ავტორი:

"2 გოგო სხვა მანქანით იყო, ხმამაღლა კამათობდნენო..." - რას ყვებიან გოლთეთის მაცხოვრებლები თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტებზე

"2 გოგო სხვა მანქანით იყო, ხმამაღლა კამათობდნენო..." - რას ყვებიან გოლთეთის მაცხოვრებლები თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტებზე

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ambebi.ge-სთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. რა ხდებოდა და ვინ მოძრაობდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთში 18-19 ივლისს, ამაზე გოლთეთის მკვიდრი გვიყვება, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

- 18 ივლისს, შაბათს სოფელში ორი უცხო მანქანა იყო შემოსული. გოგონა, რომელიც შემდგომ გარდაცვლილი ნახეს, დაახლოებით, 12-ისკენ უნახავთ. მერე გამოჩნდა მეორე მანქანა. ის ნაცრისფერი "ჰიუნდაი" იყო, თუ სხვა მანქანა, მეზობლები ვერ აკონკრეტებენ. ერთ ჩვენი თანასოფლელის თქმით, დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის გზაზე გამოსულმა დაინახა მანქანა, რომელშიც გოგონები ისხდნენ.

ეს კაცი ვერ იხსენებს, მათ სახეს, ვერ აღიდგინა, თამუნა იყო თუ არა მათ შორის, მაგრამ ამბობს იმას, რომ ასაკით საკმაოდ პატარები იყვნენ, ნელა მოძრაობდნენ და მანქანაში ხმამაღლა კამათობდნენო. იმასაც არ გამორიცხავს, სამნი ყოფილიყვნენ (ხმების მიხედვით), ამბობს, შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს უკან კიდევ იჯდა მესამეო... პატრულს როცა მოუყვნენ, უთქვამთ, - ეგ ბაჩალიაშვილის მანქანა არ ყოფილა, სხვები იყვნენ შემოსულიო. ის გოგონაც მათთან ერთად იჯდა თუ არა, არავინ იცის.

- ამბობენ, კვირა დღეს ახლობლებისა და პოლიციელების ამოსვლამდე, ორი ახალგაზრდა მამაკაციც შემოვიდა გოლთეთში, რომლებმაც თამუნა იკითხეს...

- ის ორი ახალგაზრდა მამაკაცი 19-ში, ანუ კვირას შემოვიდა სოფელში. ისინი წითელი მანქანით იყვნენ. პირადად მე არ მინახავს, თუმცა სხვების მონაყოლით ვიცი, რომ უთქვამთ, თამუნას ვეძებთ, თანამშრომლები ვართ, დაგვეხმარეთო, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, თუ - გოგონასიო. მათ შემდეგ ამოსულან თამუნას მშობლები და ძმა. კიდევ იყო ორი კაცი ამოსული და ერთ-ერთს უთქვამს, კახა ვარო და სოფელში ტელეფონის ნომერიც დაუტოვია, დაუბარებია - თუ რამე გაიგოთ, გაგვაგებინეთო. პოლიცია მართლაც ყველა კუთხე-კუნჭულში ეძებდა გოგონას მანქანებით, ფეხით, დრონებით...

იმ უბანში ტრიალებდნენ, სადაც ეკლესია და სასაფლაოა. შესაძლოა, ეჭვი გაუჩნდათ, მონასტერში ხომ არ წავიდაო, არ ვიცი...

- როგორც გაირკვა, გოლთეთს სოფლიდან კიდევ ორი გასასვლელი აქვს. თქვენი აზრით, საიდან უნდა გასულიყო გოგონა ასე შეუმჩნევლად, რას ამბობენ სოფელში?

- სოფლიდან სულ სამი გზა გადის - ერთი სამანქანო გზა გაფუჭებულია, გაუქმებული და შანსი არაა იქიდან გადასულიყო, ხრამში გადავარდებოდა. მეორე გზა ფარცხისს უკავშირდება და იქ არის სათვალთვალო კამერა, რომელზეც მისი ავტომანქანა არაა დაფიქსირებული. გამოდის, გოგონა რომელი გზითაც შემოვიდა, იმავე გზით გავიდა სოფლიდან და კამერამ იმიტომ არ დააფიქსირა, რომ ის ხაიშთანაა, ანუ გოლთეთიდან მოშორებით. გოგონა უკან, ხაიშისკენ რომ დაბრუნებულიყო, კამერა ისევ დააფიქსირებდა, მან სხვაგან გადაუხვია. იმ ადგილას, სადაც მანქანა იპოვეს, თხილნარია. ასფალტიდან გადადიხარ მინდორში. ნაწვიმარი იყო და პატარა მანქანით რამდენად შეძლებ გზიდან იქ გადახვევას, არ ვიცი, შეიძლება ვერც გადახვიდე.

