ავტორი:

"რუსეთთან გზის გახსნის შემდეგ, აფხაზეთში სრული განუკითხაობაა" - რას ყვება "ენგურჰესის" თანამშრომელი, რომლის 4 კოლეგასაც კორონავირუსი დაუდასტურდა

"რუსეთთან გზის გახსნის შემდეგ, აფხაზეთში სრული განუკითხაობაა" - რას ყვება "ენგურჰესის" თანამშრომელი, რომლის 4 კოლეგასაც კორონავირუსი დაუდასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში covid-19-ით მე-6 პაციენტი -74 წლის ქალი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც სოხუმის კლინიკიდან გუდაუთის საავადმყოფოში გადაჰყავდათ.

ekhokavkaza.com - ის ცნობით, ქალბატონი სოხუმის საავადმყოფოში უკვე მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს. სიმპტომების მიხედვით, ექიმებმა ივარაუდეს, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა და გუდაუთის ჰოსპიტალში გადაყვანა გადაწყვიტეს, სადაც ძირითადად, კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ, თუმცა, მისი მდგომარეობა გზაშივე დამძიმდა და გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სოხუმის საავადმყოფოში აღებული ტესტით კი, მას covid-19 დაუდასტურდა.

დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსი 516 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 157, გარდაცვლილია - 6. გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით 45 პაციენტი მკურნალობს, მათგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა.

10 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ covid-19 შპს "ენგურჰესის" 4 თანამშრომელსაც გამოუვლინდა. როგორც AMBEBI-GE-თან საუბარში, ერთ-ერთი თანამშრომელი აცხადებს, ვირუსი გავრცელებულია გალის რაიონშიც, რადგან უსაფრთხოების ზომებს არავინ იცავს.

"გალის საავადმყოფოს "ენგურჰესი" ამარაგებდა. აქაური სიტუაცია ყველამ იცის და "ენგურჰესის" თანამშრომლები არაერთხელ დახმარებიან თავიანთი მარაგით, მაგრამ საქმე ის არის, რომ ყველა მოეშვა. გალის ბაზარში თვეებია პირბადიანი ადამიანი არ შემხვედრია. არ სჯერათ ვირუსის არსებობის, მიუხედავად იმისა, რომ იციან, რომ დაინფიცირებულები ქართულ მხარეს გადმოჰყავთ და რეგიონში უკვე გაიქცა მართვის კონტროლი. მეც იქ ვმუშაობ, ოღონდ ფინანსური მიმართულებით და არც ერთ დაინფიცირებულთან კონტაქტი არ მქონია, თანაც თანამშრომლების ნაწილი ონლაინ მუშაობს, შესაბმისად, იმედია, ბევრი არ დაინფიცირდება. რუსეთთან გზის გახსნის შემდეგ, ისეთი განუკითხაობაა, ვის, სად და ვისთან ჰქონდა კონტაქტი, ძნელი დასადგენია.

მხოლოდ ზღვაზე ჩამოსულ ტურისტებზე არ მაქვს საუბარი - ზოგი მათგანი ზოგჯერ გაველურებულ ადგილებში სანადიროდ ჩამოდის, "წითელ წიგნში" შეტანილ ცხოველებზე ნადირობს და აქა-იქ აშენებულ ფაცხებში ჩერდება, შესაბამისად, ვისთან რა სახის კონტაქტი შეიძლება ჰქონდეს, ძნელი დასადგენია..." - ამბობს ის.

არსებული ინფორმაციით, დაინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფები ქართულ მხარეს გადმოიყვანეს და კარანტინში განათავსეს. თავად უწყება კი, როგორც სტრატეგიული ობიექტი, ფუნქციონირებას შეუფერხებლად განაგრძობს.

აფხაზი საზოგადოების ნაწილს კვლავ ჯიუტად არ სჯერა კორონავირუსის არსებობის, სხვები კი, მიიჩნევენ, რომ რეგიონის მოსახლეობას, უბრალოდ, სხვა არჩევანი არ აქვს, რადგან რომ არა სეზონური შემოსავალი, შიშმილობა გარდაუვალი იყო. ამიტომ, ის ნაწილი, ვინც ამ შემოსავლით ცხოვრობს, ვირუსის არსებობას არ აღიარებს.

"დღე-ღამეში 21 დაინფიცირებული გვყავდა, გუდაუთის საავადმყოფოში სრული საგიჟეთია, ქანცგაწყვეტილი ექიმები, სკამებსა და მაგიდებზე იძინებენ... ჩემს ბიძაშვილს დაუდგინდა კორონა, რომელთანაც ეზოც კი არ მაქვს გადატიხრული, სახლში ბავშვები და მოხუციც მყავს, მაგრამ გულმა არ მომითმინა და მას საკვები მივაწოდე. გზაში, ტრანსპორტში ავედი და ვითომც არაფერი, არავის პირბადე არ უკეთია, ლამის სიტყვით გამოვედი, ჩემი სიტუაცია მოვყევი და პროპაგანდისტად გამომიყვანეს - რამდენი გადაგიხადეს, ჩაბრძანდით, ფეხით გაისეირნეთ, უსაფრთხო ეგ არისო... ეს რუსები რომ მოგვაწყდნენ, შიშით გული მისკდება", - წერს სოციალურ ქსელში მადინა ჯოლოგუა.

"ინტერნეტში წერენ, რომ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ექიმები, რომელთაც covid-19 დაუდასტურდათ, მათივე სურვილით, საქართველოში გადაიყვანეს სამკურნალოდ... ასევე ითქვა, რომ სხვადასხვა მხრიდან შემოსული დახმარებები სრულად არ მოხმარდა ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებს, ის სასტუმროებმა და მსგავსმა დაწესებულებებს შეისყიდეს, რომ უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო, კლიენტი არ დაეკარგათ... აფხაზეთი პატარაა და არაფერი იმალება, მაგრამ მე მინდა, ასეთი "გიენები" საზოგადოებამ მალე გაიცნოს, რადგან არ არი გამორიცხული, ეს ის ხალხი იყოს, ვინც გაჰკივის კორონა არ არსებობსო... ასე რომ, ჩვენს შემთხვევაში, პრობლემა ბევრად მასშტაბურია, ვიდრე ვირუსის დამარცხება", - წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

ცნობისთვის, რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ, აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევები კატასტროფულად გაიზარდა.

"ჯოჯოხეთური ვირუსია, ცუდად ვარ. სისულელეა, რომ არ არსებობს" - თაკო ჩარკვიანი მის მდგომარეობასა და ინფიცირების შესაძლო წყაროზე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა არის მზარდი, სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, თუმცა კონტროლირებადი

"ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი იბნევა, როცა ვერ ხსნის მოვლენებს, არ უნდა დაიბნეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ღვთისაგანაა"