ავტორი:

"ბინის დაქირავებისას თაღლითი შემხვდა, რომელმაც "გადამაგდო" - შვედეთში წარმატებული ქართველი, რომელმაც ემიგრანტებისთვის მგალობელთა გუნდი შექმნა

"ბინის დაქირავებისას თაღლითი შემხვდა, რომელმაც "გადამაგდო" - შვედეთში წარმატებული ქართველი, რომელმაც ემიგრანტებისთვის მგალობელთა გუნდი შექმნა

თემურ პოტასკაევი საქართველოს მოქალაქეა. ის შვედეთში 2013 წლიდან ცხოვრობს. იურიდიული განათლება საქართველოში მიიღო და შემდეგ სწავლის გაგრძელების მიზნით, შვედეთში მთავრობის დაფინანსებით, სამაგისტრო პროგრამა სტოკჰოლმისა და უფსალას უნივერსიტეტებში გაიარა. უკვე სამი წელია, შვედეთის აღსრულების ეროვნულ სააგენტოში მუშაობს.

"შვიდი წლის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში მეც ემიგრანტთა ჯგუფს მივეკუთნები. ბოლო წლებში სტოკჰოლმში ძალიან გაიზარდა ქართველთა რაოდენობა. შვედეთის მოქალაქეობა ჯერ არ მაქვს, თუმცა სამომავლო პერსპექტივაში, შეიძლება, განვიხილო," - გვეუბნება თემო, რომელიც საქართველოში გასულ კვირას პანდემიისას პირველად დაბრუნდა და ახლა განსაზთვრული პერიოდის გავლა კარანტინში უწევს.

AMBEBI.GE თემურ პოტასკაევს ესაუბრა:

- კოვიდ-პანდემიის დროს შვედეთმა განსაკუთრებული მოდელი აირჩია. როგორ გაიარეთ ეს პერიოდი ქვეყანაში, რომელმაც ვირუსთან თანაცხოვრების თავისი წესი შეიმუშავა?

- შვედურ მოდელს კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში საკმაოდ კარგად ვაფასებ და ძალიან მომწონს. კარგი იქნებოდა, ამ მოდელს საქართველოც რომ გაყოლოდა. შვედური მოდელი კი განპირობებულია იმით, რომ დისტანცირება შვედურ საზოგადოებაში ისედაც დამკვიდრებული ტენდენციაა. ამ მხრივ დიდ განსხვავებას ახლა ვერც ვხედავთ. ხალხი თავიდანვე სიფრთხილეს იჩენდა, რადაგანც არ იცოდნენ, კორონავირუსს რა შედეგი ექნებოდა. ცხოვრება პრაქტიკულად ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, პირბადეს არავინ იყენებს არც ტრანსპორტში და არც - სამსახურში.

წელს ხორვატიაშიც გახლდით, იგივე მიდგომებია, - არც აეროპორტში და არც სასტუმროში არანაირი კონტროლი არ არის. ოღონდ, იქ პირბადეს ტრანსპორტსა და მაღაზიაში შესვლისას იკეთებენ... ამ მიდგომას ყოფითი მიმართულებით არანაირი სტატისტიკის ცვლა არ გამოუწვევია. ვფიქრობ, საქართველოს მიდგომა, ასეთი დრამატული ჩარევები არასწორია. მიმაჩნია, რომ ახალა კარანტინში არ უნდა ვიჯდე. ეს უაზროდ გადაყრილი ფული და რესურსებია...

წელს კორონას გამო ხელი შემეშალა და საქართველოში აქამდე ვერ ჩამოვედი. ფაქტობრივად, ერთი წელი ოჯახის წევრები არ მყავდა ნანახი... ოჯახის მონახულების გარდა, აქ ბევრი საქმე მაქვს, ბევრი მეგობარი, კონტაქტი, ასევე ჩემი კომპანია, რომელსაც კოლეგა-პარტნიორებთან ერთად ვამუშავებ. თან, საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდია და ამ ეტაპზე აქ ყოფნა საინტერესოა...

- როგორც გავიგე, აფხაზეთიდან ხართ...

- ჩემი გვარი უკრაინულია, ბაბუა მყავდა უკრაინელი - საქართველოში მეორე მსოფლიო ომის დროს, ევაკუაციის დროს გადმოასახლეს. მაშინ 2-3 წლის იყო - აქ დაფუძნდა და მერე დაოჯახდა. სოხუმში ცხოვრობდა. დედა რაჭველია, გობეჯიშვილი, მისი ოჯახიც აფხაზეთში რაჭა-ლეჩხუმიდან იყო გადასახლებული.

მოკლედ, ჩემი მშობლები სოხუმში დაიბადენ და გაიზადნენ. 1989 წელს მეც სოხუმში დავიბადე, სამი წლის ვიყავი, იქაურობის დატოვება რომ მოგვიწია. მიმაჩნია, რომ აფხაზეთის დაკარგვა ყველაზე დიდი უსამართლობაა, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. ამიტომაც არ მიყვარს უსამართლობა და მიმაჩნია, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი მისია, სამართლიანად, ობიექტურად ცხოვრება და იმ უსამართლობის სამართლიანობით აღდგენაა, რაც აფხაზეთის დაკარგვას უკავშირდება. ამიტომ ჩემს ყველა მოქმედებაში - საქმიანობაში, განათლებაში არსებობს აფზახეთის დაბრუნების მოტივი...

- მართლაც დიდი დრო დაგითმიათ სწავლისთვის...

- კი, ჩემი მიზანი და ამოცნა იყო, რომ განათლება უცხოეთში მიმეღო და ამისთვის წლები ვემზადებოდი, ვსწავლობდი ენას, ვეცნობოდი პროგრამებს... განათლების მიღების შემდეგ კი, საქართველოში დაბრუნება მინდოდა, რომ ჩემი წარმატების შანსები აქ გამეზარდა, მაგრამ საქართველოს მთავრობის მიერ მოცემული სტიპენდია არ მეყო და რამდენიმე დღით ადრე იმ დილემის წინაშე დავდექი, რომ დროზე ადრე ან სამშობლოში წამოვსულიყავი და სამაგისტრო ნაშრომი აქ დამეწრა, მერე უკან დავბრუნებულიყავი და ამის პრეზენტაცია მომეხდინა, ან ადგილზე მეპოვა სამსახური და სასწავლო წლის ბოლომდე იმ შემოსავლით თავი გამეტანა.

იმის გამო, რომ ადგილობრივი საზოგადოების და ქვეყნის გაცნობა ახლოს მინდოდა, გადავწყვიტე, როგორც სტუდენტი ადგილზე დავსაქმებულიყავი, ეს კი ენის დაუფლებაში და კონტაქტების გაღრმავებაში დამეხმარებოდა. ამ ყველაფერმა ფაქტობრივად, წლები წაიღო. იმისთვის, რომ ერთ ადგილზე არ გავჩერებულიყავი, ასევე გადავწყვიტე, სამაგისტრო მიმართულებები გამეგრძელებინა, კურსები გამევლო სხვადასხვა უნივერსიტეტში...

ქვეყნის გაცნობაში ეს უკეთ დამეხმარა. ვსწავლობდი ჩრდილოეთ შვედეთში, ცენტრალურ შვედეთში, შვედეთის თავდაცვის უნივერსიტეტში, სადაც პირველი სტუდენტი გახლდით, რომელმაც იქ პირველი სტიპენდია აიღო. ასე რომ, მათთვის პირველი სტიპენდიანტი გავხდი არაევროკავშირის ქვეყნიდან... მესამე წელი უფსალას უნივერსიტეტში გადავაბი. ის საკმაოდ ცნობილი, ძველი, ტრადიციული უნუვერსიტეტია, მისი ისტორია საუკუნეებს ითვლის, სადაც სწავლება პრესტიჟულია.

- რას სწავლობდით?

- საინვესტიციო არბიტრაჟს, ძალიან საინტერესო თემაა. ამან დიდი და კიდევ უფრო კარგი კონტაქტები შემძინა, ენაც დავხვეწე და ეს მაგისტრატურა ჩემთვის წარმატებული აღმოჩნდა...

- 2013 წლიდან დღემდე არ არის მცირე დრო და როგორი იყო უცხო ქვეყანაში ადაპტაციის პერიოდი, რა იყო მთავარი სირთულე და როგორ დაძლიეთ?

- საკმაოდ რთული აღმოჩნდა ეს შვიდი წელიწადი განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ 23 წლამდე საქართველოში ჩემს მშობლებთან ერთად, მშვიდად და ლაღად ვცხოვრობდი. ზრუნვა არაფერზე მიწევდა, გარდა იმისა, რომ უნდა მესწავლა. შვედეთში კი ყველაფერი დამოუკიდბელად უნდა მომეგვარებინა.

პირველ დღეს ბინის დაქირავებისას ვიღაც თაღლითი შვედი შემხვდა, რომელმაც, "გადამაგდო". სწორედ ამან განაპირობა, რომ სტიპენდიის თანხა ბოლოს აღარ მეყო და სამსახურის დაწყება სწავლის პროცესში დამჭირდა...

ასე რომ, უცხო ქვეყანაში პირელივე კვირა რთული და წინაღმდეგობებით აღსავსე იყო, მაგრამ დიდი მოტივაციის, შრომის, თავდადების, ქართველი თუ უცხოელი მეგობრების დახმარებით ყველა პრობლემა გადაილახა... იქ ნებისმიერ სიტყვას მნიშვნელობა აქვს. საკუთარი აზრის და ცოდნის ზუსტად გამოხატვა არის მნიშვნელოვანი. ნიშნებს ძალიან რთულად წერენ. ამიტომ, ნამდვილად უნდა იშრომო, რომ ქართულ რეალობისგან განსხვავებით, მაღალი ნიშანი მიიღო...

- გვიამბეთ იმ სამსახურზე, სადაც დღესდღეობით საქმიანობთ. კმაყოფილი ხართ?

- უკვე სამი წელია, შვედეთის აღსრულების ეროვნულ სააგენტოში ვმუშაობ. ეს საქმე საკმაოდ დიდი ცოდნისა და გამოცდილების მომცემია. ხალხთან აქტიური კონტაქტი მიწევს. ესეც იმის საშუალებას მაძლევს, საზოგადოება, მისი სხვადასხვა ფენა, სამსაურის კულტურა უკეთ გავიცნო. მშვენივრად ჩავერთე გუნდის სტრატეგიული განვითარებით მუშაობაში, - მართლა საინტერესო პროცესია.

მყავს შვედი კოლეგები, რომელბიც ადგილობრივი საზოგადოების წევრები, ჩემზე მცოდნეები და გამოცდილები, ვისგანაც სულ უფრო მეტს ვსწავლობ. ასე რომ, ჩემი შვედეთში ადაპტაციის კუთხით ამ სამსახურმაც დიდი როლი ითამაშა. ოღონდ, კერძო სექტორისგან განსხვავებით, საჯარო სფეროში დაბალი ხელფასებია. ნიჭს აფასებენ, თუმცა ზედმეტად კონსერვატიული სტრუქტურა აქვთ და წინ წასვლა ძალიან რთულია. თუ დაწინაურება გინდა, სამსახური უნდა შეიცვალო. მიმაჩნია, რომ ჩემ შემთხვევაშიც ნელ-ნელა მოდის ამის დრო, სხვა სამსახურში გადავიდე.

- შვედეთში ბევრი ქართველი ცხოვრობსო, აღნიშნეთ. როგორც ვატყობ, აქტიური ურთიერთობა გაქვთ ქართველ ემიგრანტებთან. როდის და როგორ ახერხებთ შეხვედრას, შეკრებას?

- კი, ქართველებთან ახლო ურთიერთობა მაქვს, რადგან 4-5 წლის წინ ქართული სამრევლო დაფუძნდა. არსებობს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რაც მათთან აქტიური კომუნიკაციის საშუალებას იძლევა. ყოველ კვირას წირვას მამა შიო ბიწკინაშვილი აღავლენს და ამ პროცესში ჩვენც ვმონაწილეობთ, ვგალობთ ქართულ საეკლესიო საგალობლებს. ქართველები, განსაკუთრებით ახალი ჩამოსულები, ეკლესიაში მოსვლით იმედს, მხარდაჭერას, გვერდში დგომას გრძნობენ. ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიება, სადაც ასევე ქართველები იკრიბებიან. არის საბავშვო საკვირაო სკოლა, იქ კორონას პერიოდამდე სწავლება აქტიურად მიმდინარეობდა...

ყოველ ზაფხულს, რამდენიმე დღით, კარვებით ბანაკში მივდივართ, პერიოდულად ერთმანეთთანაც ვიკრიბებით. შარშან თბილისობაც აღვნიშნეთ. ღონისძიებაზე ქართველების გარდა, ბევრი უცხოელი სტუმარიც იყო. შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართული გუნდისთვისაც მოესმინათ, დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო...

