უკვე რამდენიმე წელია ქართველები დასასვენებლად აქტიურად ირჩევენ თურქეთს. გამონაკლისი არც "კურიერის" რეპორტიორი ნატა მახვილაძე გახლდათ, მაგრამ ამჯერად ტრადიციას უღალატა და დასასვენებლად დედასთან ერთად ანაკლიას მიაშურა. მეგრული სამზარეულო ბოლომდე აითვისა და კინაღამ მეგრელების რძალიც გახდა. თუმცა ათდღიანი შვებულება დასრულდა და თორმეტსაათიანი სამუშაო რეჟიმი ძველებურად გაგრძელდა.
- ამ სეზონზე დასვენება უკვე მოვასწარი და ყველას გასაოცრად ანაკლიაში ვიყავი. ბოლო ოთხი წელია თურქეთში ვისვენებ, მხოლოდ აგვისტოს ომის დროს გამოვტოვე. ძალიან მიყვარს მზე და ზღვა, იქ კი ყოველთვის მზეა და ამ მხრივ დაზღვეული ვარ. თან, რადგან თურქეთში ხშირად ვისვენებ, კარგად ვიცი, სად უნდა წავიდე, რა ექსკურსია დავგეგმო, რომელი დისკოთეკა უკეთესია.
- აბა, წელს პატრიოტიზმის გრძნობამ შემოგიტია?
- არა, უბრალოდ, იმდენად ვიღლები, რომ იქ ჩასულს სულ მეძინება. შარშან, განსაკუთრებით, მეძინა პლაჟზე, აუზში, ნომერში. ბოლოს დისკოთეკაზეც რომ ჩამეძინა, ნინო გაზდელიანი მოვიდა და მითხრა, მომავალ წელს შენთან ერთად აღარ წამოვალ, ჯერ გამოიძინე და მერე წავიდეთ დასასვენებლადო. ასე რომ, ანაკლიაში გამოსაძინებლად წავედი. ვიფიქრე, სამი დღე დავრჩები და მერე სადმე გასართობად წავალ-მეთქი, მაგრამ ისე მომეწონა, რომ ათი დღე დავრჩი.
- ვისთან ერთად იყავი?
- გაგიკვირდებათ და, დედასთან ერთად წავედი. ბავშვობის შემდეგ ერთად აღარ დაგვისვენია. უამრავი მეგობარი მაკითხავდა, ადგილობრივიც ბევრი გავიცანი. სამეგრელოში მესამედ ვიყავი, ერთხელ მაკკეინს ვახლდი, მეორედ სააკაშვილს. ამდენ მეგრელში პირველად მოვხვდი, მაგრამ გადასარევი ხალხია. პირველად გავსინჯე მეგრული სამზარეულო. ძალიან კარგი დიასახლისი გვყავდა, მაია წურწუმია. რომ გაიგო, ელარჯი და გებჟალია ნაჭამი არ მქონდა, ყოველდღე ახალ-ახალ კერძებს მიმზადებდა. მეგრული სამზარეულო მთლიანად ავითვისე. მეზობლებიც დიდ პატივს მცემდნენ. ყოველ დილას ახალი ხილი მოჰქონდათ.
- ასე უყვართ სამეგრელოში "რუსთავი 2"?
- ვერ ვიტყვი, რომ "რუსთავი 2" უყვართ, უბრალოდ, სტუმართმოყვარე ხალხია და ძალიან კარგად იციან პატივისცემა. შეიძლება, ცნობილი სახეც უცხო ხილი იყო მათთვის, მაგრამ ფაქტია, რომ მთელი ანაკლია ხელის გულზე მატარებდა.
- მაჭანკლობის მცდელობაც ხომ არ იყო?
- (იცინის) ამას პრესით ვერ ვიტყვი. მაჭანკლობა არა, მაგრამ კარგი გოგოაო, კი თქვეს.
- მუშაობა მოგენატრა?
- დილით ბევრს ვცურავდი, ჩემი "ლეპტოპი" მქონდა წაღებული და კლიპებს ვამონტაჟებდი. თუმცა ბოლო დღეებში ცოტა მოვიწყინე. მიყვარს სამსახური და აქტიური ცხოვრება, როცა ყოველთვის გადარბენაზე ხარ და მაინც ყველაფერს ასწრებ. ეს დასვენება სავარაუდოდ ზამთრის არდადეგებამდე უნდა ვიმყოფინო. მერე იტალიაში წავალ მეგობართან.
- უამრავი ქვეყანა გაქვს შემოვლილი და იტალიაში არ ყოფილხარ?
- თქვენ წარმოიდგინეთ, არა. არც პარიზში ვარ ნამყოფი. ამერიკაშიც მინდა, ნიუ-იორკს სიამოვნებით ვნახავდი (იცინის). ამას წინათ ვამბობდი, ყველა ქალაქი ღამით მაქვს ნანახი. თუმცა ამასაც თავისი ხიბლი აქვს, როცა დრო მრჩება, აუცილებლად ვსეირნობ ფეხით და მუზეუმებში შევდივარ. მინდა, ყველა ქალაქიდან რაღაც დამრჩეს.
- თბილისის ქუჩებში არ სეირნობ?
- არა, თბილისის ქუჩებში კარგა ხანია არ გამივლია. ხანდახან, როცა გადაღებაზე ვარ და ლოდინი მიწევს, ხალხს ვაკვირდები. ძალიან მომწონს ახალგაზრდების ჩაცმის სტილი, კარგი თაობა მოდის. კვირაში ხუთი დღე, დღეში თორმეტი საათი ვმუშაობ. შაბათ-კვირა კი ჩემთვის არის "ტახტომანობა". იცით, ეს რას ნიშნავს? ტახტზე წამოვწვები პულტით ხელში და ტელევიზორს ვუყურებ, ან დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ.
- ქუჩაში თუ გცნობენ?
- კი, განსაკუთრებით აქციების მონაწილეები. რომ დამინახავენ, მეუბნებიან, "რუსთავი 2 - დეზინფორმატ 2" (იცინის), ზოგი პირიქით, კარგად მხვდება.
- არ გაუნელდათ უარყოფითი განწყობა?
- არიან ისეთებიც, ვისაც არ გადაუარა, სამკურნალო ხალხია. მე ვცდილობ, არ ვუპასუხო და "გავატარო". უკვე გამობრძმედილი ვარ.
- ამ დროს ოჯახის წევრები არ ნერვიულობენ?
- რა თქმა უნდა, ოჯახი ღელავს. ვაფრთხილებ, რომ ეს არის სამსახური და საშიში არაფერია. როდესაც ცოტა მძაფრი კადრი უნდა გავიდეს, დედას ვურეკავ და წინასწარ ვაფრთხილებ. ოჯახიც დავაინტრიგე (იცინის).
- არასოდეს გინანია პროფესიის არჩევა?
- არა, მსგავსი რამ არც ერთ ექსტრემალურ სიტუაციაში არ მიფიქრია. პირიქით, ძალიან კარგი არჩევანი გავაკეთე. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარებამდე ორი წელი ვემზადებოდი და ძალიან კარგად ვიცი ქიმია-ბიოლოგია. ოჯახს უნდოდა ექიმი გამოვსულიყავი. დედისერთა ვარ და ყველაფერი საუკეთესო ჩემთვის უნდოდათ. უცებ, გამოცდებამდე სამი თვით ადრე ავდექი და გამოვაცხადე, რომ არ მინდოდა სამედიცინო. არადა, ქირურგი უნდა გამოვსულიყავი, მაინც სარფიანიაო (იცინის).
- ქირურგიიდან პირდაპირ დიდ ჟურნალისტიკაში მოხვდი...
- კი, ოჯახისთვის შოკი იყო, მაგრამ არ არის პრობლემა. აქაც ქირურგიულ ჩარევებს ვახორციელებ, ოღონდ სხვადასხვა მიმართულებით.
- ყველაზე მეტად როგორი სიუჟეტების კეთება გიყვარს?
- ყველაზე მაგარია პოლიტიკური, სკანდალური და ექსკლუზიური მასალები. კარგად გასაკეთებელია სამთავრობო ცვლილებებიც, როცა მარტო შენ იცი და მაყურებელს ახალ ამბავს უყვები. პარლამენტში ოპოზიციასა და პოზიციას შორის გამართული კარგი დებატების გაშუქებაც მიყვარს. არ მომწონს "წყალი" ინტერვიუ, ყოველთვის ვცდილობ, ჩემი სიუჟეტი გამორჩეული იყოს.
- რესპონდენტები ხშირად გიბრაზდებიან?
- არა, მაგრამ ახლახან ერთი ოპოზიციონერი ძალიან გავაბრაზე. ვიქტორ დოლიძეზეა საუბარი (იცინის). სხვათა შორის, კარგი ადამიანია და ჩემი ბრალი არ იყო.
- რატომ გააბრაზე?
- საკრებულოში რაღაც თემაზე ვწერდი და ყველაზე სასაცილო ის არის, რომ კამერა ჩართული იყო, შუქი დაყენებული და ხომ უნდა მიხვდე, რომ გწერენ. სიუჟეტი რომ გავიდა მეორე დღეს, მითხრა, მე შენ ინტერვიუს აღარ მოგცემო. მაგრამ ნათქვამია, დრონი მეფობენ...
- ნატა, საკუთარი მანქანა გყავს?
- კი, და საკმაოდ კარგი მძღოლი ვარ. აქამდე არც ერთი ჯარიმა არ მიმიღია. ერთხელ დამაჯარიმეს პარკინგის გამო.
- არ გაქვს სტიკერი "მე მიყვარს თბილისი"?
- მაქვს, დღემდე ვერ გავიგე, რატომ დამაჯარიმეს. ალბათ არასწორად დავაყენე. "დვორნიკებზე" ათლარიანი ქვითარი დამხვდა და გადავიხადე.
- ასეთი დატვირთული რეჟიმი გაქვს, პირადი ცხოვრებისთვის დრო გრჩება?
- შენ როგორ ფიქრობ, დამრჩება? რა თქმა უნდა, არა, შეყვარებული არ ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქალისთვის ოჯახი აუცილებელია.
- ოჯახი არ გაჩქარებს?
- ათას ვიღაცას მაცნობენ, რაზეც ნერვები მეშლება.
- მაჭანკლები სახლშიც მოგდიან?
- (იცინის) არა, მაგრამ ხშირად რეკავენ.
- ბევრია თანახმა ჟურნალისტ რძალზე?
- ჰო, ჟურნალისტები ცოტა რთული ხალხია. არ დაგიმალავთ და მე მქონდა ასეთი შემთხვევა. ერთმა ქალბატონმა თქვა, ვაიმე, კარგი გოგოა, მაგრამ ჟურნალისტიაო.
- გართობისთვის დრო გრჩება?
- ვერ გეტყვი, რომ ღამის კლუბებში დავდივარ. ისე "ვეჩერინკები" ძალიან მიყვარს, მაგრამ თბილისში ნაკლებად. მარტო წასვლა და ბარის "სტოიკასთან" დაჯდომა ჩემი სტილი არ არის. კლუბებს ძირითადად უცხოეთში ყოფნისას ვსტუმრობ. ორი წლის წინ კიევში გადავიხადე დაბადების დღე.
- ნატა, შენი მაქსიმუმი რეპორტიორობაა?
- ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო ეს არის. ძალიან მაგარია, როცა მოვლენების ეპიცენტრში ხარ. შენ თავად ხედავ და მერე ხალხს გადასცემ. ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება, ამიტომ მირჩევნია, კარგი რეპორტიორი ვიყო.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)