ავტორი:

ხვალინდელი დღე - როგორ გავიღვიძებთ საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს და რას გამოაჩენს შედეგები?

ხვალინდელი დღე - როგორ გავიღვიძებთ საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს და რას გამოაჩენს შედეგები?

რას გამოაჩენს დღევანდელი დღე - 31 ოქტომბერი, საპარლამენტო არჩევნების შედეგები და როგორ საქართველოში გავიღვიძებთ ხვალ - 1-ლ ნოემბერს? - ეს ის კითხვებია, რომელიც AMBEBI.GE-მ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოპოზიციური პარტიების წევრებს, ექსპერტებსა და საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს წინასაარჩევნო პერიოდში დაუსვა. ზოგი პასუხი ერთმანეთს ჰგავს, ზოგი კი - ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება...

გია ვოლსკი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი:

"პირველად არ ვამბობ, რომ 31 ოქტომბრისთვის არ ემზადებიან ჩვენი ოპონენტები, ემზადებიან პირველი ნოემბრისთვის, რათა გააპროტესტონ, რაც მათთვის უკვე წინასწარაა ცნობილი - დაბალი მონაცემები, შედარებით დაბალი რეიტინგი. 2014 წლიდან ამაზე აქვს საუბარი ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც კიევში იმყოფება და სხვებსაც, რომ რასაკვირველია, არეულობა მათთვის მთავარი მექანიზმია. არა მგონია, წარმატებას თუნდაც ამით მიაღწიონ. არჩევნების შემდეგ ველოდები გაწბილებულ ხალხს, ვინც დღეს რატომღაც, ცდილობს, ხალხს თავი მოუყაროს, რათა რაღაცნაირად გაამყაროს სადისტური მმართველობის ის პერიოდი, რომელიც არსებობდა და დაგვემუქროს, რომ ის ხვალაც იარსებებს.

ეს არჩევნები მე მგონი, საბოლოო ლუსტრაცია იქნება, როდესაც საზოგადოება დაინახავს აშკარად ყველაფერ იმას, რაზეც ჰქონდათ ანალიტიკური მსჯელობა, მათ შორის ზოგიერთი ჩვენი ოპონენტის მომხრეც იხილავს, რასთან გვაქვს საქმე, სად არის სტაბილიზაციის რესურსი, რა საგარეო თუ საშინაო გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი დესტაბილიზაციას, ანუ რუსულ გეგმას კონკრეტული პარტიები განახორციელებენ ან ამის განხორციელების იმედი ექნებათ - ძალიან ადვილია ამ სურათის წარმოდგენა, დანახვა და ვფიქრობ, ბევრი პარტიის ისტორიაც დამთავრდება ამ არჩევნების შემდეგ".

ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი:

"რა თქმა უნდა, ჩვენ არჩევნების მეორე დღიდან დავიწყებთ იმ პროგრამის განხორციელებას, რომელიც წარვადგინეთ საზოგადოების წინაშე, ეს პროგრამა არის რეალისტურიც და ამბიციურიც და მოიცავს ჩვენი ქვეყნის განვითარების აბსოლუტურად ყველა ასპექტს: დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური განვითარება, განათლების, სპორტის, კულტურის საკითხები, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის საკითხები და რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერების და თავდაცვის საკითხები. ჩვენი საბოლოო ამოცანა არის 2024 წელს ოფიციალური განაცხადის წარდგენა "ევროკავშირში" გაწევრიანებაზე და სწორედ ამისთვის ვიწყებთ მზადებას არჩევნების მეორე დღიდან.

ოპოზიციას შეიძლება, ჰქონდეს გარკვეული დესტრუქციის მცდელობა, რასაც ისინი აანონსებენ, თუმცა ეს რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვის განწირულია. ეს საარჩევნო გარემო ძალიან მშვიდად ჩაივლის და ჩვენ ბუნებრივია, შევუდგებით მუშაობას, როგორც კი შედგება საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა, სადაც გაფორმდება ის მყარი უმრავლესობა, რომელსაც მიიღებს ამ არჩევნების საფუძველზე "ქართული ოცნება".

ამ არჩევნებზე ქართველი ამომრჩეველი კიდევ ერთხელ შეაფასებს იმ წინსვლას, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას 2012 წლიდან მოყოლებული ყველა მიმართულებით და ასევე, რა თქმა უნდა, საკადრისი პასუხი გაეცემა რადიკალურ ოპოზიციას ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას აქვს ჩადენილი ჯერ ხელისუფლებაში, შემდეგ კი - ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში".

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი:

"ღრმად მწამს, რომ გავიღვიძებთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მეორედ მოხდება არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება, შესაბამისად, გავიღვიძებთ უფრო დემოკრატიულ საქართველოში და ყველანი მშვიდად ამოვისუნთქებთ. 31 ოქტომბრის მერე, პირველი ნოემბრიდან მივიღებთ ისეთ საქართველოს, სადაც გამარჯვებული ოპოზიცია არ დაუწყებს დევნას "ქართულ ოცნებას" - ვინც ფული მოიპარა, ვინც მექრთამე იყო, ვინც ხალხის ფულს ჭამდა, რა თქმა უნდა, აგებს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე პასუხს, მაგრამ უბრალო, რიგითი მომხრეების დევნას არავინ დაიწყებს. მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ და დემოკრატიულად გამარჯვებულ საართველოში გავიღვიძებთ 1-ელ ნოემბერს და ნურავინ ნურავის ნუ აშინებს მეორედ მოსვლებით და აპოკალიფსებით. "ქართული ოცნება" არჩევნებში წააგებს და შეიცვლება ხელისუფლება, ამასთან, არჩევნებს თუ არ გააყალბებენ, არავითარი აქციები არ იქნება, ეს ორჯერ ორი ოთხია".

ნინო ბურჯანაძე, "ერთიანი საქართველოს" ლიდერი:

"არჩევნები გამოაჩენს, რისთვისაა საქართველო მზად, რა უნდა მოსახლეობას და რა ხელისუფლება გვყავს... პირველ ყოვლისა, მინდა, საქართველოს მოსახლეობას ვუსურვო, რომ მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების აღიარების დღე იყოს, თუმცა სამწუხაროდ, როგორც პოლიტიკოსი, რეალისტი ვარ და ეჭვი მეპარება იმაში, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებს სამართლიანად ჩაატარებს. სამართლიანობაცაა და სამართლიანობაც - შეიძლება, იდეალური არ იყოს არჩევნები, მაგრამ არ იყოს რადიკალური გაყალბება და მხოლოდ მცირე დარღვევები მოხდეს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მეორე დღე რთული, მაგრამ მშვიდობიანი, ასე ვთქვათ, პროგნოზირებადი იქნება, მაგრამ თუ "ქართული ოცნება" გადაწყვეტს, რომ 54, 55 ან 64% დაიწეროს, თუ გადაწყვეტს, რომ ოპოზიციური პარტიები რაღაც მინიმალურ ზღვარზე დაიყვანოს, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება, ამას ძალიან სერიოზული გართულებები მოჰყვეს. ვერანაირი "ლოქდაუნი", დახურვა, კარანტინი ამას ვერ უშველის, თუ პოლიტიკური პარტიები დაინახავენ, რომ ივანიშვილი არჩევნებს აყალბებს.

ნამდვილად ძალიან მინდა, წყნარად და მშვიდად ჩატარდეს არჩევნები და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანია ჩამეტარებინა ისე, რომ ადამიანებისთვის არჩევანის საშუალება მიმეცა, მაგრამ თუ ამ არჩევანს ჩემს ამომრჩეველს ბიძინა ივანიშვილი მოპარავს, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ გავჩუმდე".

გიორგი ვაშაძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი:

"ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმია, რომელიც გამოაჩენს, საქმის მკეთებელთა გუნდი მოდის ხელისუფლებაში თუ ფულის მკეთებელთა გუნდი აგრძელებს ქვეყნის ძარცვას; მეორე, ეს არჩევნები აუცილებლად გამოაჩენს დასავლეთისკენ ინტეგრაციის მაღალ სურვილს; მესამე, გამოაჩენს, რომ ქართველი ხალხი მაღალი ღირსებისა და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებისგან შედგება, რომლებიც მოვლენ და საკუთარ საბოლოო არჩევანს გააკეთებენ მომავლის სასარგებლოდ. ეს არჩევნებია წარსულსა და მომავალს შორის: წარსული "ქართული ოცნებაა", ჩვენ კი მომავალი გვინდა. "სტრატეგია აღმაშენებელი" მომავლის გუნდია და ამიტომაცაა, რომ ჩვენს მხარდაჭერაში ძალიან დიდი ზრდაა და ვფიქრობ, ჩვენ ვიქნებით ის ქვაკუთხედი, რომლის გარშემოც აღმშენებლობის სტრატეგიიდან გამომდინარე ახალი ხელისუფლების კონსოლიდაცია მოხდება.

არჩევნების მეორე დღეს ვხედავ და წარმომიდგენია, რომ ჩამოყალიბდება ახალი კოალიციური მმართველობა იმ ძალებისგან, ვინც ოპოზიციაშია და მყისიერად დავიწყებთ საქმის კეთებას, აღმშენებლობა".

ლევან გოგიჩაიშვილი, "თავისუფალი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი:

"დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნები ისეთი ექსცესების გარეშე ჩაივლის, რომელიც ადამიანებში არ გამოიწვევს ძალიან სერიოზულ აღშფოთებას. სამწუხაროა, რომ ალბათ, ეპიდემიის გამო ათეულობით ათას ადამიანს შეეზღუდება კონსტიტუციური - ხმის მიცემის უფლება, რაც მაინც ყოველთვის იქნება სალაპარკო თემა და სულ იქნება პროცესის გამყოლი ხაზი ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. თუმცა, ყველაზე მთავარია, რომ ეს არჩევნები მშვიდობიანად ჩავატაროთ. ყველაზე მთავარი საზოგადოებრივი დაკვეთა - ეს მშვიდობაა და მშვიდობას მხოლოდ კანონიერება და სამართლიანობის განცდა უზრუნველჰყოფს.

რას გამოაჩენს ეს არჩევნები? გამოაჩენს, გვინდა თუ არა კორუფცია, გვინდა თუ არა მოძალადეები, რამდენად ზნეობრივი არჩევნის გაკეთება მოხდება, ამ ქვეყანაში რჩება თუ არა ადამიანების ცუდი საქციელი დაუსჯელი, შეიძლება თუ არა, ყველაფერი ცუდი გაუკეთო ადამიანებს და ქვეყანას და მერე ეს ყველაფერი შეგრჩეს... ამასთანავე, გამოაჩენს, გვინდა თუ არა განვითარება. ჯერ ქვეყნის შიგნით უნდა ჩამოვყალიბდეთ მაგალითად იმაზე, შერჩებათ თუ არა ადამიანებს, რომ ისინი წლების განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებების მოლარეები, ფულს შოულობდნენ კორუფციითა და მონოპოლიებით, მერე ეს ფული პოლიტიკაში შემოვიდა; აქვთ თუ არა მოქალაქეებს განცდა, რომ მაგალითად, ფული, რასაც "ლელო" ხარჯავს, მათი ჯიბიდანაა ამოღებული, ან იციან თუ არა, რომ რასაც "ევროპული საქართველო" ხარჯავს, ეს კეზერაშვილის მიერ გაძარცვული ადამიანების ფულია, რასაც "ქართული ოცნება" ხარჯავს, კორუფციული და შავი ბუღალტერიიდან დაგროვილია, "ნაციონალური მოძრაობა" კი რასაც ხარჯავს კამპანიაზე, სააკაშვილის მიერ ნაძარცვი ფულია - აი, ამ ყველაფერს გამოაჩენს, რამდენად მოვახერხეთ ჩვენ, აგვეხსნა მოქალაქეებისთვის, რა ფულს ხარჯავს ესა თუ ის პარტია. ეს არჩევნები ბევრ რაღაცას დაუდებს სათავეს. ვფიქრობ, ეს არის ბოლო არჩევნები, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით, ფულის ტომრები და ის ადამიანები არიან დომინანტები, რომლებიც წლების განმავლობაში ძარცვავდნენ ქვეყანას".

ნოდარ რუხაძე, მოძრაობა "სირცხვილიას” წევრი:

"ჩემი აზრით, დღევანდელი დღე, 31 ოქტომბერი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ ვაკეთებთ არჩევანს, რომელიც, ჩემი აზრით, საბოლოო იქნება - ვცხოვრობთ რუსეთში თუ ვცხოვრობთ ევროპულ დემოკრატიულ, ძლიერ, განვითარებულ სახელმწიფოში. მეც ზუსტად ვიცი, რომ გასული 8 წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ აჩვენა ვერანაირი ძალა, გონებრივი რესურსი თუ სურვილი, რომ ქვეყანა წაიყვანონ წინ, რომ მათ სურთ, ქვეყანა ნახონ ნატო-სა და "ევროკავშირის" წევრ ქვეყნებს შორის, ამიტომ, 31 ოქტომბერი იქნება ერთგვარი განაჩენი ამ ხელისუფლებისთვის, როდესაც საქართველო საბოლოოდ დაემშვიდობება ერთპარტიულობას, ერთმმართველობას, პოლარიზაციას და საქართველოს მოქალაქეები ეტყვიან "კის" პროდასავლურ, ევროპულ, ძლიერ კოალიციურ ხელისუფლებას. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, პირველი ნოემბერი ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ხელისუფლების მხარეს ყოველთვის არის სამთავრობო და ადმინისტრაციული რესურსი, ძალიან ბევრი ფული და ამ ყველაფერს ემატება ძლიერი რუსული გავლენები, ამიტომ, პირველი ნოემბერი ჩემთვის მართლა კითხვის ნიშნის ქვეშაა. არ ვიცი, როგორ საქართველოში გავიღვიძებ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კორუფცია, ნეპოტიზმი, რუსული გავლენები ქვეყანაში, მართული სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, ერთი პარტია ყველა სახელისუფლებო რგოლში - ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება".

ვანო მაჭავარიანი, ექსპერტი:

"ყველა საზოგადოებრივი აზრის კვლევა და მათ შორის, განწყობები საზოგადოებაში, რასაც ვხედავთ მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოება არ არის ერთიანი ან გაერთიანებული "ქართული ოცნების", ან "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო. მუხტი, რომელსაც ასევე ქმნიან სხვა პოლიტიკური პარტიები, შეიძლება, არ იყოს ძალიან ძლიერი, მაგრამ რეალურია და ამ თვალსაზრისით არანაკლები სურპრიზი შეიძლება ვნახოთ. იქნება მხარდაჭერის გარკვეული ზრდა იმ პარტიების მიმართ, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ ესტაბლიშმენტს არ წარმოადგენს; იქნება ძალიან მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა და ასევე, მოქალაქეების მზაობა, დაიცვან საკუთარი ხმები. ვფიქრობ, შემდგომი რეალობაა, რომ ვერც ერთი პარტია ვერ დააგროვებს საკმარის ხმებს, რომ შექმნას მთავრობა და მოუწევთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ დალაგდება პარლამენტი და მთავრობა, ამის ძალიან დიდი შესაძლებლობა არსებობს, თუ საზოგადოების განწყობებს და მათ რეალურ მოთხოვნებს გავითვალისწინებთ.

თუ "ქართული ოცნება" შეეცდება, ხმები უბრალოდ, გააყალბოს, შეკრიბოს, რაღაც ფორმით, ადმინისტრაციული, კრიმინალური თუ სხვა, თუ ამას მოახერხებს, საერთაშორისო დონეზე ლეგიტიმაცია ძალიან გაჭირდება სწორედ აშშ-დან და ევროკავშირიდან წამოსული გზავნილიდან გამომდინარე, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, ხომ არ არის ეს რუსული გეგმა, რომ მხოლოდ ერთმა პარტიამ ჩაიგდოს ხელისუფლება ხელში, რომელსაც უფრო ადვილად დაელაპარაკებიან ამა თუ იმ მნიშვნელოვან სტრატეგიულად გეოპოლიტიკურ საკითხებზე. ვფიქრობ, COVID 19-ის ვითარებიდან, მძიმე სოციალური და ეკონომიკური, ფინანსური ფონიდან და საზოგადოების განწყობებიდან გამომდინარე, ვნახავთ იმ შესაძლებლობას, რომ სხვა პოლიტიკური პარტიები და ძალიან მზარდი, ახალი პოლიტიკური ლიდერები ვნახოთ არჩევნებში წარმატებამიღწეულ ადამიანებს შორის.

რაც შეეხება შესაძლო პროტესტს, საპროტესტო აქცია თუ იქნება, ამას არაფერი შეაჩერებს, მით უმეტეს, თუ იქნება მზაობა, რომ "ქართულ ოცნებას", ივანიშვილს უარი უთხრან ამ ტიპის მმართველობაზე, რომელმაც, ფაქტობრივად, თავისიანების გარდა ყველა მოქალაქე მიატოვა, თუნდაც ფინანსურად, ეკონომიკურად. მოთმინებასაც თავისი საზღვარი აქვს, ნებისმიერ ქვეყანაში ასეა. ვფიქრობ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ამას დააკვირდებიან და თუ არჩევნები გაყალბდება, ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიღება ძალიან რთული იქნება".

ცესკოს მონაცემების მიხედვით, ნანუკა ჟორჟოლიანი პირველივე ტურში დამარცხდა - "ქართული ოცნებიდან" მისმა კონკურენტმა  ხმების  51,02% მიიღო

16 მაჟორიტარული ოლქი, სადაც მეორე ტური გაიმართება - რომელი კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს

"ცესკოს შენობაში მოთავსებულმა კუდიანებმა არჩევნები გააყალბეს" - ანა დოლიძე