ავტორი:

"ყველაზე უარესი სცენარი ის იქნება, რომ ვაქცინამ გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს..." - მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორის ექსკლუზიური ინტერვიუ

"ყველაზე უარესი სცენარი ის იქნება, რომ ვაქცინამ გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს..." - მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორის ექსკლუზიური ინტერვიუ

მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი მოჰამედ საჯადი: კარანტინის გარეშეც ხალხი ფრთხილად უნდა იყოს და ინტერაქციები შეზღუდოს, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში.

რამდენიმე თვის წინ AMBEBI.GE-ს მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარი, ვირუსოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი, მოჰამედ საჯადი საკუთარი კვლევის შესახებ ესაუბრა, რომლის თანახმადაც კორონავირუსს სეზონურობა ახასიათებს, ე.ი. განსაკუთრებით ვრცელდება გარკვეული ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში. ამჟამად, COVID-19-ის მეორე ტალღასთან მსოფლიოს "შერკინების" ეტაპზე საინტერესოა, რამდენად დადასტურდა სეზონურობის თეორია და სხვა რა ფაქტორები გამოიკვეთა ინფექციასთან თანაცხოვრების გასული თვეების განმავლობაში - ამ თემებზე მეცნიერი მოჰამედ საჯადი AMBEBI.GE-ს კვლავ ესაუბრება.

- ბატონო მოჰამედ, რამდენიმე თვის წინ ვისაუბრეთ კორონავირუსისა და თქვენი კვლევის შესახებ, რამე ახალი კვლევა ხომ არ ჩაგიტარებიათ ამ დროის განმავლობაში?

- ახალი მონაცემები და კვლევები არ გვაქვს, თუმცა შესაძლებელია ძველების გადახედვაც. ჩემს ლაბორატორიაში კორონავირუსზე სხვადასხვა ასპექტით ვმუშაობთ - ამჟამად, უმეტესად ადამიანის სხეულის რეაქციით და კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულებით ვართ დაკავებულები.

- დღევანდელი გადასახედიდან, შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენი თეორია ტემპერატურისა და ტენიანობის შესახებ, როგორც კორონავირუსის ინფექციის განმსაზღვრელ ფაქტორზე, გამართლდა?

- დიახ, ეს კარგი კითხვაა. მაინც ვფიქრობ, რომ ეს თეორიაა, არ ვთვლი, რომ 100% -ით დამტკიცებულია, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ეპიდემიის, უფრო სწორედ, პანდემიის ძალიან ადრეულ ეტაპზე ვიმყოფებით. მონაცემების ორი ტიპი არსებობს, რომელთა გადახედვაც შესაძლებელია: პირველია ამა თუ იმ გეოგრაფიულ არეალში ინფექციის შემთხვევათა რაოდენობაზე დაკვირვება მაშინ, როდესაც კლიმატი იცვლება; მეორე, ალბათ, ამაზე დაკვირვების უფრო სუფთა გზა ლაბორატორიაში, ცხოველებში ინფექციაზე დაკვირვებაა ტემპერატურისა და ტენიანობის შეცვლის პარალელურად. ეს გაკეთდა გრიპის შემთხვევაში, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, კორონავირუსზე ჯერ არ გაკეთებულა. ვფიქრობ, უამრავი მტკიცებულება არსებობს იმის სათქმელად, რომ ტემპერატურაზე და ტენიანობაზე თეორია სწორია, მაგრამ ვიდრე ამ მონაცემებს არ ვნახავ, ვამბობ, რომ ეს ჯერჯერობით დაუდასტურებელი თეორიაა.

- თქვით, რომ ამჟამად კორონავირუსის წინააღმდეგ ადამიანის ორგანიზმის მოქმედებასა და ანტისხეულებს შეისწავლით. ამაზე უფრო დეტალურად რისი თქმა შეგიძლიათ?

- ერთ-ერთი გზა, რომლითაც ადამიანის სხეული სხვადასხვა, ბაქტერიებისგან, ვირუსებისგან და პარაზიტებისგან გამოწვეულ დაავადებას ებრძვის, ანტისხეულებია. ვაქცინაციის ერთი მიზანია, სხეულმა ანტისხეულები წარმოქმნას, მეორე კი ისაა, რომ ორგანიზმი იმახსოვრებს ამა თუ იმ ვირუსსა და ბაქტერიას, შემდეგ კი, როდესაც მას ისევ აღმოაჩენს, ​​უფრო სწრაფად იმოქმედებს. საკითხი, რომელთან გამკლავებასაც ამჟამად ვცდილობთ, ისაა, თუ რამდენ ხანს გრძელდება ეს რეაქცია კორონავირუსზე - მაგალითად, რამდენიმე თვე, 6 თვე, წელიწადი? ასევე, გვაქვს თუ არა განმეორებითი დაინფიცირების საშიშროება? ბევრი ინფექციის შემთხვევაში, დაინფიცირების შედეგად ორგანიზმი ანტისხეულებს სამუდამოდ წარმოქმნის - ამისთვის მხოლოდ ერთხელ დაინფიცირებაა საკმარისი, ხანდახან კი რამდენიმე ვაქცინის მიღება, რაც განაპირობებს ანტისხეულების წარმოქმნას და მათ სხეულში დარჩენას ათწლეულების ან მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მაგრამ კორონავირუსის - ყველაზე ცოტა, COVID-19-ის "ბიძაშვილების" (ვინაიდან ვიცით, რომ კორონავირუსის კიდევ 4 სახეობა არსებობს) შემთხვევაში ვიცით, რომ ანტისხეულების არსებობა არ გრძელდება; ამიტომ ამაზე უკვე ვფიქრობთ, სწორედ ეს არის ამ დაავადების პოტენციური პრობლემა.

- თუმცა ჯერჯერობით ვიცით, რომ COVID-19-ით მეორედ დაინფიცირების შემთხვევები საკმაოდ იშვიათია...

- მართალია, ეს შეიძლება მოხდეს, თუმცა იშვიათია. უნდა გვახსოვდეს, რომ ჯერ კიდევ პანდემიის ადრეულ ეტაპზე ვიმყოფებით - ის არსებითად, იანვარში დაიწყო, ჩინეთიდან დაიწყო გავრცელება დეკემბერში, დანარჩენ სამყაროს კი თებერვალში, მარტსა და აპრილში მოედო - ეს სულ რაღაც ექვსი თვეა, რაც ადრეა. დაახლოებით 6 თვისა ან ერთი წლის შემდეგ შესაძლებელია მეტი რამ ვიხილოთ, მაგალითად ის, რომ მეტმა ადამიანმა დაკარგოს იმუნიტეტი. სწორედ ესაა კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

- მსოფლიო კორონავირუსის უკვე მეორე ტალღას ებრძვის, მიმდინარე წელიწადმა თითქმის მთლიანად პანდემიასთან გამკლავების მცდელობებში ჩაიარა. რა ვისწავლეთ ამ თვეების განმავლობაში ისეთი, რაც არ ვიცოდით რამდენიმე თვის წინ, ეპიდემიის დასაწყისში?

- ვფიქრობ, კორონავირუსის შესახებ ბევრი ინფორმაცია დასაწყისშივე მივიღეთ - ვირუსის გენომის შესახებ ცნობილი იყო იანვრის თვეში, ტესტები იანვარ-თებერვალში დამზადდა. ამჟამად კიდევ შესწავლის ეტაპზე ვართ, როგორც ვირუსის, ისე - მასზე რეაქციისა და მკურნალობის. ასე რომ ვფიქრობ, ადრეული დღეების შემდეგ, ახლა უკვე გვაქვს მკურნალობის რამდენიმე მეთოდი ან პოტენციური თერაპიები კორონავირუსისთვის, რომელთა შესახებ დასაწყისში არ ვიცოდით. მაგალითად, აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ ახლახანს დაამტკიცა, რომ მედიკამენტი "რემდესივირი" ჰოსპიტალიზებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტებში იქნას გამოყენებული. რამდენად ეფექტურია ან რამდენად სასარგებლოა ეს წამალი, ჯერ კიდევ დასადგენია; ასევე, არსებობს სხვა თერაპიები და ვფიქრობ, მკურნალობის კიდევ სხვა, ახალი მეთოდებიც მალე გამოჩნდება.

- კითხვაზე, თუ როდის შეიძლება, ვიხილოთ COVID-19-ის ვაქცინა, პასუხები განსხვავდება - ზოგის თანახმად, ეს წლის ბოლომდე მოხდება, სხვები კი მომდევნო წლის გაზაფხულამდე ვაქცინების გამოჩენას გამორიცხავენ. ამაზე რა იქნება თქვენი პასუხი და როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ყველაზე ცუდი და კარგი სცენარები ამ თვალსაზრისით?

- აშშ-ში გვითხრეს, რომ შესაძლოა, ვაქცინა რამდენიმე თვეში ან წლის ბოლომდეც ვიხილოთ. თუმცა, ეს ალბათ ეტაპობრივად მოხდება - თავდაპირველად, მას ჯანდაცვის მუშაკები ან მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირები მიიღებენ ხელმისაწვდომობის საკითხის გამო. როდესაც ვაქცინა გვაქვს, ისმის კითხვა, თუ როგორ უნდა მივაწოდოთ მილიონობით მათგანი მოსახლეობას არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ - მთელ მსოფლიოში, რასაც დრო სჭირდება. ამიტომ, ვაქცინა მზად ხვალაც რომ იყოს, აშშ-ს მოსახლეობის უმეტესობისთვის ის, როგორც თქვით, გაზაფხულამდე არ იქნება ხელმისაწვდომი. ყველაზე ცუდი სცენარია ის, რომ ვაქცინამ ნაწილობრივ ან სრულად არ იმოქმედოს, ან ნაწილობრივ იცავდეს, მაგრამ დაცვამ რამდენიმე თვეზე მეტი ხანი არ გასტანოს - ჩემი აზრით, ეს რეალისტურად ცუდი სცენარია. თუმცა, თუ ნამდვილად ყველაზე უარეს სცენარზე ვისაუბრებთ, ასეთი იქნება ის, რომ ვაქცინამ გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. მაგრამ არა მგონია, ისეთი ვაქცინა დამტკიცდეს, რომელსაც უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები ექნება, რადგან ეს ვაქცინის კვლევების დასაწყისში ყოველთვის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია.

