კომპანია LG ბერლინის გამოფენა IFA-ზე რამდენიმე უახლესი ტელევიზორის წარმოდგენას აპირებს, რომლებშიც ე.წ. "ნანოსანათის" ტექნოლოგია იქნება გამოყენებული.
ამ ტექნოლოგიის თანახმად, თხევადკრისტალური ეკრანის მატრიცა სპეციალური ფენითაა დაფარული, რომლის ნანოზომის ღრუებში სინათლე გაცილებით ეფექტურად გაივლის, ვიდრე ეს ჩვეულებრივი დიოდური განათების დროს ხდება. შედეგად ეკრანზე გამოსახულება უფრო მკაფიო და გაჯერებულია. ამასთან, აღნიშნული ტექნოლოგია ტელევიზორს შენობაში არსებულ განათებასთან შესაბამისობაში ავტომატურად მომართვის საშუალებას აძლევს, რაც კონტრასტისა და სიმკვეთრის საჭირო პარამეტრების შერჩევას განაპირობებს.
ახალი ტექნოლოგიის კიდევ ერთი უპირატესობა თხევადკრისტალური ეკრანის ზომების შემცირების შესაძლებლობაა. შუქდიოდურთან შედარებით მისი ზომა 0,35 დიუმით შემცირდა, მთლიანი კორპუსის სისქე კი 0,49 დიუმი გახდა.
ახალ ტელევიზორში 400 ჰერციანი ეკრანი გამოიყენება, რომელსაც 3D-გამოსახულების მხარდაჭერა აქვს. მოდელი ქსელური ინტერფეისითაა აღჭურვილი და მისი ვებ-სერვისში ჩართვა შესაძლებელია. ახალ ტელევიზორს დისტანციური მართვის პულტიც ახალი აქვს და ის გარკვეულწილად კომპიუტერის "თაგვის" მუშაობის პრინციპს იმეორებს.
მომზადებულია cnews.ru-ს მიხედვით.