ავტორი:

"არჩევნების მერე ქვეყანა ჩაიკეტება. დიდი რიგები იქნება, საწოლები აღარ გვეყოფა... სახელმწიფოს სხვა გზა არ ექნება" - გაეროს გენმდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე

"არჩევნების მერე ქვეყანა ჩაიკეტება. დიდი რიგები იქნება, საწოლები აღარ გვეყოფა... სახელმწიფოს სხვა გზა არ ექნება" - გაეროს გენმდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე

პროფესორმა, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ მიმდინარე წლის აპრილში AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა: "მსოფლიოში მაისისთვის უნდა ჩაწყნარდეს ვითარება, ოქტომბერში კი COVID-19-ის მეორე, ძალიან მწარე ტალღა დაიწყება". მისი რამდენიმე თვის წინანდელი პროგნოზი დღევანდელ რეალობასთან ახლოსაა. როგორ შეაფასებს პანდემიის პირობებში გავლილ რამდენიმე თვეს, არსებულ ვითარებასა და შეზღუდვებს და რა პროგნოზები აქვს სამომავლოდ? - ამაზე გიორგი ფხაკაძე AMBEBI.GE-ს კვლავ ესაუბრება.

- ბოლო ორი დღეა, საქართველოში ინფექციის თითქმის 1000-მდე შემთხვევა ფიქსირდება. შეიძლება ვთქვათ, რომ თქვენი სიტყვები ახდა?

- ეს მარტო ჩემი სიტყვები არ იყო, მე ნოსტრადამუსი ნამდვილად არ ვარ, მეცნიერი ვარ. მარტის თვეში წასრულ გამოცდილებასა და სტატისტიკაზე დაყრდნობით, გამოთვლები კეთდებოდა. როცა პირველი დასკვნები ვნახე, თითქმის დეპრესიაში ჩავვარდი, მაგრამ ჩემი, როგორც მეცნიერის გამოცდილებიდან ვიფიქრე, რომ ალბათ, იქნებოდა ის სცენარი, რაზეც ჩვენ მაშინ ინტერვიუში ვისაუბრეთ - რომ ზაფხულისთვის პანდემია, საქართველოს ჩათვლით, მთელ მსოფლიოში ჩაცხრებოდა, მატება კი დაიწყებოდა ოქტომბრის შუა რიცხვებში ან ნოემბრის დასაწყისში. დავინახეთ, რაც მოხდა ზაფხულში - წესებს არავინ იცავდა და სამწუხაროდ, ოქტომბერზე მართალი აღმოვჩნდი.

მეორე ტალღა იქნება უფრო რთული, უფრო ძლიერი და ამას ძალიან ბევრი დატვირთვა აქვს, როგორც ეკონომიკური, ისე ფსიქოლოგიური, ამასთანავე, სხვა თანმხლები დაავადებების დატვირთვაც. შესაბამისად, სიმძიმეს დავინახავთ ნოემბერში და არა - ოქტომბერში; დეკემბერი იქნება ურთულესი თვე და იმედია, შემდეგ ჩვენ შევძლებთ აფეთქების შებოჭვას და საბოლოო ჯამში, შემთხვევები ნელ-ნელა ქვევით დაიწევს, თუმცა ეს რადიკალური ვარდნა არ იქნება. სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით საქართველოში სიკვდილიანობა გაიზრდება და ამას უამრავი მიზეზი აქვს.

- პირველ რიგში, შეგიძლიათ გაუმხილოთ ჩვენს მკითხველს, მაშინ ეს კალკულაციები რაზე დაყრდნობით გაკეთდა?

- გლობალურ დონეზე ბევრ კოლეგასთან ვარ კონტაქტში და როდესაც სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით, იქ იყო როგორც ეკონომიკური, ასევე - ჯანდაცვის კალკულაცია, რომელშიც მონაწილეობას ვიღებდი. ვხედავდით, რომ სურათი ძალიან მძიმე იყო - ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ჯანმრთელობა, მეორე მხრივ კი გვაქვს ეკონომიკა. საუბარი იმაზეა, რომელია ამ ორს შორის მთავარი - ეკონომიკა თუ ჯანმრთელობა? ის ქვეყანა, რომელმაც პრიორიტეტი ჯანმრთელობას მიანიჭა, ეკონომიკას კლავს და პირიქით, ქვეყანა, რომელმაც ეკონომიკა დააყენა წინ, ჯანმრთელობას აზიანებს. თუმცა, ის ქვეყნები, ვინც ჯანმრთელობას აიღებენ პრიორიტეტად, მოკლევადიან პერსპექტივაში, 1-2 წლის განმავლობაში წამგებიან პოზიციაში იქნებიან, რადგან ეკონომიკურად ცუდ მდგომარეობაში ჩავარდებიან, მაგრამ გრძელვადიანში, 3-5 წელიწადში, მოგებულები დარჩებიან; ხოლო ვინც ეკონომიკას ანიჭებს უპირატესობას, მოკლევადიან პერიოდში, 1-2 წლის განმავლობაში მოგებულია, გრძელვადიან პერსპექტივაში კი წაგებული იქნება.

თითქმის მთელ მსოფლიოში პოლიტიკოსები მართავენ ქვეყნებს, არჩევნების ციკლი დაახლოებით 4-წლიანია, შესაბამისად, პოლიტიკოსები ძალიან მოკლევადიან შედეგებზე ფიქრობენ. ეს კალკულაციაშიც იყო ჩადებული, რომ ვინაიდან ძალიან ბევრ ქვეყანაზე არჩევნების გამო პოლიტიკური ზეწოლა იქნებოდა, პრიორიტეტი ეკონომიკაზე გაკეთდებოდა. უკვე მთელ მსოფლიოშია ამგვარი საუბარი: "რა მნიშვნელობა აქვს, კორონა მომკლავს თუ შიმშილი?!" როცა ეს სასაუბრო თემა ხდება, პოლიტიკოსები უყურებენ, რა მიმართულებით წავიდნენ და მიდიან იქ, სადაც ჩვენ - მთელი მსოფლიო ვართ. ძალიან მარტივი კალკულაციით, მთელი მსოფლიო 40 დღით ერთ დღეს რომ დაკეტილიყო, კორონა დამარცხდებოდა და ახლა მხოლოდ ცუდი მოგონება იქნებოდა, მაგრამ ვერ შევთანხმდით ვერც გლობალურად, ვერ - რეგიონულად.

კონკრეტულად, კალკულაციებში აღებული იყო 1918-19 წლის ე.წ. ესპანური გრიპის კალკულაციები, ასევე, SARS-ის, MERS-ის და სხვა გრიპების აფეთქებების. იყო რამდენიმე გამოთვლა: პირველის თანახმად, ტალღა მაღლა ჯერ ნელა ავიდოდა, შემდეგ ისევ ნელა ჩამოვიდოდა; მეორე, სწრაფად აიწევდა და მერე დავარდებოდა; "ესპანური გრიპის" კალკულაციებზე დაყრდნობით კი, სამი ტალღა იქნებოდა. პირველმა ორმა არ იმუშავა, ამიტომ ახლა მეორე ტალღაში შევდივართ - როცა ამას ვამბობთ, ეს ბევრს არ მოსწონს, მაგრამ რეალობაა. მეორე ტალღა უფრო მძიმე, რთული და მწარე იქნება ბევრი მიმართულებით, მის შემდეგ უკვე ქვემოთ ჩამოვალთ და მერე გვექნება მესამე, წესით და იმედია, ბოლო ტალღა.

- თქვენ ახსენეთ, რომ საქართველოში სიკვდილიანობა გაიზრდება და ამას ბევრი მიზეზი აქვს - კონკრეტულად, რა მიზეზებს გულისხმობთ?

- რამდენიმე თვის წინ ძალიან მკაცრად გავაკრიტიკე ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო. ძალიან მარტივი მოთხოვნა მქონდა - დადონ სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში ნოზოლოგიების მიხედვით - ანუ, რისგან გარდაიცვალა ადამიანი. ეს მოგვცემს საშუალებას, დავინახოთ, რა არის განსხვავება, რა იყო ადრე და სად ვართ ახლა. მაგალითად, ვთქვათ, რომ ვიღაც ქალბატონი გარდაიცვალა ზემო აჭარაში, ექიმმა თქვა, პნევმონიით გარდაიცვალაო. ჩვენ ვიცით, ის ქალბატონი პნევმონიით გარდაიცვალა თუ კოვიდით? ეს პირველი პრობლემაა, სიკვდილიანობის სტატისტიკა არასწორია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ასეა, არც ერთი სტატისტიკა არ არის ზუსტი, რადგან პოლიტიკური ინსტრუმენტია ყველა მთავრობაში. მეორეა სუფთა პროფესიონალიზმის ნაკლებობა. არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენ თანამედროვე სტატისტიკაზე ჯერჯერობით არ გადავსულვართ.

მეორე ინფორმაცია, რასაც ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, ისაა, რომ ესა თუ ის პირი თანმხლები დაავადებებით გარდაიცვალაო. ეს წინადადება და თანმხლებ დაავადებებზე აქცენტის გადატანა აბსოლუტურად არასწორი და არაპროფესიონალურია, რადგან იმ ადამიანს რომ არ ჰქონოდა კოვიდი, ის ხომ არ გარდაიცვლებოდა? ადამიანი გარდაიცვალა იმიტომ, რომ ორგანიზმი ებრძოდა კოვიდის ვირუსს, იმუნური სისტემა ჰქონდა დაქვეითებული და ა.შ. ანუ ფაქტობრივად, კოვიდმა მოკლა და არა - თანმხლებმა დაავადებებმა. ესეც ძალიან კარგადაა დასალაგებელი.

რაც შეეხება სიკვდილიანობის გაზრდის მიზეზებს, მეორე ტალღას ვხვდებით დაქვეითებული იმუნური სისტემით, რადგან ზაფხული მეტ-ნაკლებად ვერ გავატარეთ ისე, როგორც იყო საჭირო და შესაბამისი ნატურალური ვიტამინები ვერ მივიღეთ... კი, მზე და D ვიტამინი გვქონდა, ჩვეულებრივი ვიტამინები, ხილი და ბოსტნეული ნაკლები იყო, რადგან შეიცვალა ეკონომიკური მდგომარეობა და შესაბამისად, პრიორიტეტები. ჩვენი იმუნური სისტემა ასევე დაქვეითდა იმიტომ, რომ არის სტრესის ქვეშ, კოვიდის დროს ჩაკეტილები ვიყავით, შემდეგ ეკონომიკურმა პრობლემებმა იმოქმედა ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე. ასევე, სირთულეს წარმოადგენს ქრონიკული დაავადებები. კარანტინის დროს და მას შემდეგ ბევრი ქრონიკული დაავადება გამწვავდა - იმას, რასაც მაგალითად, პატარა ოპერაცია სჭირდებოდა, ახლა უფრო მძიმე ოპერაცია და მკურნალობა სჭირდება. ასევეა ეკონომიკური მდგომარეობა - ხალხი ცდილობს, ეკონომია გააკეთოს იმავე კვებაზე, წამლებზე, ვიტამინებზე და შესაბამისად, რაციონი, თუნდაც ხილი და ბოსტნეული შემცირებულია. ეს ყველაფერი დაგროვდა ერთად და მივიღეთ, რომ ახლა ყველანი რისკის ქვეშ ვართ, სხვა ვირუსებიც შემოდის, რომელიც დამატებითი სიმძიმეა და იმას მივიღებთ, რომ ჩვენი ორგანიზმი არ იქნება მზად. სწორედ ამის გამო იქნება ჩვენი მეორე ტალღა ძალიან რთული.

ამას ემატება ისიც, რომ ჯანდაცვის სისტემაში ბევრ ქვეყანაში დიდი ცვლილებები არ მოხდა, მათ შორის საქართველოცაა.

- ვიცით, რომ კორონავირუსი საკმაოდ ამოუცნობი ინფექციაა. თუმცა, ვირუსის შესახებ ამ თვეებში რა ახალი ცნობები გვაქვს?

- უკვე რამდენი თვეა, მსოფლიო ამ ვირუსს ებრძვის და რაც ვიცით, ისაა, რომ არაფერი არ ვიცით. არ ვიცით, რა შედეგი იქნება მაგალითად 9 თვეში, 1-2 წელიწადში. თუმცა, ის ვიცით, რომ, სამწუხაროდ, ბევრ გამოჯანმრთელებულ ადამიანს უჩნდება ახალი ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, ფილტვების და სხვა სახის დაავადებები; მენტალური დაავადებებიც გაიზარდა. ვირუსი კვალს სხვადასხვა მიმართულებით ტოვებს, განსაკუთრებით იმ მხრივ, რაც ორგანიზმში ყველაზე დიდი სისუსტეა - თუ სუსტი გული გქონდათ, გულს "დაეტაკება", თუ მწეველი იყავით - ფილტვებს და ა.შ.

- როგორც საქართველოს მაღალი რანგის თანამდებობის პირები ამბობენ, არსებობს საკმარისი რესურსი, მათ შორის საწოლები იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ ვირუსის ამ ტალღას გაუძლოს - დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით 4 000 საწოლია მობილიზებული. რამდენად საკმარისია ეს რაოდენობა?

- პოლიტიკოსი არ ვარ და ეს ჩემი მეცნიერული მოსაზრებაა - ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მზად არ არის. ფოკუსირება იმაზე უნდა გავაკეთოთ, თუ რამდენია რეანიმაციული საწოლი, სადაც არის ვენტილატორი, მოწყობილობა და შესაბამისად, სადაც არის მომზადებული, კვალიფიციური მედპერსონალი - ექიმები, ექთნები და სანიტრები. 4 000 საწოლი რა არის, თუ არ გყავთ შესაბამისი მედპერსონალი? ამდენი რეანიმატოლოგი საქართველოში არ არსებობს. ძალიან პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ჩემი მონაცემებით, საქართველოში ექთნების საშუალო ასაკი 60 წელია, როცა საერთოდ, რეანიმაციულ განყოფილებაში საშუალო ასაკი 45 წელი უნდა იყოს. ექთნების ძალიან დიდი ნაკლებობა გვაქვს ქვეყანაში და ამაზე არავინ ლაპარაკობს. არავინ ლაპარაკობს არც იმაზე, რომ ექთნებს, რომლებიც წინა ხაზზე უნდა იდგნენ, 200-250 ლარი აქვთ ხელფასი. ამასთანავე, უმრავლესობას სკოლის სერტიფიკატი არ აქვს, ანუ შესაბამისად, არ არის უწყვეტი სამედიცინო განათლება, საქართველოში ბევრმა ექთანმა არ იცის განსხვავება მილილიტრსა და მილიგრამს შორის, ეს კი სისტემის ბრალია.

- თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა იზღუდება. როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას, იმის გათვალისწინებითაც, რომ როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ინფიცირების ზრდა არ შეჩერდება - თქვენი ხედვით, რა ზომები უნდა იქნას გატარებული, რომ ჯანმრთელობის დაცვასთან ერთად, არც ეკონომიკას, არც პოლიტიკურ პროცესებს არ მიადგეს უდიდესი ზიანი?

- ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს, რომ ზრდა იქნება. ზრდა იქნება ძალიან მკაცრი, გეომეტრიული პროგრესიით და დიდი იქნება სიკვდილიანობა. დაინახავთ, რამდენიმე კვირაში რეანიმაციული საწოლები აღარ გვექნება. რაც შეეხება შეზღუდვებს, მაგალითად, შვეიცარიაში და საფრანგეთში სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ ძლიერი საწოლფონდი ჰქონდეთ. თუ საწოლფონდი იკლებს, ანუ აღარაა ადგილი, მაშინ კეტავ საზოგადოებას, რომ ვირუსი აღარ გაძლიერდეს. საქართველოში თუ ეკონომიკის გახსნა უნდათ, საწოლფონდი უნდა შექმნან და ინფიცირებულ ადამიანს საავადმყოფო მიხედავს - ეს ამ ვირუსის მართვის ბაზისური ლოგიკაა.

ვაკვირდები ტენდენციას, რომ საქართველოს მთავრობა ბევრი კუთხით იმის იმიტაციას აკეთებს, რაც საფრანგეთში ხდება. ეს ცუდი არ არის, მაგრამ საქართველოში რეალობა ოდნავ განსხვავებულია, საწოლები არ გვაქვს და არ გვაქვს ფუფუნება, გავაკეთოთ ის, რასაც საფრანგეთი აკეთებს. ეს ქვეყანა საწოლების მობილიზაციას თებერვლიდან აკეთებდა და ეს არ შეჩერებულა, ტრენინგებსა და მოწყობილობებში ძალიან დიდი ინვესტიცია იქნა ჩადებული. არჩევნების მეორე დღეს საქართველო დაიკეტება, რადგან ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უკვე ვეღარ გაუძლებს - 1-2 კვირას, არჩევნებს რაღაცნაირად გადაიტანენ და როგორც კი 2 კვირა გავა, არჩევნების მეორე-მესამე დღეს ქვეყანა ჩაიკეტება, რადგან უკვე საწოლები აღარ გვექნება, დიდი რიგები დადგება საავადმყოფოებთან და პრაქტიკულად, სახელმწიფოს სხვა გზა არ ექნება. არ ვიცი, ვინ იქნება ეს მთავრობა, მაგრამ ფაქტია, რომ არჩევნების მერე რამდენიმე დღეში ასე მოხდება. მე რომ მკითხონ, ქვეყანა ახლაც ჩაკეტილი უნდა იყოს... ახლა რესტორნებს კეტავენ, მაგრამ ეს ნახევარი ნაბიჯია, ეს გამოსავალი არ არის.

