ავტორი:

"თუ ასე გაგრძელდა, კოლაფსი გარდაუვალია" - როგორ გაუმკლავდება ქვეყანა დამძიმებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, რას ამბობენ ექსპერტები?

"თუ ასე გაგრძელდა, კოლაფსი გარდაუვალია" - როგორ გაუმკლავდება ქვეყანა დამძიმებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, რას ამბობენ ექსპერტები?

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად ახალ-ახალ ანტირეკორდებს ამყარებს, იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც.

15 ოქტომბერს, საქართველოში COVID-19-ის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 14 440 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7367 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 113 კი გარდაიცვალა.

აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, საზოგადოებაში სულ უფრო აქტიურდება მსჯელობა მოსალოდნელი სამედიცინო კოლაფსის შესახებ. ისმის კითხვები: როდემდე გაწვდება ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულთა რიცხვს და გვემუქრება თუ არა იმ ქვეყნების ბედი, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში კრახი განიცადეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ არსებული ეპიდსიტუაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ ვითარება თანდათან იძაბება.

"რომ შევაჯამოთ სტატისტიკური მონაცემები, მთლიანადაც და ჩვენს ქვეყანაშიც, თანდათან იძაბება ეპიდსიტუაცია და ეს მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე... მეორე ტალღა დაწყებულია, რომელიც უფრო ძლიერია რიცხობრივი თვალსაზრისით, მაგრამ შედარებით უფრო მსუბუქი სიმძიმის თვალსაზრისით, ანუ უფრო მეტია მსუბუქად და ასიმპტომურად მიმდინარე შემთხვევები. დიაგნოსტირების დროს 36%-მდე უსიმპტომო პაციენტების რაოდენობაა, ანუ საკმაოდ დიდი წილია უსიმპტომოების და მსუბუქების, რომლებიც სწორედ უნდა იმართონ ბინაზე პირველადი ჯანდაცვის ექიმების მიერ და ვისაც ბინაზე იზოლირების საშუალება არ აქვს, კოვიდსასტუმროებში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო სტაციონარში უნდა მოხვდნენ მძიმე და კრიტიკული პაციენტები, ვისაც აუცილებლად სჭირდება ინტენსიური თერაპია“, - გაცხადა გამყრელიძემ.

ამ რამდენიმე დღის წინ კი, კითხვაზე, შესაძლოა თუ არა საქართველოში იტალიის სცენარი განმეორდეს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელი არ არის.

ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საწოლების დეფიციტის შექმნის საშიშროებას შეეხებოდა, ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა საწოლების დეფიციტს არ გამოიწვევს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს და საწოლებიც თავისუფლდება.

"პაციენტები ინფიცირდებიან, მაგრამ აუცილებლად ჯანმრთელდებიან. მხოლოდ აჭარაში გუშინ გვყავდა 207 გამოჯანმრთელებული. ამას ჯანდაცვაში ეწოდება საწოლბრუნვა. გამომდინარე აქედან, ინფიცირებულების მატება ეს აუცილებელ შემთხვევაში არ გამოიწვევს საწოლების დეფიციტს. მობილიზებული გვაქვს 3500-მდე საწოლი, 2200-მდე პაციენტი გადის მკურნალობას, სატრიაჟე სივრცეშიც არიან პაციენტები, რომლებიც ან კოვიდის ტესტის პასუხს ელოდებიან, ან ექიმის დამატებით ჩარევას იმისათვის, რომ გადაყვანილები იყვნენ სხვა პროფილის საავადმყოფოებში", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება, გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდას, საკითხის შესახებ მედიასთან ისაუბრა თენგიზ ცერცვაძემ. მისი თქმით, შემთხვევების ეს მატება იყო გარდაუვალი და მოსალოდნელი, ვინაიდან მოიხსნა შეზღუდვები. ცერცვაძე ამბობს, სიკვდილიანობა საქართველოსთვის არის დიდი, თორემ სხვა ქვეყნებში ასეთ მაჩვენებელზე ოცნებობენ.

"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მიუხედავად გარკვეული მატებისა, საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც დღემდე ევროპის 49 ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის (ორი მცირე ქვეყნის გამოკლებით) ჰყავს ერთ მილიონ მოსახლეზე ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი", - თქვა ცერცვაძემ.

ჯანდაცვის ექსპერტები ვირუსის შემთხვევების რეკორდული მატების უკან მთავრობის არაეფექტურ ქმედებებსა და საზოგადოებასთან არასწორ კომუნიკაციას ხედავენ.

ჯანდაცვის ექსპერტი და "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე ambebi.ge -სთან იმ მიზეზებს ასახელებს, რამაც, მისი შესაფებით, ეპიდსიტუაციის გამწვავება განაპირობა:

"მთავრობას ალბათ ეგონა, მუდმივად 10 და 15 შემთხვევა იქნებოდა და ამას კარგად მართავდა. ასეთ მცირე მაჩვენებელს უგანდასნაირი ქვეყნებიც გაართმევენ თავს. და ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ კარგი კრიზის-მენეჯერები არიან. მარტიდან მოყოლებული სულ იმაზე ვსვამდით ექსპერტები კითხვებს, რა გეგმები ჰქონდა სახელმწიფოს იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია ისე განვითარდებოდა, როგორიც ახლაა, მაგრამ იმათ არასოდეს ჰქონდათ კონკრეტული პასუხები. მთავრობამ აირჩია საზოგადოებასთან არასწორი კომუნიკაციის ფორმა. რაც გამოიხატა იმაში, რომ ბრიფინგებით გამოდიოდნენ და აკეთებდნენ მცდარ გზავნილებს, ჩვენ კარგად ვმართეთ კორონა, ამიტომ გვაქვს ასე ცოტა შემთხვევაო და საზოგადოებაც ხოტბას ასხამდა მათ. ამის შედეგია ის, რომ ხალხმა დაიჯერა, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის, საფრთხე ნაკლებია და მოდუნდა. არადა, სინამდვილეში ეს იყო შეკავების პერიოდი და წინ იყო მეორე ტალღა. რომლისთვისაც სათანადოდ უნდა მომზადებულიყო სისტემა.

მეორე შეცდომა ის იყო, რომ ვრცელდებოდა არათანმიმდევრული და არასწორი ინფორმაცია. ტესტები პანაცეა არ არისო, ამბობდნენ, დღეს კი პირიქით გაიძახიან, რომ მთავარი მექანიზმი დიაგნოსტიკა ყოფილა თურმე. არაფერს ვამბობ, ყბადაღებულ და ყოვლადდაუშვებელ გზავნილებზე ქრონიკული დაავადებების მქონე პირების შესახებ. ფაქტობრივად, ქვეტექსტი ასეთია, რომ ეს ადამიანი მაინც დაიღუპებოდა და კორონა არაფერ შუაშია. აბა, სხვანაირად დავსვათ საკითხი - კორონა რომ არ ყოფილიყო, რამდენ ხანს იცოცხლებდა კიდევ ის ადამიანი. ამასთანავე, ბოლო დროს, ჩემი დაკვირვებით, კორონავირუსის მიერ გამოწვეულ გართულებებსაც მიაწერენ ქრინიკულ დაავადებებს. საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ ერკვევა სამედიცინო ტერმინოლოგიაში და აღიქვამს ისე, თითქოს სუნთქვის უკმარისობა ან პნევმონია იყოს ქრონიკული პრობლემა... არადა, ოჯახის ექიმები რომ აქამდე გადაგვემზადებინა და პირველადი ჯანდაცვა მოგვემზადებინა ამ გამოწვევებისთვის, ხომ შეიძლებოდა. მინისტრი ამბობს, რომ 3 ოქტომბერს დაიწყეს ოჯახის ექიმების გადამზადება ბათუმში. ახლა უნდა დაწყებულიყო ეს? ან ონლაინ კლინიკები 22 რომ იყო მარტში და ახლაც ამდენია, ხომ შეიძლებოდა გაგვეზარდა?!" - ამბობს სერგო ჩიხლაძე.

მისი პროგნოზის მიხედვით, თუ ინფიცირების გამოვლენის ბოლოდროინდელი სტატისტიკა შენარჩუნდება, საწოლების დეფიციტი გარდაუვალია.

"პესიმისტი არ ვარ, მაგრამ ოპტიმისტურადაც ვერ შევხედავ მოსალოდნელ სურათს. ძალიან მალე სეზონური გრიპები დაემატება კორონავირუსს და ცნობილია, რომ ჩეულებრივი გრიპის სეზონზე საწოლები გადავსებულია ხოლმე. არ გამოვრიცხავ, რომ იგივე განმეორდეს თბილისში, რაც აჭარაში მოხდა, როდესაც სიტუაცია იყო უმართავი. თუ ასე გაგრძელდა, კოლაფსი გარდაუვალია, რადგან ხელისუფლებამ ეფექტურად არ გამოიყენა გასული 6-7 თვე", - აცხადებს ambebi.ge -სთან ჩიხლაძე.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში მარინა ბერიძე მიიჩნევს, რომ თუ კი მთავრობის მხრიდან სწორი ნაბიჯები იქნება გადადგმული, კოლაფსის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია. მისი თქმით, სისტემური პრობლემები, რომელიც ჯანდაცვის სფეროში წლებია არსებობს, კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.

"ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლება კორონავირუსის მართვის მხრივ ცუდად მუშაობს. ბევრი სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული და თავიდან ძალიან ეფექტურად მოხდა პროცესის შეკავება. მაგრამ არის ხარვეზებიც, ცხადია. თუმცა ეს პრობლემები ისედაც არსებობდა სისტემაში და კორონავირუსს არ გამოუწვევია. უბრალოდ, ახლა უფრო თვალსაჩინო გახდა. პირველ რიგის გამოწვევა, რასაც გაზრდილი სტატისტიკა პირდაპირ უკავშირდება, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაუმართავ მუშაობაში მდგომარეობს. მაგალითად, შეცდომა იყო ის, რომ დაგვიანებით მოხდა ოჯახის ექიმების გადამზადება, ეს პროცესი გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო. ასევე, პრობლემაა ისიც, რომ ექიმები არ იყვნენ სათანადოდ წახალისებულები კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან. იყო შემთხვევები, როდესაც ისინი კუთვნილი ხელფასების დაგვიანების გამო პროტესტს გამოთქვამდნენ, მაშინ, როდესაც ინფექციასთან ბრძოლის გამო, მათი დატვირთვა გაიზარდა და ხელფასიც უნდა გაზრდოდათ. პრობლემაა ისიც, რომ ქვეყანაში ექთნების სერიოზული დეფიციტია, ექიმმა რაც არ უნდა კარგად წარმართოს მკურნალობის პროცესი, თუ მას კვალიფიციური ექთანი არ ჰყავს გვერდით, შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია. თუ ხელისუფლება დროულად დაიწყებს სეზონური გრიპის ვაქცინაციას, თუ ვაქცინების დეფიციტი არ შეიქმნება, როგორც ადრე, მაშინ არანაირი კოლაფსი არ იქნება. მთავარია სეზონურმა გრიპმა არ გაართულოს სიტუაცია, თორემ კორონავირუსის შემთხვევებთან გამკლავება შეუძლებელი ნამდვილად არ არის. ასე რომ, არ ღირს გამოვიკეტოთ სახლებში და ადამიანებთან ურთიერთობების გვეშინოდეს. მთავარია, დავიცვათ რეკომენდაციები თითოეულმა ჩვენგანმა და სიტუაცია სტაბილური იქნება", - აცადებს მარინა ბერაძე.

თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება

როგორ განახლდება ხვალიდან სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში

აჭარაში ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს