რატომ ვერ შექმნა ოჯახი ნინო ვარდოსანიძემ

რატომ ვერ შექმნა ოჯახი ნინო ვარდოსანიძემ

საინფორმაციო გადაცემების წამყვანები განსაკუთრებით ახალი ამბების მოყვარულებს უყვართ. პიჯაკებში გამოწყობილი მკაცრსახეებიანი ჟურნალისტები რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ მხიარულები არიან. ორი წელია, რაც ნინო ვარდოსანიძე სიახლეებს "ქრონიკიდან" გვიყვება, მაგრამ მანამდე იყო რთული ჟურნალისტური გზა. ცხოვრებამ მებრძოლი და ცოტა ამბიციურიც გახადა, სხვანაირად თავის გატანა უკვე წარმოუდგენლად მიაჩნია.

- ნინო, გავიგე ტელევიზიაში მუშაობამდე პრესაში მოღვაწეობდი...

- როდესაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაშინ აუცილებელი მოთხოვნა იყო, სტატიები გაზეთებში გამოგვექვეყნებინა. ჯერ პრაქტიკებზე ვიყავი ერთ გაზეთში, მერე მეორეში და ამის შემდეგ, უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, პრესაში გავაგრძელე მუშაობა.

- მაშინ რა თემებს აშუქებდი?

- ყველაფერს, სპორტით დაწყებული, პოლიტიკით დამთავრებული. კულტურასა და სოციალურ თემებზეც ვწერდი. ბედი საგამომძიებლო ჟურნალისტიკაშიც ვცადე. რამდენიმე სერიოზულ თემას შევეხე.

- პირველი რესპონდენტი გახსოვს?

- რა თქმა უნდა, პირველი ინტერვიუ ირაკლი ბათიაშვილთან ჩავწერე, თვითონ ალბათ არც ახსოვს. მაშინ პატარა ვიყავი და საოცარი განცდა მქონდა. ინტერვიუზე მეგობართან ერთად მივედი. ძალიან გახარებული ვიყავი. ეს იყო ჩემი პირველი პროფესიული ნაბიჯი. შემდეგ იყო ვახტანგ რჩეულიშვილი და უამრავი ცნობილი ადამიანი. ერთადერთი, მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე არ ჩამიწერია.

- შემდეგ იყო ტელეკომპანია "მზე"...

- მე რომ მუშაობა დავიწყე, მაშინ ეს ტელევიზია ახალი გახსნილი იყო. იმის შემდეგ სულ "მზე"-ში ვიყავი. ვერ წარმომედგინა სხვაგან მუშაობა.

- ხშირად ამბობენ, რომ ტელევიზიაში "პატრონის" გარეშე ვერ მოხვდები. შენ შემთხვევაში გაგიმართლა?

- მეც მასე ვფიქრობდი. არადა, ჩემს მშობლებს ამ სფეროსთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ. მახსოვს, ქუჩაში "მზის" სარეკლამო ბილბორდები გამოჩნდა. მამამ მითხრა, მგონი კარგი ტელევიზია იქნება და ბედი ხომ არ გეცადაო. თავიდან ვიუარე, მაგრამ ერთ დღეს ავდექი, ჩემი "სივი" მივიტანე და დაცვას დავუტოვე. ერთი თვის შემდეგ დამირეკეს... თავიდან რეპორტიორად ვმუშაობდი, დღეში ზოგჯერ რვა გადაღება მქონდა. დილიდან საღამომდე დავრბოდი. ტელევიზიაში მუშაობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ამიტომ მთლიანად ამ საქმით ვცხოვრობდი.

- ალბათ პოპულარობაც გინდოდა...

- ამბიციური ადამიანი არ ვარ. ბოლო პერიოდში უფრო გამომიმუშავდა მცირე ამბიცია, რაც აუცილებელია ცხოვრებაში თავის გასატანად.

- გულნატკენი ჩანხარ. ხშირად დაგჭირვებია საკუთარი უფლებების დაცვა?

- კი, მქონია ისეთი შემთხვევები, როცა აუცილებელი გახდა, ჩემი უფლებები თავად დამეცვა. ცხოვრებამ მასწავლა და ნელ-ნელა მივხვდი, რომ როდესაც ადამიანს კარგს გაუკეთებ, მისგანაც ყოველთვის კარგს ვერ მიიღებ. ახლა მეტი გამოცდილება შევიძინე. ამბიცია, საჭიროა, ოღონდ არ უნდა აჭარბებდეს შენს შესაძლებლობებს.

- ტელევიზიას დავუბრუნდეთ. პირველი სიუჟეტიც გემახსოვრება...