- საქართველოს ბრძოლა კორონავირუსთან თავდაპირველად საკმაოდ დადებითად შეფასდა, თუმცა ბოლო ხანებია, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა თითქმის 2000-ს აღწევს. თქვენ რას ურჩევდით ქვეყანას, იქნებოდა ხელახალი საყოველთაო კარანტინი საუკეთესო გამოსავალი ამ ვითარებიდან?

- თვალ-ყურს ვადევნებდი მსოფლიოს გარშემო, მათ შორის საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ვიცი, რომ პირველმა ტალღამ, რომელმაც ირანს, თურქეთსა და თქვენს მეზობელ სომხეთსაც კი დაარტყა, საქართველოში მსუბუქად ჩაიარა. მაგრამ ახლა რეგიონში, მათ შორის საქართველოში, შემთხვევათა რიცხვი იზრდება. რატომ არის ასე - ვფიქრობ, რომ აქ სეზონურობის საკითხია პასუხისმგებელი, რაზეც ადრე ვისაუბრეთ. იმ შემთხვევაში, თუ ეს რეალურია, მაშინ ვითარება მომდევნო კვირების ან ერთი თუ ორი თვის განმავლობაში ვერ მოგვარდება; ეს პირობები გვექნება მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, გაზაფხულამდე და თანაც, თქვენთან მოსახლეობის დონეზე ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი არ არის განვითარებული, რადგან აქამდე გავრცელება ფართო არ იყო - ეს კიდევ დამატებითი პრობლემაა. სხვა საკითხია დაღლილობა, რომ ადამიანები "ლოქდაუნით" გადაიღალნენ. შესაბამისად, ჩემი აზრით ყველა ეს ფაქტორი იმოქმედებს და კონტროლს გაართულებს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში კონტროლი "ლოქდაუნის" გარეშე გაგიჭირდებათ, მაგრამ რაც ხალხს შეუძლია გააკეთოს, პირბადეების ტარებაა - სწორედ ესაა უპირველესი ინსტრუმენტი, რომელიც ახლა გვაქვს, რომლის ტარებაც ხელს უწყობს ხალხის დაცვას და ეხმარება ინფექციის გავრცელების შეჩერებას. ვფიქრობ, კარანტინის გარეშეც ხალხი ფრთხილად უნდა იყოს და ინტერაქციები შეზღუდოს, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ჩემი აზრით, მომდევნო პერიოდი მძიმე იქნება.

- საწოლფონდისა და ადამიანური რესურსების შეზღუდულობის გამო მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ამჟამად ისაა, თუ როგორმა კოვიდდადებითმა პაციენტმა უნდა იმკურნალოს სახლში და რომელი სიმპტომების პაციენტმა უნდა გააგრძელოს მკურნალობა საავადმყოფოში...

- კოვიდინფექციის ფორმის რამდენიმე გზა არსებობს - დადებითი პაციენტების უმრავლესობა უსიმპტომოა ან მინიმალური სიმპტომები უვლინდება, მაგალითად: სიცხე, შემცივნება, სისუსტე, შეიძლება, ხველებაც. თუმცა პაციენტების ჰოსპიტალიზების მიზეზი მაშინ დგება, როდესაც საქმეში ფილტვებია ჩართული, განსაკუთრებით მაშინ, როცა პნევმონია ვითარდება. ნიშანი, რომელზეც ყველაზე მეტად ვდარდობთ, სუნთქვის უკმარისობაა, ასე რომ, თუ სუნთქვა გიჭირთ, - აუცილებელი არაა ხველა, შეიძლება ახველებდეთ, - მაგრამ თუ სუნთქვა გიჭირთ, ეს დამატებით უნდა შეფასდეს. ამასთანავე, ზოგს სისხლში ჟანგბადის საზომი საშუალება აქვს, ეს პატარა მანქანაა, რომლითაც თქვენს სისხლში ჟანგბადის მაჩვენებელს ამოწმებთ. თუ ის დაბალია, - 90-92% -ზე ნაკლები, ეს ნიშნავს, რომ ფილტვებზე ძლიერი წნეხია და დანარჩენ ორგანოებში მოხვედრისთვის საკმარისი ჟანგბადი არ არის - ამ სიტუაციაში მყოფმა პაციენტმა მკურნალობა საავადმყოფოში უნდა გააგრძელოს.

5 ცვლილება, რომელიც საქართველოში 1 ნოემბრიდან ამოქმედდება

რა შედეგით დასრულდა არჩევნები ავღანეთის საარჩევნო უბნებზე?

მოსახლეობის რამდენი პროცენტი მივიდა არჩევნებზე - ცესკოს წინასწარი მონაცემები