სამართალდამცველებმა თელავის რაიონში მოქმედი ღვინის ქარხანა "მილდიანის" დირექტორი სანდრო მეგუთნიშვილი და მისი ბიძაშვილი ალექსი მეგუთნიშვილი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავება მას შემდეგ განხორციელდა, რაც ქარხანაში კონსტიტუციური უსაფრთხოების კახეთის სამმართველოს თანამშრომელ ზურაბ გრძელიშვილსა და მათ შორის ჩხუბი მოხდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ზურაბ გრძელიშვილის მეგუთნიშვილთან მისვლა რთველს შეეხებოდა. კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, თუ გლეხებისგან რამდენი ტონა ყურძნის ჩაბარების პირობას აიღებდა ღვინის კომპანია თავის თავზე. მეგუთნიშვილმა ოცი ტონის მიღებაზე განაცხადა მზადყოფნა, თუმცა თვითმხილველები ამბობენ, რომ გრძელიშვილმა მისგან 200 ტონა ყურძნის მიღების პირობა ითხოვა. ამის შემდეგ მათ შორის საუბარი სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ხოლო მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
კომპანიის დირექტორი და მისი ბიძაშვილი დააკავეს და უკვე ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
პროკურატურა სანდრო მეგუთნიშვილს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ხულიგნობის ჩადენასა და კუდ-ის თანამშრომლის კუთვნილი ნივთის განზრახ დაზიანებაში ადანაშაულებს. დაკავებულების ახლობლები მომხდარზე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.
აღსანიშნავია, ღვინის კომპანიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი გარემოება. გასულ კვირას თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მდებარე ღვინის ქარხანა "შუმის" ერთ-ერთმა მეპატრონემ, ოთარ ფირანიშვილმა თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე კომპანია შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველომ შეამოწმა. ამ დრომდე უცნობია, უკავშირდება თუ არა თვითმკვლელობა ოთარ ფირანიშვილის ბიზნესს. მიმდინარეობს გამოძიება.