- კი, რა თქმა უნდა. ეს იყო თბილისის ქუჩებში ვანო ზოდელავას ორშაბათის შემოვლა (იცინის). ყველაფერი მახსოვს, ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი გამოცდილი ჟურნალისტების აზრს. მიხაროდა, როცა მეუბნებოდნენ, ნინო, დღეს კარგი სიუჟეტი გქონდა ან კარგი ჩართვა გამოგივიდაო.

- ადრე საინფორმაციო შენ და ლაშა ხარაზიშვილს მიგყავდათ, არ გაგიჭირდა მარტო დარჩენა?

- დიახ, ჩემი და ლაშას სამსახურებრივი ოჯახიც დაანგრიეს (იცინის). ეთერში პირველად მარტო დავჯექი, ასე რომ, ძალინ დიდი დისკომფორტი არ მქონია, მაგრამ მე და ლაშა შეწყობილი ვმუშაობდით და, რა თქმა უნდა, გული დაგვწყდა. ლაშა ახლაც ამბობს, აღადგინეთ რა ჩვენი წყვილიო.

- შენი პოპულარობა ალბათ "იმედში" გადასვლის შემდეგ გაიზარდა.

- დიახ, როდესაც ეთერში დავჯექი, "მზეს" უკვე აღარ ჰქონდა დიდი რეიტინგი. ძალიან კარგი გუნდი მუშაობდა, თუმცა ჩვენი ნამუშევარი იმდენად რეიტინგული აღარ იყო. მახსოვს, მე და ლიკა ბერაია ზაფხულში ერთად ვისვენებდით. ქუჩაში სეირნობისას, ძალიან ბევრ უცხოელს გავუჩერებივარ და უკითხავს, ეს გოგო შენთან ერთად რომ არის როგორ მეცნობა, "იმედში" ხომ არ მუშაობსო. მაშინ მე "მზეში" ვმუშაობდი. ვეუბნებოდი, რა არის, ლიკა, მე ეთერში ვზივარ და არ მცნობენ, შენ კი გცნობენ-მეთქი. ამაზე სულ ვხუმრობდით. რაც აქ გადმოვედი, ვგრძნობ, რომ პოპულარობა გაიზარდა.

- გაიზარდა პრესის ინტერესიც...

- სხვათა შორის, პირველი ინტერვიუ "რეიტინგს" მივეცი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი, მომეწონა. ამ ბოლო დროს ძალიან გაბრაზებული ვარ ზოგიერთ ჟურნალსა და გაზეთზე.

- სკანდალებით არ გამოირჩევი და შენი გაბრაზება როგორ მოახერხეს?

- ერთ-ერთ გაზეთში ჩემთან ინტერვიუ იმდენად ცუდად იყო დაწერილი, რომ ძალიან შემრცხვა. გარკვეული პერიოდი ამის გამო ინტერვიუზე უარს ვამბობდი. აი, ახლა თქვენთან განვაახლე ურთიერთობა (იცინის).

- ბოლო რამდენიმე წელია საინფორმაციო გადაცემებიდან მხოლოდ ცუდი ამბები გვესმის. არ გღლის ამდენი პოლიტიკა?

- არა, მაინტერესებს. რომ არ მაინტერესებდეს, აქ არც ვიმუშავებდი. იმდენი რაღაც მაქვს გადატანილი და გამოვლილი, რომ რაღაცისთვის მიმეღწია, ეს არაფერია იმასთან შედარებით.

- ალბათ პოლიტიკურ პროგნოზებსაც აკეთებ?

- როდესაც რთული სიტუაციაა ქვეყანაში, მეზობლები, ახლობელები მეკითხებიან, ნინო, აბა, რა მოხდება გვითხარი, ეს წავა, ის წამოვა? ოპოზიცია რას იზამს? მეც მაქვს ჩემი მოსაზრებები, რომლებიც ხშირად მართლდება ხოლმე.

- მეზობლები და ახლობლები ახსენე, მუშაობის დაწყებაში დახმარებას არ გთხოვენ?

- ძალიან ბევრს უთქვამს, ჩემი შვილი ან ახლობელი ნიჭიერია და ტელევიზიაში მიიყვანეო. რატომღაც ბევრს "იმედი"-ს დირექტორი ვგონივარ. თუმცა არ არის ასე, უფროსები მყავს და მე არავის უფროსი არ ვარ. საერთოდ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ტელევიზიაში შენი სახელით ვინმე მიიყვანო. მაშინ დარწმუნებული უნდა იყო, რომ გაამართლებს. ამის გამო ბევრისთვის კულტურულად მითქვამს უარი.

