”ეს ზაფხული შრომასა და თავდადებას მივუძღვენი”

”ეს ზაფხული შრომასა და თავდადებას მივუძღვენი”

ივლისის დასაწყისში გადაცემა "თბილისი ლაივს" სახელწოდება შეეცვალა - "ბათუმი ლაივ" დაერქვა და მისი უცვლელი წამყვანი თიკო სადუნიშვილიც აჭარაში გაემგზავრა. სადაც რამე "გაჩხაკუნდება", თიკო თავისი მიკროფონით და ოპერატორით იქ ჩნდება. თიკოს ბათუმში შევხვდით და რამდენიმე დღე ერთად გავატარეთ.

თიკოს დევიზია: "საქმე, თან გართობა და დასვენება".

- თიკო, როგორ იწყება შენთვის დილა?

- ღამე, დაძინებამდე ვამბობ, - ხვალ დილით ავდგები და გასარუჯად პლაჟზე გავალ-მეთქი, მაგრამ ვერ ვიღვიძებ. მობილურ ტელეფონს არ ვთიშავ, მაგრამ თუ დილით ვინმემ დამირეკა, თვალდახუჭული, გაბრაზებული ვეუბნები - მძინავს. ცოტა აზრზე რომ მოვალ, კვარიათში მივდივარ საბანაოდ და გასარუჯად.

- კარგად ხარ გარუჯული. არაჩვეულებრივი ფიგურა გაქვს და საცურაო კოსტიუმში რატომ არ გვაღებინებ ფოტოს?

- მე რომ შორენა ბეგაშვილი ვიყო, აუცილებლად გადაგაღებინებდით (იცინის). ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა უმჯობესია, საცურაო კოსტიუმში ფოტოს გადასაღებად შორენა ბეგაშვილს მიმართოთ...

- შორენა ბათუმშია?

- სამწუხაროდ, არ ვიცი, შორენა სად არის. ჩვენ ისე არ ვმეგობრობთ, რომ მისი ასავალ-დასავალი ვიცოდე.

- იქნებ მითხრა, რატომ ექიშპებით ერთმანეთს. შენს გადაცემაშიც ხშირად ახსენებ...

- ხომ ამბობენ, საქართველომ 21-ე საუკუნეში, როგორც იქნა, თანამედროვე ცხოვრება დაიწყოო. მიმაჩნია, რომ შორენა ბეგაშვილი ამის ნათელი მაგალითია. ამიტომაც მიწევს ჩემს გადაცემაში მისი სახელის ხშირად მოხსენიება, თორემ სხვა უთანხმოება არ გვაქვს.

- ამბობენ, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ჯერ შორენა ბეგაშვილის მეგობარი იყო, შემდეგ კი - თიკოსიო...

- ეს დიდი სიცრუეა. მამაკაცს, რომელსაც შორენა მოსწონს, მე არ მოვეწონები და პირიქით.

- რამდენი ხანია, ბათუმში ხარ?

- თვე-ნახევარია. 20 აგვისტოს "ბათუმი ლაივის" ბოლო გადაცემა გავა ეთერში და ამით დასრულდება კიდეც ბათუმური სეზონი. შემდეგ კი თბილისში დავბრუნდები.

- თბილისში ამბობენ, თიკო სადუნიშვილი თვე-ნახევარი სასტუმრო "შერატონში" ცხოვრობსო...

- (იცინის) მათ პირს შაქარი. იმედია, მომავალ წელს ჩვენი რედაქცია ისე გამდიდრდება, რომ მართლა "შერატონში" ვიცხოვრებ. ამ სასტუმროში ცხოვრება ძვირი სიამოვნებაა. გადამღებ ჯგუფს სახლი გვაქვს დაქირავებული და ერთად ვცხოვრობთ.

- აჭარაშიც ძალიან პოპულარული ხარ, თაყვანისმცემლები არ გამოგიჩნდნენ?

- არააა, აჭარლები არ მეხმაურებიან. სხვათა შორის, არც სხვები იკლავენ თავს.

- ნუთუ საზაფხულო რომანი არ გაგიბამს?

- არა, არა... ეს ზაფხული შრომასა და თავდადებას მივუძღვენი.  

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები