ავტორი:

პირბადის მოხსნა ორჯერ მოგიწევთ, უარის შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მოგეცემათ - რა წესები უნდა დაიცვას 31 ოქტომბერს ამომრჩეველმა

პირბადის მოხსნა ორჯერ მოგიწევთ, უარის შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მოგეცემათ - რა წესები უნდა დაიცვას 31 ოქტომბერს ამომრჩეველმა

31 ოქტომბერს, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს პირბადის მცირე ხნით მოხსნა ორჯერ მოუწევს, უარის თქმის შემთხვევაში კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა.

ცენტრალური საარჩევო კომისიის დადგენილების მიხედვით, ამომრჩეველი ვალდებულია დროებით მოიხსნას პირბადე თავდაპირველად კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენის დროს, შემდეგ კი ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ პირადობის მოწმობაში ან პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს.

დადგენილების თანახმად, ამომრჩეველი, რომელიც პირბადის მოხსნაზე უარს იტყვის, არ დაიშვება კენჭისყრის ოთახში და მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი.

„გასათვალისწინებელია, რომ პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო ცნობით.

სხვა ყველა შემთხვევაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება. თუ პირი არ დაიცავს პირბადის ტარებასთან დაკავშირებით დადგენილ წესებს, ის ექვემდებარება გაფრთხილებას. თუ გაფრთხილების მიუხედავად პირი გააგრძელებს პირბადის ტარების წესის დარღვევას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია მიუთითოს მას, რომ დატოვოს კენჭისყრის შენობა. თუ ეს პირი ნებაყოფლობით არ შეასრულებს მითითებას კენჭისყრის შენობის დატოვების შესახებ, საუბნო საარჩევნო კომისია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მისი კენჭისყრის შენობიდან გაძევების საკითხზე“, - ნათქვამია ცესკოს დადგენილებაში.

ამასთან, კენჭისყრის კაბინა ერთი მხრიდან გახსნილი უნდა დარჩეს და გახსნილი მხარე კედლისკენ უნდა იყოს მიმართული ისე, რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი, ამომრჩეველი კი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური მოხმარებისათვის განკუთვნილი კალმისტრით. გარდა ამისა, კენჭისყრის შენობაში უნდა განთავსდეს კონტეინერი, რომელშიც ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ, მის მიერ გამოყენებული კალამი უნდა მოათავსოს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის დღისთვის საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრას ემსახურება.

დადგენილების თანახმად, კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი და ხელის დეზინფექციისთვის საჭირო, სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი. ასევე, თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

ამასთანავე, ცესკო-ს გადაწყვეტილებით, კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი ტემპერატურის შემოწმების გარეშე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს რეგულაცია ამომრჩეველზე არ ვრცელდება.

გარდა ამისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს კენჭისყრის შენობაში ხშირად შეხებადი ზედაპირების, მათ შორის, კარის სახელურებისა და სამუშაო მაგიდების სათანადო წესით ყოველ 3 საათში ერთხელ დამუშავება.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით;

რაც შეეხება საარჩევნო ბიულეტინების დათვლის პროცესს, მთვლელები მაგიდებთან უნდა განთავსდნენ ისე, რომ არ აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე დანარჩენმა პირებმა კი მაგიდისგან 2 მეტრის დაშორებით ისე უნდა დაიკავონ ადგილი, რომ შეძლონ საარჩევნო ბიულეტენების დათვლისა და დახარისხების პროცესზე დაკვირვება.

საარჩევნო უბნის გახსნამდე და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესის დასრულების შემდგომ, უნდა მოხდეს კენჭისყრის შენობის დალაგება და დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით.

"გუშინდელი შეკრება ბათუმში იყო ძალიან ამაღელვებელი დემონსტრაცია... ჩვენ მზად ვართ მასობრივი მობილიზაციისთვის" - მიხეილ სააკაშვილი

"პასუხისმგებლობა ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან" - ვაშაძის პასუხი ჟურნალისტს, ხალხმრავალ აქციაზე დასმულ კითხვაზე

"ბათუმში კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელეს... დაავადებული ქვეყნიდან შემოიყვანეს დიდი რაოდენობით ე.წ დამსვენებლები" - სააკაშვილი