ცნობილმა რუსმა ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა დაადასტურა, რომ აგვისტოში საქართველოში მართლაც იმყოფებოდა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
"ეს სიმართლეა", - განუცხადა მან РИА Новости-ს, თუმცა თემის განვრცობისგან თავი შეიკავა.
ცნობა სობჩაკის საქართველოში ჩამოსვლისა და პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ როგორც რუსულ, ასევე ქართულ მედიაში ვრცელდება. ზოგიერთი წყაროს ცნობით, სობჩაკი თბილისში კორპორატიულ საღამოზე იყო მიწვეული, რომელიც ქართველი ბიზნესმენის თემურ ჭყონიას მიერ იყო ორგანიზებული. ქსენია სობჩაკი საქართველოში ჭყონიას ქალიშვილმა სოფო ჭყონიამ მიიწვია.
სააკაშვილი სობჩაკს ბათუმში შეხვდა. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა სობჩაკთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში 15 წუთით "შეირბინა". საუბარი სასამართლოს შენობაში "მრგავლ მაგიდასთან" გაიმართა, რომლის მესამე მონაწილე სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი იყო. უცნობია მათი საუბრის თემა. თუმცა ეს ინფორმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეს-სამსახურმა არ დაადასტურა.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.