- ამბობენ, რომ ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების აწყობა უჭირთ...

- "მზე"-ში მუშაობის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარდა ეს ტელევიზია და ჩემი ოჯახი იყო, საკუთარი ოჯახი ვერ შევქმენი. ძალიან დაკავებული ვიყავი. როდესაც თაყვანისმცემელი მირეკავდა, ვეუბნებოდი, ბოდიში, ტექსტებს ვწერ-მეთქი და ტელეფონს ვუთიშავდი. ძალიან მარტივი და ზერელე ურთიერთობები მქონდა. მათ ახლოს გაცნობასაც ვერ ვახერხებდი. ახლა ასე აღარ არის, ამდენი შრომა დამიფასდა და ნორმალურად და ადამიანურად ვმუშაობ.

- თუმცა შეყვარებული მაინც არ ხარ...

- (იცინის) არა, ჯერ არ ვარ, თუმცა ძალიან მინდა, რომ ვიყო. სიყვარული ხომ ყველაზე კარგი გრძნობაა ამქვეყნად.

- ჭორების მსხვერპლი ხშირად გამხდარხარ?

- არა, ჩემზე სულ სამი-ოთხი ჭორი გამიგია, ოღონდ ყველა აბსურდული.

- ჟურნალისტებზე ყველაზე მოდური ჭორი პოლიტიკოსთან დაწყვილებაა...

- კი, მეც დამაწყვილეს, მაგრამ იმ პიროვნების სახელს ვერ გაგიმხელთ. კარგად ვიცნობ. ჩემი ახლობლის მეგობარია და უკვე აღარც გაეცინება. ერთხელ ვიღაც დეპუტატთანაც დამაწყვილეს, თუმცა მისი სახელი და გვარი ვერ თქვეს, რადგან არ არსებობდა. ხშირად ამბობენ, რომ გავთხოვდი.

- მოკლედ, სრულიად საქართველოს შენი გაბედნიერება ნდომებია...

- (იცინის) აუცილებლად შევქმნი ოჯახს და ვეცდები, ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს.

- შვებულებაში როდის გადიხარ?

- ეს სტატია რომ დაიბეჭდება, უკვე აღარ ვიქნები საქართველოში. დასა და მეგობრებთან ერთად დასასვენებლად ზღვაზე მივდივარ. შემდეგ ბათუმსა და კვარიათშიც ჩავალ. კარგად გავერთობით.

- გიყვარს მოგზაურობა?

- რა თქმა უნდა. ბევრ ქვეყნაში ვყოფილვარ, უმეტესობა მივლინებები იყო. განსაკუთრებით ესპანეთი მომეწონა, თავისი მუზეუმებითა და გაუდის არქიტექტურით. მე და ჩემი და გახლდით და ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით ჩამოვედით. სალვადორ დალის მუზეუმში ერთი დღე არ გვეყო. ყველაზე შინაურულად თავი ამ ქვეყანაში ვიგრძენი. ყველა ქართველი მეგონა. ხმამაღლა ვლაპარაკობდით, ვინმე ქართველი თუ არის, გამოგვეხმაურებაო.

- უცხო ქვეყანაში ჩასული, იქაური საინფორმაციო გადაცემების წამყვანებით თუ ინტერესდები?

- კი, სასტუმროში ტელევიზორს ყოველთვის ვრთავ და ხშირად ძალიან ბევრს ვიცინი. აქ რა არხებსაც არ ვუყურებ, იქ ვუყურებ. ბევრ რაღაცაზე მეცინება, მაგალითად, საინფორმაციოს წამყვანს დიდი საყურე რომ უკეთია. ძალიან მომწონს იტალიური ტელევიზიები. იქ წამყვანების გარეგნობას დიდ ყურადღებას აქცევენ. შემდეგ ყველა ამბობს, იტალიელებს რა ლამაზი ქალები ჰყავთო, ამ დროს მასა არ არის ასეთი ლამაზი.

- ინტერვიუს დასრულებას დასვენებით ვაპირებდი, თუმცა ისევ ტელევიზიამდე მივედით. საავტორო გადაცემის გაკეთებაზე არ გიფიქრია?

- მიფიქრია და ახლაც ვფიქრობ, მაგრამ ეს არ იქნება პოლიტიკური გადაცემა ან თოქშოუ ბევრი სტუმრით. რაღაც მონახაზი მაქვს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ საინფორმაციოში თავი ჯერ არ ამომიწურავს.

- წარმატებებს გისურვებ.

- დიდი მადლობა.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები