"რეინჯ-როვერს" ახალი ძრავა, გადაცემათა კოლოფი და ახალი ინტერიერი "უსახსოვრეს". ეს ყველაფერი სახელგანთქმული მოდელის 40 წლისთავის აღსანიშნავად მოხდა. პორტუგალიაში, სადაც ჟურნალისტებისთვის ახალი მოდელების დემონსტრირება მოაწყვეს, ჩაიყვანეს აგრეთვე სხვადასხვა ასაკისა და "პროფესიის" "რეინჯერები", რომლებიც ათწლეულების განმავლობაში კომპანიას უწარმოებია.
ბევრ ჟურნალისტზე, Range Rover 2011-ის სამოდელო რიგზე მეტად, სწორედ წინათ გამოშვებულმა მანქანებმა მოახდინა შთაბეჭდილება. არცაა გასაკვირი - ექსპონატებს შორის იყო: ბრიტანეთის დედოფლისთვის განკუთვნილი თავღია მანქანა, ექვსბორბლიანი ავტომობილი მაშველებისთვის, პოლიციის დაჯავშნილი ავტომობილი, "სასწრაფო დახმარების" მანქანა და სხვა ამგვარი.
რაც შეეხება ახალ სამოდელო რიგს: სიახლეებს შორის, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ ახალი ძრავა - წინანდელი 8-ცილინდრიანი, 3,6 ლ-იანი "დიზელის" ნაცვლად, 4,4 ლ მოცულობის აგრეგატი, რომელიც 313 ცხ.ძ-ს ავითარებს. ძრავასთან ერთად, გადაცემათა კოლოფიც გამოცვალეს - ახლა მანქანას 8-საფეხურიან ავტომატს დაუყენებენ, - ისეთივეს, როგორითაც BMW-სა და Audi-ს ტოპმოდელები აღიჭურვება. ძრავასა და კოლოფის გარდა, "რეინჯ-როვერს" დაუყენებენ აგრეგატის სამართავ სისტემას - Terrain Response, განუახლებენ ტრანსმისიას, მუხრუჭებსა და საკიდარს, რომელიც უგზოობის პირობებში ამტანობას შემატებს ავტომობილს. დაბოლოს, ოდნავ შეიცვლება სალონის ინტერიერიც.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)