პოლიციამ წერეთლის გამზირზე 13 აგვისტოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ეჭვმიტანილი მძღოლი დააკავა.
შსს სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებების, გარემეთვალყურეობის კამერების ჩანაწერების მოპოვების და სხვა ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 28 აგვისტოს დააკავეს 13 აგვისტოს მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავე მძღოლი.
დაკავებულია 1987 წელს დაბადებული ლაშა ქაჯაია. ამოღებულია ავტომანქანა "მიცუბიში პაჯერო იო" , რომლითაც ქაჯაიამ ავარია მოახდინა და დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით მანქანის დაზიანებებიც აღადგინა.
ლაშა ქაჯაიამ აღიარა ჩადენილი დანაშაული. იგი მიცემულია პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და 128-ე მუხლით, რაც 11 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
13 აგვისტოს, დაახლოებით, 21.00 საათზე თბილისში, წერეთლის გამზირი 117-თან ავტომანქანა შეეჯახა ქეთევან ზარანდიას და მის მცირეწლოვან შვილს - 7 თვის ილია გულუას, რის შედეგადაც ორივე გარდაიცვალა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.