მაკა ცინცაძეს ექსტრემალური ჟურნალისტიკა აინტერესებს

მაკა ცინცაძეს ექსტრემალური ჟურნალისტიკა აინტერესებს

ჯერ იყო ერთი რადიო, შემდეგ მეორე, მაგრამ პარალელურად ტელევიზიაშიც დაიწყო მუშაობა. "მე მიყვარს საქართველო"-ს მშვენიერმა წამყვანმა მაყურებელს თავი ადვილად დაამახსოვრა. არადა, მაკა ცინცაძე პროფესიით ეკონომისტია და ამჯერად "მაესტროს" ეთერში საინფორმაციო გადაცემა მიჰყავს.

- მაკა, შვებულებიდან ახლახან დაბრუნდი. სად მოასწარი დასვენება?

- "მაესტროში" ახალი ამბები სამ ჟურნალისტს მიგვყავს და შევეცადეთ შვებულება გადაგვენაწილებინა. პირველი მე წავედი. თურქეთს ვესტუმრე მეუღლესა და მეგობრებთან ერთად. ბოლო პერიოდში ისე ხდება, რომ ყოველ ზაფხულს თურქეთში მივდივარ. თუმცა კვარიათშიც დავისვენეთ მე და დედამ.

- ზღვა გიყვარს?

- კი, ზღვა, ზღვა და ზღვა. მთაც მიყვარს, შეუდარებელია საქართველოს ბუნება - რაჭა, სვანეთი... მაგრამ მთაში მალე მბეზრდება და დეპრესიაში ვვარდები. ორი კვირა იქ ვერ გავჩერდები. ზღვაზე კი შემიძლია რამდენიმე თვეც გავჩერდე.

- მზის სხივები არ გაშინებს?

- საბედნიეროდ, უამრავი საშუალებაა იმისთვის, რომ არ დაიწვა. დასასვენებელად ყოფნის დროს ცხელი ხაზი მაქვს გაბმული საქართველოსთან და ყველაფერს ვიგებ.

- ალბათ ახლა პოლიტიკური ამბებიც გაინტერესებს, თუმცა ადრე გასართობი გადაცემა მიგყავდა...

- ახლა გამახსენდა 2008 წლის აგვისტო. მაშინ რადიო "უცნობში" ვმუშაობდი. მუსიკალური წამყვანი ვიყავი და ასევე გადაცემათა ციკლი მქონდა. ნიუსთან მაშინ არანაირი შეხება არ მქონია. ჩვენი უფროსი ბასა ჯანიკაშვილი იყო და, რა თქმა უნდა, უნდა ცხელ წერტილში მე არავინ გამიშვებდა. არადა, ძალიან მინდოდა ოსეთში მოხვედრა. დიდი მადლობა ღმერთს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში სიმშვიდეა და ვისურვებდი, უფრო სტაბილური სიტუაცია იყოს, თუმცა ცხელ წერტილებში მუშაობა დიდი ადრენალინია.

- ასეთ თამამ ჟურნალისტს არ ჰგავხარ...

- ეს არის სიტუაცია, რომელზეც ყველა ჟურნალისტი ოცნებობს. ცოტა უხერხული სათქმელია, მაგრამ ჟურნალისტები სპეციალურად მიდიან ერაყში. გარდა ანაზღაურებისა, მაინც მგონია, რომ არსებობს კიდევ რაღაც, რის გამოც მსგავ საქმეზე მიდიან.

- თუმცა მშვიდი ჟურნალისტიკა არჩიე და ყოველთვის ეთერში ზიხარ...

- კი, საბოლოოდ ასე გამოვიდა. ნამდვილად მქონია რეპორტაჟის გაკეთების სურვილი, მაგრამ "მაესტროში" ჩემი ადგილი უკვე გადაწყვეტილი იყო. შეიძლება, ეს ჩემი მხრიდან ინერტულობის ბრალიცააა.

- პირველი სამსახური რადიო იყო?

- დიახ, უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე ეკონომიკის ფაკულტეტზე, პარალელურად ერთ-ერთ რადიოში დავიწყე მუშობა. მუსიკალური წამყვანი ვიყავი. ხუთი წლის შემდეგ "უცნობში" გადავედი. რადიო აბსოლუტურად სხვა სივრცეა, მეტი შემოქმედებება და კრეატიულობა გჭირდება. იქ კი ეკონომიკაში, კონკრეტული საქმეები იყო საკეთებელი. დღესაც მენატრება რადიოს სუნი.

- ტელეეკრანზე პირველად გასართობი გადაცემით გამოჩნდი, თუმცა ახლა საინფორმაციო კუთხით გააგრძელე...

- ბევრი ვიფიქრე ნიუსში გადასვლაზე, მაგრამ საქართველოში გასართობი გადაცემები მაინც ექვსთვიანია და სტაბილურიც არ არის. სიახლე ძალიან მიყვარს. თუნდაც ჩემი ასაკიდან გამომდინარე, გადავწყვიტე აქ მომესინჯა ძალები.

- ალბათ ეკრანიც მოგენატრა... მიჩვევა იცის...

- ნამდვილად იცის მიჩვევა. თან, მე ადგილებსაც კი ადვილად ვეჩვევი. დასასვენებლად ყოფნისას თუ ორ კვირაზე მეტხანს გავჩერდი, იმ ადგილიდანაც მიჭირს წამოსვლა.

- მაკა, სერიოზული იმიჯი მოირგე, მაგრამ პოლიტიკა გაინტერესებს?

- ამ ქვეყანაში პოლიტიკა ვის არ აინტერესებს. ბავშვი ლაპარაკს რომ იწყებს, უკვე იცის, რომელი პოლიტიკოსი რა თანამდებობაზეა. ამიტომ არც მე ვარ გამონაკლისი და ყოველთვის ინფორმირებული ვიყავი. ვიცოდი ყველაფერი და ყოველთვის მაინტერესებდა, რა ხდებოდა. რაც საინფორმაციოს გადაცემა მიმყავს, ამ თემაზე განსაკუთრებით ასაკიანი ქალბატონები მესაუბრებიან. ეს შენ ნამდვილად გეცოდინება - აი, ეს ფრაზა მკლავს. ვეუბნები ვიცი ის, რასაც ეთერში ვამბობ, ოპოზიცია და პოზიცია ჩემი ნათესავები კი არ არიან (იცნის).

- მეუღლე როგორ შეეგუა შენს ახალ ამპლუას?

- შეეგუა? არ ვიცი. რაღაც კომენტარებს აკეთებს ხოლმე, ძირითადად შენიშვნებს მაძლევს. ისე, თავიდან უფრო ვინტერესდებოდი, მიყურე? რა შემეშალა? მოგეწონა? ისე ახლაც ვეკითხები, თუ მიყურე, რა მეცვა, რით დავიწყე, როგორ დავამთავრე (იცინის).

- ახალმა სამსახურმა გართობაზე უარის თქმა ხომ არ გაიძულა?

- (იცინის) საერთოდ, დამკვიდრდა, რომ თუ პიჯაკი გაცვია და ეკრანიდან სერიოზული სახით იყურები, აქ მთავრდება ყველაფერი. ამას პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით. რა თქმა უნდა, მეც ჩვეულებრივ ვერთობი. დავდივარ კლუბებში, მაგრამ ამ ბოლო დროს განსაკუთრებულად ვერიდები.

- საკუთარ თავს თვითცენზურა მაინც დაუწესე?

- არა, რატომ? უცხოეთში არავინ მიცნობს და შეიძლება იქ წავიდე და გავერთო, მაგრამ ექსკურსია მირჩევნია. სამსახურიდან წასული, დაღლილი, კიდევ ხმაურს ვერ ვიტან. ასაკს და რეჟიმსაც თავისი მიაქვს. ახლა მირჩევნია მეუღლესა და მეგობრებთან ერთად სადმე წყნარ ადგილას წავიდე, ვიჭორაო.

- მაკა, "მაესტრო" მაინც ოპოზიციურ არხად მოიაზრება, ამას დისკომფორტი არ შეუქმნია?

- არავისთან დამჭირვებია იმის ახსნა, არის თუ არა "მაესტრო" ოპოზიციური. მას შემდეგ, რაც ამ არხზე "საკანი" გადიოდა, ეს აზრი ინერციით მოჰყვება. მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს მაყურებლის შესაფასებელია. თუ ოპოზიციურად ითვლება არხი, რომელიც რეალობას აშუქებს, მე თანახმა ვარ, გვერქვას ოპოზიციური.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ჯერ იყო ერთი რადიო, შემდეგ მეორე, მაგრამ პარალელურად ტელევიზიაშიც დაიწყო მუშაობა. "მე მიყვარს საქართველო"-ს მშვენიერმა წამყვანმა მაყურებელს თავი ადვილად დაამახსოვრა. არადა, მაკა ცინცაძე პროფესიით ეკონომისტია და ამჯერად "მაესტროს" ეთერში საინფორმაციო გადაცემა მიჰყავს

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები