ავტორი:

"მნიშვნელოვანია სტაჟირების პროგრამით კარიერის დაწყება, განსაკუთრებით კი ძალოვან სტრუქტურებში გამომძიებლის პოზიციაზე"

"მნიშვნელოვანია სტაჟირების პროგრამით კარიერის დაწყება, განსაკუთრებით კი ძალოვან სტრუქტურებში გამომძიებლის პოზიციაზე"

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელება 1 წლის წინ, 2019 წლის 1-ლი ნოემბერიდან დაიწყო. სამსახური, როგორც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს იძიებს. ამოქმედების პირველი დღიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაკომპლექტდა გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით.

ახალი კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სტაჟიორ-გამომძიებელთა პროგრამა დანერგა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამსახური სტაჟიორების მისაღებად კონკურსს აცხადებს. პროგრამა მოტივირებულ და პროფესიონალ იურისტებს - საუკეთესო გამოცდილების მიღების, გამომძიებლად დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

დაინტერესებული პირებისთვის სტაჟიორ-გამომძიებელთა კონკურსზე რეგისტრაციის ვადა მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს იწურება. ახალი პროგრამის შესახებ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი სოფო ჭარელი გვესაუბრება:

- სოფო, სანამ უშუალოდ ახალი პროგრამის და მასში მონაწილეობის ეტაპების შესახებ გადავალთ, გვითხარით რატომ უნდა აირჩიონ სტაჟირება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში?

- აღსანიშნავია, რომ სტაჟიორ-გამომძიებლები აღჭურვილნი იქნებიან გამომძიებლის უფლებამოსილებით და ისინი 1 წლის განმავლობაში, პროფესიონალ გამომძიებელთა გუნდთან მუშაობით, მიიღებენ რეალურ და პრაქტიკულ გამოცდილებას. იყო სტაჟიორთა პირველი ნაკადის წარმატებული მონაწილე, ეს ნიშნავს თავადაც წვლილი შეიტანო ამ მნიშვნელოვანი სამსახურის განვითარების პროცესში.

ამასთან, მოხდება მუდმივი ზრუნვა მათ პროფესიულ განვითარებაზე. სტაჟიორები გაივლიან მოსამზადებელ კურსს, ჩაერთვებიან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში და დააგროვებენ ცოდნას, რომელსაც პრაქტიკაში გამოიყენებენ. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სტაჟირების კონკურსი დასაქმებისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობაა.

- რატომ გადაწყდა სამსახურში სტაჟიორ-გამომძიებლის პროგრამის ამოქმედება?

- აღსანიშნავია, რომ სტაჟიორ-გამომძიებელთა კონკურსი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ პირველად ცხადდება და მის მიზანს ახალი კვალიფიციური კადრების მოზიდვა წარმოადგენს.

- უფრო დეტალურად რომ გვიამბოთ, უშუალოდ პროგრამის და შერჩევის პროცესის შესახებ?

თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა 2 დღეში იწურება და მსურველებმა თავიანთი აპლიკაციის გადმოგზავნა 18 ოქტომბრის დღის ბოლომდე უნდა მოასწრონ. კონკურსი 2020 წლის 5 ოქტომბრიდან გამოცხადდა და უკვე 200-მდე კონკურსანტი გვყავს რეგისტრირებული.რაც შეეხება საკონკურსო მოთხოვნებს, გეტყვით, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი უნდა იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა ან საერთო/სისხლის სამართლის მიმართულებით მოსამართლეობის/პროკურატურის/ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ სტაჟიორ-გამომძიებლები აღჭურვილნი იქნებიან გამომძიებლების უფლებამოსილებით და ისინი პრაქტიკულ პროცესს სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობითა და მენტორის მხარდაჭერით გაივლიან. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადია და ყოველთვიური სარგოს ოდენობა 700 ლარს შეადგენს.

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შეფასება რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და შემდეგ ძირითად საფეხურებს მოიცავს:

• საკონკურსო განაცხადების (აპლიკაციების) მიღება/გადარჩევა;

• პროფესიული ტესტირება;

• ტესტირება ზოგად უნარებში;

• გასაუბრება.

როგორ მოგმართონ კანდიდატებმა და რა ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ?

სტაჟიორ-გამომძიებელთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი (აპლიკაცია) ელექტრონულად სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით უნდა გამოგზავნოს.

ელექტრონულ განაცხადს თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (ან პასპორტი) ასლი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან საერთო/სისხლის სამართლის მიმართულებით პროკურატურის/მოსამართლის/ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ასევე, განაცხადში მითითებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია. ამასთან, ქართულ ენაზე უნდა შეავსონ სამოტივაციო წერილის გრაფა. დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის ნახვა ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook გვერდზე შეუძლიათ.

- რამდენი სტაჟიორ-გამომძიებლის დასაქმება იგეგმება?

- სტაჟიორ-გამომძიებელთა პირველი ნაკადის ფარგლებში გამოცხადებულია 5 ვაკანსია. წარმატებული კანდიდატები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთ სამმართველოში დასაქმდებიან.

მართალია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის სტაჟირების პროგრამა სიახლეს წარმოადგენს, თუმცა სამსახურში დასაქმებულია არაერთი გამომძიებელი, რომლებმაც კარიერა სხვა უწყებებში სწორედ სტაჟირების გავლის გზით დაიწყეს. სამსახურის მოქმედი გამომძიებელი, ირაკლი ლუხოშვლი გამომძიებლის პროფესიისთვის სტაჟირების პროგრამაში ჩართულობის მნიშვნელობაზე გვესაუბრა.

- ირაკლი, რამდენი წელია რაც გამომძიებელი ხართ და თქვენი კარიერის საწყის ეტაპზეც რომ გვიამბოთ...

- გამომძიებლის პოზიციას დაახლოებით ერთი წელია, უფრო ზუსტად 11 თვეა რაც ვიკავებ. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კარიერა სტაჟირების გზით საქართველოს პროკურატურაში დავიწყე. სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ პროკურორად დავინიშნე და იქვე განვაგრძე საქმიანობა. 2019 წელს გამოცხადდა კონკურსი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის ვაკანსიაზე, სადაც მივიღე მონაწილეობა. კონკურსი წარმატებით გავიარე და როგორც უკვე აღვნიშნე 11 თვეა რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი ვარ.

- იურისტის წარმატებული კარიერისთვის რამდენად მნიშვნელოვანია სტაჟირების პროგრამის გავლა?

- ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია სტაჟირების პროგრამით კარიერის დაწყება, განსაკუთრებით კი ძალოვან სტრუქტურებში გამომძიებლის პოზიციაზე. სტაჟირების ეტაპზე კანდიდატს შესაძლებლობა ეძლევა ნელ-ნელა გაეცნოს იმ კონკრეტულ მიმართულებას და საქმეს, რომლის კეთებაც მას მომავალში მოუწევს. დამეთანხმებით, ერთიანად ყველაფერის ათვისება რთულია, ამიტომ ძალიან გვეხმარება როდესაც პრაქტიკულ საქმიანობას მენტორის მითითებებითა და მხარდაჭერით ეტაპობრივად ვსწავლობთ.

მაგალითად, მე რომ საქმიანობა ამ საფეხურის გავლის გარეშე დამეწყო, ვფიქრობ, კარიერული თვალსაზრისით გაცილებით უფრო დაბალ საფეხურზე ვიქნებოდი და ნაკლებად ვიქნებოდი მზად პრაქტიკაში არსებული პროფესიული გამოწვევებისთვის. ერთწლიანი სტაჟირება ძალიან დამეხმარა იმ საქმის გაანალიზებაში რასაც ვაკეთებ.

- ირაკლი რას ეტყოდი მომავალ სტაჟიორებს?

- მე არც თუ ისე დიდი ხნის წინ ვიყავი სტაჟიორი. ვიცი რა გრძნობაა როდესაც სტაჟიორი ხდები. შედიხარ უცხო სტრუქტურაში და მის საქმიანობას ნელ-ნელა უწყობ ფეხს. ეს იმდენად მაგარი შეგრძნებაა, რომ ჩვენს პროფესიაში მუშაობის დაწყების მსურველებს ამ საფეხურის გამოტოვებას არ ვურჩევდი.პირველ რიგში ადამიანი ცოდნაზე უნდა იყო ორიენტირებული, რომ შემდეგ კარიერულად შედგე. ამ ერთი წლის განმავლობაში მიგაქვს იმდენად დიდი ცოდნა და გამოცდილება, რომლითაც ნებისმიერი სამსახურის კარს შეაღებ.შენ რას მისცემდი და ასწავლიდი მომავალ სტაჟიორებს?მთავარი რაც სტაჟიორს უნდა მისცე არის მოტივაცია, დაანახო ის თუ რამდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. პირადად მე, ჩვენს მომავალ სტაჟიორებს მაქსიმალურად გვერდში დავუდგები და შევეცდები ის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა რაც გამაჩნია მათაც გავუზიარო.წარმატებებს ვუსურვებ მომავალ სტაჟიორებს, ჩვენს მომავალ კოლეგებს, რომლებიც პრაქტიკაში გამოიყენებენ იმ თეორიულ ცოდნას, რაც დღემდე მიიღეს. ასე რომ, ყველა დამწყებ გამომძიებელს კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებას.

8 დარღვევა, რის გამოც საქართველოში ყველაზე მეტი მძღოლი ჯარიმდება

"თითოეული მონაწილე წარმართულად მხოლოდ თავის წყაროს წყალს სვამდა" - მესხური თამაშები: მითი თუ სინამდვილე? რას წერდა "დროება" 138 წლის წინ

კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა - ლევან რატიანი