- ითქვა ისიც, რომ იმ ადგილებში დაახლოებით 5-6 დღე მწყემსები არ ყოფილან...

- მწყემსებს რაც ეხებათ, ორშაბათს, დილის საათებში, ჩვენი თანასოფლელი თეთრიწყაროსკენ მიდიოდა, რომელიც ამბობს, რომ არმისულმა იმ ადგილამდე, დაინახა თხელი აღნაგობის, შავგვრემანი მწყემსი, რომელიც სქონელს მიერეკებოდა. იგი ასახელებს დაახლოებით იმ ტერიტორიას, სადაც ოთხშაბათს მანქანა და გარდაცვლილი იპოვეს. სოფელშიც იმას ამბობენ, რომ მანქანა მერეა მიყვანილი, აღმოჩენის წინა ღამით, დაახლოებით მაშინ, როცა ბაჩალიაშვილის ნათესავებმა აქცია მოაწყვეს და გზა გადაკეტეს. ხალხში არის მოსაზრება, რომ იმ პერიოდში მიიყვანეს მანქანა. ეს მხოლოდ ვერსია და ვარაუდია, მე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით...

ambebi.ge დეტალებში გასარკვევად თამუნა ბაჩალიაშვილის ბიძას, კობა თამაზაშვილს გაესაუბრა:

- კვირა დღეს გოლთეთში ავედით მე და ჩემი დეიდაშვილი კახა, მაგრამ ჩვენამდე, როგორც იმ სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, წითელი მანქანით ორი ახალგაზრდა მამაკაცი ასულა. ტელეფონის ნომერი გოლგეთელებს ჩვენ დავუტოვეთ. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით და, არ ვიცი, ისინი ვინ იყვნენ და რა ინტერესი ჰქონდათ.

- თქვენი საახლობლოდან წითელი მანქანით სოფელში არავინ ასულა?

- ჩვენი საახლობლოდან წითელი მანქანით არავინ ყოფილა. გოლთეთში ორი დღის განმავლობაში რამდენიმე მანქანით ავედით. შაბათ ღამესაც ორი მანქანით წავედით და კვირასაც, ანუ სულ 4 მანქანით და ორივე დღეს სხვადასხვა მანქანებით, თუმცა წითელი არც ერთი ყოფილა. შაბათ დღეს გოლთეთში მოსახლეობის გამოკითხვა არ ჩაგვიტარებია იმიტომ, რომ საკმაოდ გვიანი იყო. ყოველგვარი კონტაქტის გარეშე გავატარეთ ღამე ხაიშის საჯარო სკოლასთან, იქ, სადაც "ჭკვიანი" კამერებია. ჩვენ ფაქტობრივად, არც ვიცოდით, როგორ, სად და რა გზებით უნდა გვეძებნა თამარი.

- იდუმალ "ორ გოგონაზე" რას იტყვით, რა ინფორმაცია გაქვთ?

- თამუნას მაგ სოფელში შესვლის დღეს ყოფილან ის გოგონებიც. იყო ორი ვერსია, რომ თამუნა მარტო იყო თავისი მანქანით, ორი გოგო კი - სხვა მანქანით. მეორე ვერსიით, თამუნა მარტო არ ყოფილა. ჯერ ზუსტად არაფერი ვიცით. გამოძიების მასალებთან ჯერ არ გვაქვს შეხება და ალბათ იქ იქნება ყველაფერი დაწვრილებით. გადმოცემით ის ვიცით, რომ თამუნა სოფელში არავის დაკონტაქტებია და თითქოს ვიღაცას, ან რაღაცას ეძებდა. ამჟამად ხელჩასაჭიდი არაფერია, ადვოკატთან შედგება აუდიენცია, რომელმაც გამოითხოვა მასალები, მას ჩვენთვის ჯერჯერობით არაფერი უცნობებია...

"არის ვარაუდი და ეჭვი, რომ შეხვედრა საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე ჰქონდა" - თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი

"ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ ბუსა ეჭვიანობდა და შერიგება უნდოდა“ - რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი?

"თამუნამ საფრანგეთში დარჩენაზე უარი, ვფიქრობ, რაღაც შიშის გამო თქვა" - რას აცხადებს გარდაცვლილი პროგრამისტის დედა?