ავტორი:

რას ამბობს პრემიერი ლარის კურსზე, სწავლის დაწყებაზე, შეზღუდვების დაწესებასა და საარჩევნო პროცესზე

რას ამბობს პრემიერი ლარის კურსზე, სწავლის დაწყებაზე, შეზღუდვების დაწესებასა და საარჩევნო პროცესზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სასწავლო პროცესის კიდევ გადადება, არ იგეგმება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე არ იგეგმება სისტემური შეზღუდვების დაწესება, რადგან როგორც პრემიერი განმარტავს, ამას მძიმე სოციალურ-ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.

„სასწავლო პროცესი, როგორც განვაცხადეთ, ზუსტად იმ რეჟიმში განახლდება. ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ჩვენი ნებისმიერი შემდგომი ღონისძიება, ქმედება იქნება მიზნობრივი და ლოკალური. სისტემური გადაკეტვები, შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მარტივად შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ამას მოჰყვება მძიმე სოციალური და ეკონომიკური შედეგები“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს საჭიროზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც მისი თქმით, ლარის კურსზე სწრაფ ზეგავლენას იქონიებს.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლარის კურსი არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სოციალური ფაქტორებზეც არის დამოკიდებული.

„ყველას და პირველ რიგში, მეც, ძალიან კარგად მესმის, რომ ლარის კურსი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი. ჩვენს ქვეყანაში ლარის კურსი არის სოციალური ფაქტორიც. ეს ძალიან კარგად გვესმის, გაცნობიერებული გვაქვს. რა თქმა უნდა, ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია, რადგან ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ლარის კურსის დღევანდელი ნიშნულისთვის არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური კრიზისია, საქართვეელო მაკროეკონომიკურად ასე თუ ისე ნორმალურ პარამეტრებშია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი რამ არის ემოციებსა და მოლოდინებზე დამოკიდებული. გასაგებია, რომ გლობალური პანდემია, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა გვაქვს, გასაგებია, რომ არჩევნების მოლოდინია, შესაბამისად, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ეს. მინდა ერთ რამეს ხაზი გავუსვა, არ დაგვავიწყდეს ზაფხული, როდესაც ინფიცირების პირველი ტალღა იყო, მაშინაც ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება იყო, მაგრამ შემდგომ ნორმალურ ნიშნულს დაუბრუნდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც ლარის კურსზე სწრაფ ზეგავლენას იქონიებს“, - განაცხადა გახარიამ.

გახარიას განცხადებით, პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის, მთავარია დავიცვათ ელემენტარული რეკომენდაციები.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ისწავლონ.

„პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღა იქნება, ყოველთვის ვამბობდით, რომ ელემენტარული წესები უნდა დავიცვათ. მარტივი რამე მინდა გითხრათ დღეს განვითარებულ მსოფლიოში ვერავინ პირბადეზე, დისტანციაზე და ელემენტარულ ჰიგიენის ნორმების დაცვაზე უკეთესი პრევენცია ვირუსის გავრცელების ვერ მოიგონა და ამიტომ ეს წესები უნდა დავიცვათ და მიუხედავად, იმისა, რომ ინფიცირებულთა ზრდა გვაქვს და გვექნება კიდევაც ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან თანაცხოვრებას. მარტივია ინფექციის გაჩერება, მარტივად შეგვიძლია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მაგრამ ჩვენ ეს ხომ არ გვინდა - ჩვენ გვინდა, რომ განათლება გაგრძელდეს, ეკონომიკა გაგრძელდეს, პოლიტიკური პროცესი გაგრძელდეს და ამიტომ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს და მოხუცებს მოუწოდა დარჩნენ სახლში, რადგან ისინი მაღალი რისკის მატარებლები არიან.

„ჩვენ სამწუხაროდ ქვეყანაში გვყავს საკმაოდ დიდი რაოდენობა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების. ჩვენი ოჯახების სოციალური სტრუქტურა ისეა, რომ რამოდენიმე თაობა ცხოვრობს ერთად და პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ მაღალი რისკის მატარებელ ჯგუფებს, მოხუცებს და ქრონიკული დაავადებების მატარებელ ადამიანებს და ალბათ, სწორი არის რეკომენდაცია, განსაკუთრებით აჭარაში, რომ ხანდაზმული ადამიანები დარჩნენ სახლში“, - განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საკარანტინე სივრცეებში მდგომარეობა კონტორლდება, შეიძლება, “რაღაც გამონაკლისები იყოს, მაგრამ რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი და ამიტომ იქ დიდი გადახრები ვერ იქნება“.

გიორგი გახარიას განცხადებით, 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების მიზანია, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება უზრუნველყოს.

„მოეხსენებათ, არჩევნები ტარდება სრულიად ახალი, ბევრად უფრო დემოკრატიული პრინციპით. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ არჩევნები იყოს მშვიდ, წყნარ,დემოკრატიულ,ღია, ტრანსფარენტულ გარემოში და ეს ასე იქნება“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

პრემიერმა დღევანდელი დღის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. საერთოდ, ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ომი ტრაგედიაა ყველასთვის აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გმირთა მოედანზე გმირთა მემორიალთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ქართველებმა და აფხაზებმა ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეკონომიკურად ძლიერ და განათლებულ ევროპულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ.

„დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა ჩვენ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, განათლებულ ევროპულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ გავაკეთებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

კორონავირუსის მართვაში ჩართული სამედიცინო პერსონალი სახელფასო ანაზღაურების 50%-ს დანამატის სახით მიიღებს

"ქვეყანა აკეთებს 10 000-ზე მეტ PCR ტესტს"- რას ამბობს პრემიერი კოვიდ-19-ის მომატებულ შემთხვევებზე და როგორ აპირებს მთავრობა ეპიდსიტუაციის მართვას

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"