- რისი თქმა შეგიძლიათ შესაძლო ვაქცინებზე - რამე სიახლე ხომ არ არის ამ მიმართულებით?

- ვაქცინასთან დაკავშირებით სკეპტიკური ვარ. ერთი ვაქცინის მომზადებას მილიარდნახევრიდან 5 მილიარდამდე დოლარი 2-დან 5-წლამდე პერიოდი სჭირდება - ეს სტანდარტული ფინანსური და დროითი ფაქტორია იმისთვის, რომ ვაქცინა მოიგონო, გააკეთო და გაუშვა სერიაში. ორ წელიწადზე ნაკლებში ჯერჯერობით არც ერთი ვაქცინა არ ყოფილა მოგონებული, ყველაზე მინიმალური კალკულაცია შეიძლება, 18 თვე იყოს, რა დროც ჯერ არ გასულა. მეორე ფაქტორია, რომ ვაქცინების წარმატება მხოლოდ 6%-ია, ეს ნიშნავს, რომ თუ ახლა 100 ვაქცინას აკეთებენ, მათგან შეიძლება, 6-მა გაამართლოს. 36 ვაქცინა ე.წ. ბოლო სტადიაზეა, თუმცა ტექნიკური მაჩვენებელი რომ ნახოთ, შეგეშინდებათ, რადგან მათგან ზოგს -35 გრადუსი სჭირდება. ამ ტემპერატურის შენარჩუნების გარანტია გვაქვს, როდესაც ვაქცინის ტრანსპორტირებაზეა საუბარი? ამასთანავე, ყველაზე მთავარი მოსახლეობის მიერ ვაქცინის მიუღებლობაა, რაც ვაქცინაციის პროცესში დიდ პრობლემას შექმნის. სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას, რომ ვაქცინა ჩვენთვის ერთადერთი გამოსავალია.

- ვინაიდან წინა ინტერვიუში, პირველი ტალღის დროს მეორე ტალღაზე ვისაუბრეთ, ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მაინც არ ვიცით, როგორ ჩაივლის მეორე ტალღა, რა პროგნოზები გაქვთ უკვე მესამე ტალღის შესახებ?

- მესამე ტალღა დამოკიდებული იქნება მეორე ტალღაზე - მეორე ტალღა წესით იანვარში ნელ-ნელა უნდა შემცირდეს და მაისისთვის მნიშვნელოვნად დაიკლოს, ზაფხულში ამოვისუნთქებთ. ალბათ, მესამე ტალღა მომავალ წელს, ამ დროს გვექნება, მას ვერ ავცდებით. ამასობაში იმედია, ვაქცინა ან რამე წამალი მოგვისწრებს. ერთადერთი, რაც ამ ვირუსის შესაჩერებლად შეგვიძლია გავაკეთოთ, ჩვენი იმუნური სისტემის გაძლიერებაა - მივიღოთ D3 ვიტამინი, ასევე, ცინკია ძალიან კარგი და მაქსიმალურად არ უნდა ვინერვიულოთ. ისიც დავიმახსოვროთ, რომ ერთი მეტრი დისტანცია საკმარისი არ არის, მინიმუმ 2-მეტრიანი დისტანცია უნდა დავიცვათ, აუცილებელია ხელების დეზინფექცია და პირბადე. რაც შეეხება მთავრობას, მან ჯანდაცვის სისტემას უნდა მიხედოს, გვერდზე გადადოს პოლიტიკური საკითხები, სამედიცინო პერსონალს მისცეს შესაბამისი ხელფასები და აღჭურვილობა, დაატრენინგოს ისინი და მობილიზაცია გააკეთონ რესურსების, რადგან თუ რეანიმაციული საწოლები გვექნება, ქვეყნის გახსნას შევძლებთ, ხოლო თუ არ გვექნება, ქვეყანა დახურული იქნება.

"რომ მეკითხებიან როგორ ვარ, ვპასუხობ, რომ უცნაურად - თითქოს გაგუდული ვარ" - როგორ მკურნალობს კოვიდინფიცირებული მანიკა ასათიანი?

"დარწმუნებული ვარ, კახა გვიყურებს და უღიმის ცნობილი ულვაშებში ღიმილით" - ბენდუქიძის ქალიშვილს მამის გარდაცვალებიდან 6 წლის თავზე ვაჟი შეეძინა

"ან ბიულეტენების მეტობა გვაქვს, ან - ნაკლებობა - ეს საციხო საქმეა ქალბატონო თამარ!" - გიორგი კანდელაკი თამარ ჟვანიას