"უკონფლიქტო ადამიანი ვარ, მაგრამ თუ გადამეკეტა, მტრისას!"

"უკონფლიქტო ადამიანი ვარ, მაგრამ თუ გადამეკეტა, მტრისას!"

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ყოველთვის გამოირჩეოდა გულახდილობითა და სითამამით. ლალი საოცრად ენერგიულია - კვირაში ორ დღეს ახალციხეში ჩადის და იქაური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობს. ლექციებს კითხულობს თბილისშიც, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტსა და მასმედიისა და კომუნიკაციის ინსტიტუტშიც.

- მთელი ზაფხული თბილისში გავატარე. წელიწადის ეს დრო ჩემთვის კატასტროფულია. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ცუდი ზაფხულში მოხდა. ახლაც, ჩემს 5 წლის ძმისშვილს მდუღარე გადაესხა და 2 დღის წინ გამოწერეს დამწვრობის ცენტრიდან. როგორც კი ზაფხული დადგება, პანიკაში ვვარდები, სულ მგონია, რამე ცუდი დამემართება...

- ზაფხულს ყოველთვის თბილისში ატარებთ?

- დაგეგმვა არაფრისა მიყვარს, მით უმეტეს, ზაფხულში. მაგალითად, შარშან უცებ დამარტყა თავში, ბავშვები მანქანაში ჩავსვი და თურქეთში წავედით. პოპულარობა ტვირთია, განსაკუთრებით - ისეთ პროვინციულ ქალაქებში, როგორებიც ბათუმი და ქობულეთია. ძალიან მაღიზიანებს ჩემკენ გამოშვერილი საჩვენებელი თითი და გადასაღებად მომართული ტელეფონი. არ მინდა, ჩემი ნახევრად შიშველი ფოტოები ინტერნეტში "იუთუბსა" და "მაივიდეოზე" ვიხილო. არ გეგონოთ, ამას იმიტომ გავურბი, რომ ცელულიტი ან რაიმე დეფექტი მაქვს,  უბრალოდ,  დაუკითხავად გადაღებული სურათები ჩემზეც და ჩემს უმცროს ვაჟზეც საშინლად მოქმედებს.

- აღნიშნეთ, ბათუმი პროვინციული ქალაქიაო. განახლებული ბათუმი არ მოგწონთ?

- მომწონს, მაგრამ დასასვენებლად არამც და არამც! პლაჟი სათანადოდ არ არის მოწყობილი, სკუტერებმა კი იმდენი ხალხი ამოჟუჟეს, რომ... გარდა ამისა, იქ ისვენებს აღვირახსნილი საზოგადოება, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ ისწავლა ქცევის წესები.

- რას გულისხმობთ?

- უამრავი მთვრალია და დასვენებაში გიშლიან ხელს. ასე რომ, მირჩევნია ბათუმში ზამთარში დავისვენო, დამსვენებლების გარეშე... რამდენჯერაც ჩავედი, იმდენჯერ ჩამშხამდა. გამუდმებით მოდიან ჩემთან მთვრალები და ხან ცეკვას მთხოვენ, ხანაც უაზროდ მიტეხენ დებოშს. არ ვამბობ, რომ მზეთუნახავი ვარ, მაგრამ რა ვქნა, არ მსიამოვნებს უცხო მამაკაცთან ცეკვა.

მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე ინტიმური ფაზა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში, საიდანაც სერიოზულ ურთიერთობამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება, ამიტომ მხოლოდ ახლობელ მამაკაცს თუ ვეცეკვები. რაც მთავარია, რესტორანში მამაკაცებს დამხეცებული აქვთ ჩემი ტელეფონის ნომრის ბლუთუზით პოვნა და ატყდება ხოლმე ეს-ემ-ესები და უაზრო რეკვა... საერთოდ, უკონფლიქტო ადამიანი ვარ, მაგრამ თუ გადამეკეტა, მტრისას...

- გადაგკეტვიათ?

- ერთხელ ვიღაც მთვრალმა მამაკაცმა ისე გადამიყვანა ჭკუიდან, რომ ბოთლი მაგიდაზე გადავტეხე და მუცელში გავუყარე. როდესაც ხვეწნა-მუდარა აღარ ჭრის, უმართავი ვხდები.

- ის მამაკაცი გადარჩა?

- გადარჩა. არ უჩივლია, თორემ შესაძლოა, ციხეშიც ამომეყო თავი. დღესაც პოლიციის განყოფილებაში ვიყავი - ერთი ტიპი ჩემი ძმის ოჯახს აშანტაჟებს. არადა, ჩემი ძმა კეთილშობილი ადამიანია. ის კი ერთი ნარკომანია, რომელსაც ჰგონია, რაკი ჩემი ძმა ასეთი მშვიდი და წყნარია, "გასაჩხერ" ფულს იოლად გამოსძალავს. ამიტომ მივედი პოლიციის უფროსთან და ვუთხარი, ეს საქმე მოაგვარეთ, თორემ რაღაცას დავმართებ და ვიღაც არამზადის გამო ციხეში ჩაჯდომა ნამდვილად არ მსურს-მეთქი.

- იმ კაცს იცნობთ?

- დიახ, განცხადებაც დავწერე და ამ საქმეს სამართლებლივი მსვლელობა მივეცი. ასეთ მოქმედებას ადრე სხვა რამ ერქვა, მაგრამ რა ვქნა? სხვანაირად ჩემს თავს და ოჯახს ვერ ვიცავ. ასე რომ, ვიღაც ნარკომანს საშუალებას არ მივცემ, ცხოვრება ამირიოს. ზუსტად ვიცი, დღეს თუ არა ხვალ ამ ტიპს აიყვანენ. მართალია, ციხისთვის ყველა მეცოდება, მაგრამ...

- პოპულარული რომ არ იყოთ, მაინც ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებოდათ?

- რა თქმა უნდა. უფრო მეტიც კი. ბევრ მამაკაცს ჩემი პოპულარობა აბრკოლებს. ბევრ კარგ მამაკაცზე მსმენია, რომ მოვწონვარ, მაგრამ ახლოს მოსვლას ვერ ბედავს. ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ: ნეტავ ასეთი ნორმალური ტიპები გამოხატავდნენ თავიანთ გრძნობას. საერთოდ, სნობიზმისგან შორს ვარ და არ მინდა, გვერდით პოპულარული მამაკაცი მყავდეს.

ჩემი უბედურება სწორედ ის არის, რომ ჩემამდე მხოლოდ ის მამაკაცები აღწევენ, ვისთანაც საერთო არასოდეს მექნება. ბოლოს და ბოლოს, შუბლზე ხომ არ დავიწერ, ნორმალური მამაკაცებისთვის, გაბედეთ და მოდით-მეთქი? მართლა ასეთ მამაკაცებთან მირჩევნია ურთიერთობა, ვიდრე თუნდაც შოუბიზნესის რომელიმე წარმომადგენელთან. შოუბიზნესის წარმომადგენელ მამაკაცებს კი არა, ქალებსაც ვერ ვიტან.

ყველა სნობიზმით არის შეპყრობილი. ვოცნებობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც საბოლოოდ დავახურავ ქუდს ჩემს ცხოვრებას, ანუ გვერდით სტაბილურად მეყოლება მამაკაცი, პრესკონფერენცია მოვიწვიო და განვაცხადო, ამიერიდან ინტერვიუს აღარ ვიძლევი-მეთქი. შევძვრები ერთ ლამაზ ხის სახლში, გავეხვევი პლედში და ნორმალური ადამიანის ცხოვრებით ვიცხოვრებ.

- თქვენ ეს ერთხელ უკვე გააკეთეთ, როდესაც მოკრივე გიორგი კანდელაკთან ერთად სოფელ ვარიანში გადახვედით საცხოვრებლად...

- ამ ნაბიჯს არ ვნანობ. მეტიც - მიმაჩნია, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო. მინდა,  კიდევ ერთხელ ჩავიდინო ანალოგიური რამ, მოვშორდე ამ სიბინძურეს. თბილისში ყველაფერი მოგონილი, დადგმული და ყალბია, მე კი ამას ვერ ვეგუები. ჩემთვის, მშვიდად მსურს ცხოვრება. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც გავაცნობიერე, რომ ჩემი გარეგნობა საქართველოსთვის გამორჩეულია, რომ ვიღაცაზე უკეთესი ტან-ფეხი მაქვს და მივხვდი, რომ სხვაზე გაცილებით მეტი უნდა ვიცოდე, ჩემში მხოლოდ ლამაზი ფეხები რომ არ დაინახონ.

ამას მივაღწიე. ძლიერი ქალი ვარ და ჩემი უფლებების დასაცავად ყველაფერს ვაკეთებ. ერთ ამბავს გიამბობთ: ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან სერიოზულ საკითხზე სასაუბროდ შევედი, ის კი გასაუპატიურებლად მეცა. ვუთხარი, ცხოვრებას გაგინადგურებ, პოსტსაც დაგაკარგვინებ და ოჯახსაც-მეთქი. სააკაშვილსაც კი შევხვდი და ყველაფერი ვუამბე. სააკაშვილმა ის კაცი თანამდებობიდან მოხსნა... 40 წლის ვარ, მაქვს საინტერესო წარსული და ხელწამოსაკრავი არავის ვეგონო!

- ის მამაკაცი აღარ შეგხვედრიათ?

- ამას წინათ შემთხვევით შემხვდა ქუჩაში და რომ დამინახა, სიმწრის ოფლმა დაასხა.

- ქალბატონო ლალი, სამი ოჯახი დაგენგრათ... მიზეზი საკუთარ თავში არ გიძებნიათ?

- არაორდინარული პიროვნება ვარ. ჯერ ტელევიზიაში ვმუშაობდი, შემდეგ - კონფლიქტების მინისტრის მოადგილის პოსტზე და ყოველთვის აქტიურობით გამოვირჩეოდი. როდესაც მამაკაცი გამიცნობდა, მისთვის უკვე ე.წ. ბრენდი ვიყავი. მაგრამ ყველა მამაკაცი ჩემს გადაკეთებას და ახალ თარგზე გამოჭრას შეეცადა. არადა, ჩემგან შინ მჯდომი, დივანზე მოკოტრიალე ქალი არ გამოვა. ყველა ჩემი ფიასკო სწორედ ამის ბრალია.

- ახლა მარტო ხართ?

- დიახ.

- არ გიჭირთ?

- როგორ გითხრათ... ყველა ქალის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ცოტა ხნით მარტო დარჩენა და ფიქრია საჭირო. მეც სწორედ ამ სტადიაზე ვარ. ბევრი უნდა ვიფიქრო, რადგან აღარ მაქვს იმავე შეცდომების დაშვების უფლება, რაც 2-3 წლის წინ დავუშვი. თუმცაღა ჩემს განვლილ გზას შეცდომას ვერ დავარქმევ, ვგრძნობ, რომ სხვა ეტაპზე გადავდივარ. უკვე მჭირდება სოლიდური, ძლიერი მამაკაცი, რომელსაც ნაწილობრივ მაინც დავეყრდნობი და რომელიც ცოტა კომფორტს მაინც შემიქმნის.

- ყოფილ მეუღლეებთან და მეგობარ მამაკაცებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- სამწუხაროდ, ჩემი პირველი მეუღლე 3 წლის წინ გარდაიცვალა... ყველასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. ბევრი ქალი ამას ტყუილად ამბობს, რათა საკუთარ ცივილიზებულობას გაუსვას ხაზი, მე კი ნამდვილად ვმეგობრობ. იცი, რატომ? იმიტომ, რომ მე არც ერთი მათგანი არ მომიტყუებია. მწარე სიმართლე მითქვამს, მაგრამ ეს სიმართლე იყო, მორჩა და გათავდა. შესაძლოა, ეს ნორმალური არც იყოს, რადგან დღეს ბევრი ქალი კბილებით ცდილობს ოჯახის შენარჩუნებას, მაგრამ მე ასეთი რამ არ შემიძლია.

ჩემ გარშემო უამრავი ცოლ-ქმარი ვიცი, ვითომ ყველაფერი აწყობილი რომ აქვს და ამ დროს ჩუმად სხვაგან დაძვრებიან. მე ჩუმად ძვრომას ჩემს თავს ვერ ვაკადრებ, რადგან ტყუილში ცხოვრება არ შემიძლია. ოდითგან ასე ვიყავი. სკოლაში "შპარგალკაც" კი არ მიხმარია. რაც მთავარია, მეუღლეებს ისე გავშორდი, რომ არც ერთისთვის ბინის გაყოფა და ალიმენტი არ მომითხოვია. ჩემთვის მთავარია, ბავშვებისთვის იყვნენ კარგი მამები. მიმაჩნია, რომ ოჯახის დანგრევის შემდეგ მხოლოდ მდაბიო ქალები იწყებენ ქონების გაყოფას. თუ გაქვს რამის თავი, შენი შექმენი.

- გიორგი კანდელაკთანაც მეგობრობთ?

- რა თქმა უნდა. თუ რამე დამჭირდა, ვიცი, რომ ჩემ გამო ქვას გახეთქავს და მეც ასევე მოვიქცევი მისთვის.

- გიორგის მეუღლე თქვენზე ხომ არ ეჭვიანობს?

- თქვენ წარმოიდგინეთ, ეჭვიანობს. მისგან ყოველთვის ვგრძნობ პატარ-პატარა პწკენებს. ეს სასაცილოდ მეჩვენება. როდესაც მამაკაცს არ უნდიხარ, არ უნდა თქვა: "ოჯახი დამინგრიეს". ამ შემთხვევაში მესამე პირი არაფერ შუაშია, ოჯახს ან ცოლი ანგრევს, ან ქმარი და სხვას ნურავის დააბრალებენ. მე რომ არ ვყოფილიყავი გიორგის ცხოვრებაში, სხვა იქნებოდა.

- ტელეგადაცემა "სიმართლის დროში" საკმაოდ უხერხული კითხვები დაგისვეს. თქვენი შვილები ამას როგორ შეხვდნენ?

- ეთერში გადაცემის გასვლამდე, ყოველი ანონსის შემდეგ, ჩემი უმცროსი ვაჟი მეკითხებოდა, სამსახურში სექსი თუ გქონდაო? იცით, რატომ მივედი ამ გადაცემაში? იმიტომ, რომ დარწმუნებული ვიყავი, ისეთ კითხვაზე არ ჩავიჭრებოდი, რომელიც ჩემი შვილებისთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა. ვიცოდი, როდესაც მეორე დღეს ჩემი შვილი სკოლაში მივიდოდა, არავინ ეტყოდა, დედაშენი სამსახურში სექსით არის დაკავებული ან დედაშენმა მამაშენს უღალატაო.

რაც შეეხება ამ გადაცემაში დასმულ კითხვას: "გაგითამაშებია თუ არა ორგაზმი?"

ყველა ნორმალურმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ეს ფიზიოლოგიური მომენტია, რომელიც ყველა ქალის ცხოვრებაში ყოფილა. ეს იგივეა, რაც უგუნებოდ იყო და ოჯახის წევრებს მაინც გაუღიმო. სიგიჟე იქნება თქვა, რომ ყოველი სექსის შემდეგ კმაყოფილი ხარ. ორგაზმი რომ ვერ განიცადო და მამაკაცს ეს არ დაანახვო, ეს სიცრუედ არ მიმაჩნია. პირიქით, სწორედ ასე უნდა მოიქცე და არა - თავში ჩაარტყა - ფუ, დღეს რა საშინელება იყავიო.

- კიდევ აპირებთ წიგნის დაწერას?

- დიახ, მინდა დავწერო წიგნი "ერთი ღამის კაცი". ხომ არსებობს ასეთი ფენომენი - ერთი ღამის ქალი? როდესაც ქალი ერთი ღამისთვის სასტუმროში მიჰყავთ.  შესაძლოა, ვიღაც-ვიღაცები იმ ქალისთვის თვითონვე აღმოჩნდეს ერთი ღამის კაცი. ქართველ მამაკაცებს დიდი წარმოდგენა აქვთ თავიანთ თავზე, ისინი ქალებისგან ყოველთვის ფორმაში ყოფნას მოითხოვენ, თვითონ კი ღიპი გადმოუგდიათ და გაიძახიან, მერე რა, ჩვენ კაცები ვართო. ჩემთვის კი დიდი შეურაცხყოფაა ღიპიანი მამაკაცის გვერდით ყოფნა.

- თქვენი პირველი წიგნის გამოსვლის შემდეგ ჩემპიონი და პრეზიდენტი თუ შეგეხმიანნენ?

- ამ წიგნის დაწერის იდეა გიორგიმ მომაწოდა, სააკაშვილს კი არ დაურეკავს, თუმცა როდესაც გაეროში სიტყვით გამოვიდა, ჩემი წიგნიდან ორი წინადადება გამოიყენა. მიშა მაგარი "პიარშჩიკია". მწვავედ გავაკრიტიკე ჩემს წიგნში, მაგრამ არ შეიმჩნია... გარდა ამისა, კიდევ ვაპირებ ერთი წიგნის დაწერას ქართველ ქალებზე.

მართლა მაწუხებს ეს პრობლემა. ქართველი ქალები წურბელებს დაემსგავსნენ - ქმარი იმისთვის უნდათ, რომ ქურქი და მანქანა უყიდოს და ბევრი ფული შეიტანოს ოჯახში. არადა, წყვილების 85%-ს თვეების განმავლობაში სექსი არ ჰქონია. ქალებისთვის ცოლობა სამსახური გახდა და არა გრძნობა. ერთადერთი, ქმრის ბიუჯეტი აღელვებთ და ქმარს რამე რომ დასჭირდეს, ხელსაც არ გაანძრევენ. ბოლო ხანს ალფონსი მამაკაცები მომრავლდნენ, მაგრამ ალფონსები ქართველ ქალებში უფრო ბევრია.

არ მახსოვს, ახალი რომანი დამეწყოს და ქალებს ჩემთვის არ ეკითხოთ: "რა გაჩუქა?" არ მინდა, გაცნობიდან პირველსავე კვირას მამაკაცმა ჯიბეში ფული ჩამიჩურთოს - რა, მყიდულობს?! შესაძლოა, ქართველი ქალები გამინაწყენდნენ, მაგრამ რა ვქნა, ასეა. ისინი ცუდი ცოლები და საყვარლები არიან. ამიტომ იყვნენ ქართველი მამაკაცები ჯერ რუს ქალებზე ორიენტირებულნი, ახლა კი უკრაინელებზე გადავიდნენ.

ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც უდიდესი კომპანიის მფლობელია, მითხრა: იცი, ქართველი ქალი რა ჯდება? იმ ფასად, რაც მას უნდა დავახარჯო, ლონდონიდან სამს ჩამოვიყვან. 1-2 ქართველ ქალთან მქონდა საქმე და გამპარსეს. თან არაფერში ვარგანან, მოქცევის კულტურა არ აქვთ, ერთადერთი, რაც იციან, "მომეცი" და "მაჩუქეა". არც ლოგინამდე იციან, როგორ უნდა მოიქცნენ, არ ლოგინში და არც ლოგინიდან რომ ადგებიან, მერეო.

- პლასტიკური ოპერაცია თუ გაგიკეთებიათ?

- არა და სასტიკი წინააღმდეგი ვარ ასეთი რაღაცების. ჩემი აზრით, პლასტიკურ ოპერაციებს მხოლოდ სულელი ქალები იკეთებენ, მათთან კი არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი მამაკაცები ცხოვრობენ. ჩემი ყოველი ნაოჭი ჩემი ცხოვრების ნაწილია და რატომ უნდა გადავიჭიმო შუბლი, არ მესმის. პლასტიკური ოპერაციების კეთებას ურჩევნიათ, ივარჯიშონ, ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ, პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ და მამაკაცები ისეთებს მიიღებენ და ისეთები შეუყვარდებათ, როგორებიც არიან.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები