მომხიბვლელი მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ავტომობილებსა და პატრულთან ურთიერთობაზე გვესაუბრება.
- ავტომობილის საჭეს კარგა ხანია ვუზივარ. მართვა მეგობარმა მასწავლა, მერე ავტოსკოლაშიც ვიარე, მართვის მოწმობის გამოცდაზე რომ გავსულიყავი. მეგობრისგან უფრო მეტი გამოცდილება შევიძინე.
- პირველი მანქანა შენი შემოსავლით იყიდე?
- პირველი ფილმის ჰონორარით შევიძინე "ფორდ ფიესტა", პატარა, კომპაქტური ავტომობილი იყო და ცოტა საწვავს წვავდა, მერე მეგობარმა ისე დამიმტვრია, რომ ვეღარაფერი ვუშველე (იცინის).
- როგორც მივხვდი, მეგობრისთვის მანქანა არ გენანება...
- როცა მჭირდება, მეგობრები მეც მათხოვებენ ხოლმე. ამჟამად უმანქანოდ მიწევს ყოფნა დროებით და მეგობრის მანქანით დავდივარ.
- ფერს და ნომერს დიდ მნიშვნელობას ანიჭებ?
- სიამოვნებით მეყოლებოდა ყვითელი ავტომობილი, ვერ ვიტან თეთრ მანქანებს, მაცივარს მაგონებს. რაც შეეხება ნომერს, საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას და ვერ ვხვდები, რატომ იხდიან ამხელა თანხას ე.წ. ბლატნოი ნომრებში.
- ხშირად რეცხავ ხოლმე მანქანას?
- ძალიან იშვიათად, მიუხედავად იმისა, რომ შავია და ძალიან მალე ჭუჭყიანდება, მაინც იშვიათად ვრეცხავ, ძირითადად, სულ ჭუჭყიან მანქანაში ვზივარ.
- პატრულის თანამშრომლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- რამდენჯერმე გამაჩერეს. მანქანა ისეთ ადგილას გავაჩერე, სადაც კატეგორიულად აკრძალული ყოფილა. პატრულის თანამშრომლებმა უსიტყვოდ გამიშვეს, მიცნეს და იმიტომ. ბოლოს კი, როცა მეგობარი უნდა გადმომესვა მანქანიდან, მართვის მოწმობა წამართვეს.
- სიჩქარე გიყვარს?
- კი, მაგრამ როცა ტრასაზე გავდივარ, აუცილებლად სხვას ვსვამ საჭესთან, რადგან ცუდად ვხედავ.
- რა მარკის მანქანა მოგწონს?
- "პეჟო". საერთოდ, პატარა ავტომობილები მხიბლავს.
სოფო ყარალაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)