ავტორი:

"მცენარეების სახით ჩემს სახლში ბევრი სულიერი არსებაა" - ვინ არის გაეროს ქართველი თანამშრომელი, რომელმაც ვაკეში ულამაზესი ორანჟერეა მოაწყო

"მცენარეების სახით ჩემს სახლში ბევრი სულიერი არსებაა" - ვინ არის გაეროს ქართველი თანამშრომელი, რომელმაც ვაკეში ულამაზესი ორანჟერეა მოაწყო

მრავალმხრივი ადამიანია, ბევრი რამ იტაცებს, რა საქმესაც ხელს მოჰკიდებს, ყველფერი გამოსდის. ამჯერად თავისი ორანჟერიით მიიქცია ყურადღება, რომელსაც საოცრად პატრონობს - მცენარეები კი ამით მადლიერები ყვავიან და ხარობენ.

გვანცა ასათიანი 2010 წლიდან გაეროს ქალთა ორგანზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტია. ორგანიზაცია ქალთა უფლებებს და მსოფლიოში ქალთა გაძლიერებას ემსახურება. ამბობს, რომ გაეროს სხვა სააგენტოებშიც მუშაობდა და უკვე 15 წელია, ამ ორგანიზაციის თანამშრომელია.

- გვანცა, საუბარი თქვენი ლამაზი ორანჟერით დავიწყოთ...

- ფალიაშვილზე, სადაც ვცხოვრობ, სამი ძალიან საყვარელი სახლი დაანგრიეს და სანაცვლოდ, გაუგებარი, მახინჯი კონსტრუქციის შენობები ააშენეს, ამასთან, ხეებიც გააქრეს. მხოლოდ ერთადერთი ხე დარჩა, რომელიც ჩემს ტერასას უყურებს... იმის გამო, რომ გარშემო მწვანე გაერმო აღარ არსებობდა, სუფთა ჰაერს ვეღარ ვსუნთქვდი და სახლი სამშენებლო მასალის მტვრისგან, მანქანის გამონაბოლქვისგან სათანადოდ აღარ იწმინდებოდა, მცენარეების შესწავლა დავიწყე. პირველ რიგში ვეძებდი ისეთებს, რომლებიც ოთახში ჟანგბადს ასუფთავებდა. აქედან დაიწყო ჩემი "სახლის მებაღეობა". ეს გატაცება დედას და დასაც გადავდე (ჩემი და ცოტა ხანში ოფიციალურად მებაღე გახდება - მცენარეების შესახებ ჩემზე 100-ჯერ მეტი იცის).

ამ მიმართულებით მოსახლეობაშიც უკვე დიდი დაინტერესებაა, რადგანაც ადამიანებმა სიმწვანის დეფიციტი და ნაკლებობა გაიაზრეს. ყოველდღიურად ამ სფეროთი სულ უფრო მეტ დაინტერესებულ ადამიანს ვხდები. უნდათ, ბევრი გაიგონ მცენარეების შესახებ. ხშირად მოყვარული მეყვავილეები ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ. მოკლედ, სახლში დღეს ბევრი მცენარე "მყავს"...

- "მყავს" - მცენარეებზე ასე საუბრობთ. ე.ი. მათ ასულიერებთ?

- კი, ასეთი დამოკიდებულება მნიშვნელოვანია, რადგანაც ძალიან სენსიტიურიები არიან. ზოგჯერ შეიძლება, ადგილის შეცვლა არ მოეწონოთ... ახალ ყლორტს რომ დავინახავ, შევხარი და ველაპარაკები. ეს დადებით ენერგია კი ორმხრივია. სითბოს, კომპლიმენტებს გრძნობენ, ესმით და მადლიერების ნიშნად, აღარ იწყენენ, ლამაზდებიან.

ფოტოს ავტორი: ანანო ასათიანი

- რა დროს უთმობთ მცენარეებს?

- ზამთარში ნაკლები დროს ითხოვენ. ზაფხულში მეტი დრო სჭირდებათ. ისე კი, ჩემი მცენარეების რაოდენობიდან გამომდინარე, საათ-ნახევრი მაინც მინდა, რომ ყველას მივხედო, - დავბანო, მოვრწყა, თუ საჭიროა, მიწა გავუფხვიერო, მოვეფერო. ცხადია, სამზამთროდ შემზადებაც სჭირდებათ.

- ამ ურთიერთობას ემოციურად რა მოაქვს?

- თავს მარტო არ გვრძნობ, მცენარეების სახით, ჩემს სახლში, ძალიან ბევრი სულიერი არსებაა, რომლებსაც აქვთ თავისი ხასიათი, მოთხოვნები, ამიტომ ვცდილობ, არაფერი დავაკლო - ადამიანებივით არიან. პანდემიის დასაწყისში, როცა სახლში ონლაინვმუშაობდი, განტვირთვის საუკეთესო საშუალება მათთან ურთიერთობა იყო. ისე ვარ მათ შეჩვეული, ხანდახან სადმე წასვლა ორი დღითაც მიჭირს, ვნერვიულობ, არ მოიწყინონ... ახლა მინდა, ტერასის მცენარეები კარგად შევარჩიო, რომ აქაურობა სათანადოდ მოვაწყო.

- მოკლედ, გარემოზე ზრუნვა სიამოვნებას განიჭებთ...

- ის გაფრთხილებები, რომელსაც გაეროს სააგეტოები აკეთებენ, ყურადსაღებია, რადგანაც კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე, მრავალი მნიშვნელოვანი კვლევა დაიდო. თუ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, ყველაფერი წინ დაგვხვდება. ქვეყნებმა სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგან იმ მიმართულებით, რომ დედამიწაზე ტემპერატურის მაჩვენებლმა სამ გრადუსამდე არ აიწიოს, თუმცა უკვე საგრძნობლად არის აწეული, რაც ნიშნავს, რომ იმ ნიშნულთან მალე მივალთ, რაც დიდ კატასტროფებს გამოიწვევს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ნოვაციების მოგონება და ალტერნატიული ენერგეტიკული რესურსების მოძიება. როდესაც მყინვარწვერზე დაკვირვება გააკეთეს, ნახეს, რომ ყოველ წელს 1-დან 2 მეტრამდე ყინული უკან იხევს, დნება... რაც ერთ დღესაც, ვიმეორებ, პრობლემის წინაშე დაგვაყენებს...

- როგორც ვიცი, პანდემიის პირველ ეტაპზე, თქვენი ასევე საყვარელი გატაცება კულინარია იყო. "ფეისბუქში" სამზარეულო რეცეპტების გვერდიც შექმენით...

- იმ პერიოდში მაქსიმალურად ვცდილობდი, სოციალურ ქსელებში და მედიასთან ნაკლები შეხება მქონოდა, უფრო აღმოჩენებისკენ, შემეცნებისკენ ვყოფილიყავი მიმართული. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ კულინარიული მიმართულებით მგონი, მართლა კარგი მონაცემები მაქვს...

მეუღლე იტალიელია და მასთან ერთად, სადილის მომზადება ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და საუკეთესო წუთები... ჩვენთან ყოველთვის ბევრი სტუმარია, რომლებმაც იციან, რომ ორივეს მზარეულობა გამოგვდის. ხშირად უკითხავთ, ამა თუ იმ კერძს როგორ ვამზადებ? "ფეისბუქის" პირად გვერდზე კერძების გამოფენა უხერხულად მივიჩნიე. ამისთვის ცალკე გვერდი გავაკეთე, სადაც ამა თუ იმ რეცეპტს ვდებდი თავისი პატარ-პატარა ამბებით. ამ გვერდის საშუალებით კი დაინტერესებული ადამიანები თავს კულინარიული კუთხით გამოცდიდნენ.

იტალია ჩემი ცხოვრების ნაწილია, იქ მომიწია სწავლამ, მოგზაურობამ და დღეს იტალიელების რძალიც ვარ. პრინციპში, ის ტრადიციული რეცეპტები, რომლებიც ადამიანებს გავუზიარე, ამ ქვეყანას უკავშირდება... გვერდმა გაამართლა, იმდენი საკვების გაკეთება მომიხდა, რომ მგონი, ყველა გასუქდა. ახლა ხელი მივყავი ჯანსაღი ცხოვრების წესს. პასტა და ტკბილი „ამბები“ რაციონიდან ჯერჯერობით ამოვიღე.

- იტალიურსა და ქართულ კერძებს შორის სხვაობა რაშია?

- იტალიური სამზარეულო არ არის გაპრანჭული, იმის საშუალებას გაძლევს, რომ კერძი მალე გააკეთო და სუფრაზე ცხელ-ცხელი მიიტანო... ქართულ სამზარეულოში ბევრია ცხელი კერძი, მაგრამ გვაქვს ისეთებიც, მაგალითად, ფხალეული და კიდევ სხვაც, რისი წინასწარ მომზადებაც შეგვიძლია... ქართულ სამზარეულოში აქტიურად ვიყენებთ სუნელებს, მწვანილს, ეს იტალიურ სამზარეულოში არ გვხვდება. იტალიელებს ქინძი არ უყვართ, მეუბნებიან, რომ ქინძიანი კერძები არ დავახვედრო...

- მეუღლეს იტალიაში უწევს ყოფნა და პანდემიის გამო ხომ არ მოგიწიათ ხანგრძლივად დაცილება?

- მთელი ზაფხული აქ იყო. დეკემბერში ისევ ჩამოვა. ფაბიო ლაპი წარმოშობით რომიდანაა, ფინანანსისტი გახლავთ. ექიმების ოჯახიდანაა, მამა რომის ბავშვთა მთავარი პედიატრი გახლდათ. მას ახლახანს რომში სამედიცინო უნივერსიტეტმა 85 წლისთავი გადაუხადა...

მე და ფაბიო 10 წელზე მეტია, ერთად ვართ. ჩვენს ურთირთობაში მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს - მათ შორის, მოგზაურობა და ხშირად ვმოგზაურობთ. საქართველო ზეპირად იცის და წარმოიდგინეთ, ზოგიერთ ქართველზე უკედაც. ყველგან ნამყოფები ვართ და დეტალებში ყვება ნანახის შესახებ. ის ასევე სქართველოს მოქალაქეცაა .ქართულად ყელაფერი ესმის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის არაოფიციალური ელჩია იტალიაში. იქ ჩვენს ქვეყანას წარადგენს. თუ იტალიელმა მეგობრებმა, ახლობლებმა საქართველოს შესახებ რამე იციან, ეს ფაბიოს დიდი დამსახურებაა - ჩემთვის კი გულისამაჩუყებლად ემოციური ამბავი, რადგანაც ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ...

- შვილიც გაგავცანით...

- ეკატერინე 19 წლისაა, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მეორეკურსელია. ბავშვობიდან განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანია. დარწმუნებული ვარ, პროფესიონალი იქნება და ბევრ ადამიანს დაეხმარება. შეიძლება ითქვას, რომ მასთან ერთად გავიზარდე. ის ასევე საუკეთესო მეგობარია, ბევრი რამის გააზრებაში, ჩამოყალიბებაში მეხმარება. კი, შვილი და მეუღლე ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. ყოველთვის ბევრ კითხვას ვუსვამ, მათი აზრი ჩემთვის ყურადღსაღებია - ოჯახის წევრებთან ერთად ბევრ რამეს ვწყვეტ.

- სამსახურიც როგორც ვატყობ, თქვენთის ინსპირაციაა...

- მუშაობა ძალიან ახალგაზრდამ დავიწყე, 17 წლის ვიყავი, რომ ერთ-ერთ ბანკში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ვიყავი. მაშინ ხალხი ვერც ხვდებოდა, რა რეგალია მქონდა... 90-იან წლებში, შევარდნაძის პრეზიდენტობისას, მინისტრის თანაშემწეც გახლდით. ბაკალავრიატი იტალიაში დავასრულე, მაგისტრატურა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ამერიკულ უნივერსიტეტსა და ჯიპაში გავიარე. ხომ ვამბობ, სწავლის პარალელურად სულ ვმუშაობდი... იტალიაში ყველაზე მნიშვნელოვანი 2 წელი გავიარე, რომელმაც პრაქტიკულად განაპირობა ის, რასაც დღეს ვსაქმიანობ, ადამიანის უფლებების საკითხებს ვემსახურები.

ფოტოს ავტორი: ანანო ასათიანი

- რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?

- მგონია, რომ ცხოვრება საინტერესოა, ძალიან ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს იმისთვის, რომ ჩვენში აღმოვაჩინოთ სხვადასხვა უნარი, გავხდეთ მებაღეები, კულინარები, აქტვისტი ქალები, შევცვალოთ გარემო და უფრო კომფორტულად ვიყოთ ჩვენს თავთან იმ გარემოშიც, რომელშიც ვცხოვრობთ. ყველას ვუსურვებ, მეტი დრო ჰქონოდეთ (რადგანაც დრო ფუფუნებაა), რომ თავში აღმოეჩინოთ სხვადასხვა ნიჭი, აისრულონ სურვილები, - ამ შემთხვევაში, უმეტესად ქალებს მივმართავ. ჩემი საქმიანობა სწორედ იმას ემსახურება, რომ არსებული ბარიერები და სტერეოტიპები მოიხსნას და ქალები ამისგან გათავისუფლდნენ.

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტი მკურნალობს საქართველოში და რამდენი ადამიანია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე

"თუ 90%-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე იქნება პირბადით იქ, სადაც საჭიროა, გავრცელება შემცირდება 70%-ით... მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება გარე სივრცეებშიც"

"საბედნიეროდ, შემთხვევების 90% არის მსუბუქი, სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია მარტივია - დარჩით სახლში, იყავით იზოლირებულად, დაურეკეთ ოჯახის ექიმს"