიგში ის, რომ შეიძლება და აუცილებელიც არის, რომ ვილოცოთ ჩვენი მოყვასებისთვის, ღმერთს ვთხოვოთ, მივართვათ ჩვენი თხოვნები, როდესაც ჩვენ ახლობლებს უჭირთ. ასევე აქ ჩანს დიდი სარწმუნოება ოთხი მეგობრის. რა თქმა უნდა, მარტო სარწმუნოება არ იყო ეს, ეს იყო დიდი სიყვარული. წარმოიდგინეთ, როგორ უყვარდათ ამ მეგობრებს თავიანთი მეგობარი, რომ ხელით წაიყვანეს და სახურავიდან ჩაიყვანეს უფალ იესო ქრისტესთან. როგორც ჩანს, ეს ადამიანი თვითონ იყო გამორჩეული თავისი თვისებებით, რომ ასეთი სიყვარული დაიმსახურა თავის მეგობრებში. აქაც გვაფიქრებს ეს მომენტი იმაზე, რომ სიყვარული აუცილებელია, რომ უფალმა წყალობა მოგვივლინოს ჩვენ. ჩვენც არა უბრალოდ კეთილი საქმეები უნდა ვაკეთოთ, არამედ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ მოყვასში კეთილი საქმეები და დიდი სიყვარული უნდა დავთესოთ, რომ ისინი ვალდებულად თვლიდნენ თავს, გაჭირვების ჟამს გვერდში დაგვიდგნენ, არათუ ფიქრობდნენ დაგვეხმარონ თუ არა, არამედ ვალდებულად თვლიდნენ თავს ჩვენი სიკეთის და სიყვარულის გამო. ჩვენც უნდა გვქონდეს ასეთივე სიყვარული ადამიანების მიმართ, რომ მათთვის ვილოცოთ. ბევრ რამეზე გვაფიქრებს დღეს ეს სახარება. რა თქმა უნდა, ისიც ჩანს აქ, რომ მარტო ამათი რწმენა და სიყვარული არ იყო მთავარი ამ სასწაულის მოხდენისას. მერე უფალი ეუბნება, აიღე შენი საწოლი და გაიარე. ეს ადამიანი იღებს საწოლს და იწყებს სიარულს, იკურნება მაშინათვე. მარტო ამათი სიყვარული და რწმენა არ იყო მთავარი, მაშ რა იყო ერთ-ერთი უმთავრესი პირობა? ეს იყო ამ ადამიანის სულიერი თვისება, მისი სინანული. ჩვენ ხშირად გვეკითხებიან როგორ უნდა ვთქვათ მართებულად აღსარება. აქ ჩანს, როგორია სწორი აღსარება. ამ ადამიანს მართალია ერთი სიტყვაც კი არ დაუძრავს, მაგრამ უფალმა დაინახა, რომ მის სულში როგორი ფერისცვალება მოხდა, როგორი სინანული იყო. ე.ი. მისი აღსარება იყო სწორი.

აღსარების მარტო გარეგნული თქმა არაფერს ნიშნავს. ექიმთან რომ მიდიხართ, მარტო დიაგნოზის დასმა, თუ მკურნალობა არ დაიწყე, არაფერს ნიშნავს, ასეა აქაც. თუ ამას არ ახლავს შინაგანი ცვლილება აზროვნების, გრძნობების, მთელი ჩვენი ცხოვრების მიმართულებისა, მაშინ ღვითისაგან განკურნება და ცოდვების მოტევება არასდროს არ ხდება. ეს სახარება გვაფიქრებს ასევე იმაზეც, რომ ამ ადამიანმა სნეულების შედეგადაც მიიღო სავარაუდოდ, ასეთი თვისება. უფალმა დაუშვა მასზე ეს სნეულება, რადგან ეუბნება, ცოდვები გეპატიებაო. აი, კიდევ ერთი დასკვნა, რომ სნეულებებიც ცოდვების გამოა ხშირად ჩვენზე მოწეული, როგორც გაკვეთილი, როგორც ერთგვარი მწარე წამალი, რომლიდანაც ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები და დავფიქრდეთ ბევრ რამეზე - ცხოვრების აზრზე, ჩვენს პირად ცხოვრებაზე, შეცდომებზე, რომ გამოვასწოროთ. ამისთვის არის ეს მოცემული და არა იმისთვის, რომ ადამიანი იტანჯებოდეს. საბოლოო ჯამში, დღევანდელი სახარება გვეუბნება, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება გამოვავლინოთ სიყვარული ერთმანეთისადმი, ეს არის ყველაზე დიდი რამ ამ ქვეყანაზე. რატომ? - იმიტომ, რომ ამით ჩვენ ვემსგავსებით უფალს“, - განაცხადა მეუფე შიომ.

პატრიარქის მოსაყდრემ საქართველოს ფიზიკის ეროვნული ნაკრები დალოცა, რომელიც ხვალ მნიშვნელოვან საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობს. ასევე, მეუფე შიომ დალოცა კუბლაშვილების გვარიც.