- მგალობელთა გუნდი თქვენ ჩამოაყალიბეთ?

- 2015 წელს საქართველოდან პირველად ჩამოვიდა მეუფე, რომლემაც აღდგომის მსახურებაზე წირვა ჩაატარა. იმ დროს თავისთავად საჭირო გახდა, რამდენიმე ადამიანი შევგროვილიყავით და სამეუფეო წირვაზე, აღდგომის მსახურება გაგველამაზებინა. ვინც იმ დღეს მოვიდა, დღესაც ჩვენი მგალობელთა გუნდის წევრია. სტაბილურად ვგალობთ ქართულ მსახურებაზე, ვცდილობთ, ყოველ კივირას ვიყოთ წირვაზე. პერიოდულად რეპეტიციებიც გვაქვს.

საეკლესიო საგალობლების გარდა ბოლო რამდენიმე წელიწადია, საელჩოს მერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის ღონისძიებებზეც გამოვდივართ და საქართველოსა და შვედეთის ჰიმნს ვმღერით. ჰიმნების შესრულებამ კი იმისკენ გვიბიძგა, რომ მარტივი, კლასიკურ ქართულ სიმღერასაც შევჭიდებოდით და გვესწავლა. გუნდში პროფესიონალი არავინაა.

მე ბავშვობიდან მუსიკის დიდი სიყვარული მაქვს და 10-12 წელიწადია, ქართულ გალობას თანდათან ვეუფლები და აქტიურად მივდევ. კი, გუნდის ხელმძღვანელი ვარ. შეკრული გუნდი ვართ. ძალიან სასაიმოვნოა ისიც, რომ საქართველოდან ასე შორს, სკანდინავიაში არსებობს დილეტანტების, მაგრამ საკმაოდ კარგი მგალობელთა გუნდი. ეს მოტივაცია გვაქვს და გვინდა გუნდი შევინარჩუნოთ და მეტად განვავითაროთ. შვედები ჩვენი გუნდით ინტერესდებიან, მათთვის უცხო და მოულოდნელია ასეთი მრავალხმიანობის მოსმენა. იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი შეიტყონ ჩვენი კულტურის შესახებ, ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.

როგორც თემო გვეუბნება, შვედეთში წასვლამდე საქართველოში პატარა-პატარა ტაძრებში გალობდა, მათ შორის, ჯვართამაღლების ეკლესიაში, ჰქონდა პატივი, სამი წელი პატრიარქის გუნდში პირველი ხმა ეგალობა, სადაც დიდი გამოცდილება და ცოდნა მიიღო. გუნდური მუსიკის ფასი სამების გუნდში გავიგე და გავიაზრეო - აღნიშნავს.

რაც შეეხება ნოსტალგიას, ჩვენი რესპონდენტისთვის ეს გრძნობა განუყრელია. საქართველო ძალიან უყვარს და ყოველთის ენატრება. შვედეთში მარტო ცხოვრობს, მთელი მისი ოჯახი, სანათესაო და უდიდესი საკონტაქტო წრე თბილისშია. თუმცა საქართველოში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის ხოლმე.

"საქართველოში ვატარებ შებულების უდიდეს ნაწილს. უზომოდ მიყვარს საქართველო, ბუნება, ხალხი, ამას შვედეთში ვერაფერი შეცვლის,“ - აღნიშნავს თემო.

რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, ამაზე ასე გვპასუხობს:

"ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანია კარიერული წინსვლა, თუმცა დოქტორანტურასაც არ გამოვრიცხავ... მაქვს, როგორც გითხარით, კერძო კომპანია და იდეალურ ვარიანტად განვიხილავ შვედეთში კერძო სექტორში მუშაობასაც ან სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში, საქარველოში გადმოსვას. ვნახოთ, წინასწარ ძნელია, რაიმეს თქმა, თუმცა გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ“.

ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი თბილისში - ვინ არის მისი ავტორი? (ფოტო)

სოფელ გომის მიმდებარედ მდინარე რიონმა ტერიტორია დატბორა - მაშველები ნაპირზე დარჩენილების გამოყვანას ცდილობენ

რა წესების დაცვა მოუწევთ ბაზრობებს მუშაობის განახლების შემდეგ - "ლილო მოლის" დირექტორის განმარტება