ავტორი:

"ეს იყო ჩემი რჩეული, რვა მილიარდი ადამიანიდან აღმოვაჩინე და ამ არჩევანს რომ კარგავ, ძალიან მძიმეა" - ალექსანდრე კვიტაშვილი მეუღლის გარდაცვალების შესახებ

"ეს იყო ჩემი რჩეული, რვა მილიარდი ადამიანიდან აღმოვაჩინე და ამ არჩევანს რომ კარგავ, ძალიან მძიმეა"  - ალექსანდრე კვიტაშვილი მეუღლის გარდაცვალების შესახებ

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის მეუღლე რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა. ცნობილი გახდა, რომ ანასტასია ოსტროკოვას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ოპერაციული ჩარევა დასჭირდა, რაც, სამწუხაროდ, ფატალურად დასრულდა.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ექსკლუზიური ინტერვიუ კვიტაშვილმა "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს" მისცა:

"იშვიათად, რომ ფეისბუქზე რამე დავწერო, მაგრამ ძალიან მძიმე რამე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. 35 წლის ასაკში, აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სპორტით იყო დაკავებული და ვარჯიშობდა, მძიმე ოპერაციის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდა რომ გამოსულიყო მდგომარეობიდან, ძალას იკრებდა და მილიონ გეგმას ალაგებდა.

უამრავი ადამიანი მირეკავდა, მწერდა, მისამძიმრებდა, ძალიან დამეხმარა ეს მომენტიც. ოპერაციის დეტალებზე ვერ ისაუბრებ, მაგრამ გეტყვით, რომ იყო ძალიან მარტივი ლაპაროსკოპიული ოპერაცია, თავად შევარჩიეთ თარიღი ოპერაციის და ექიმიც. თუმცა ოპერაციის დროს გაჩნდა პრობლემა და ამას მოყვა გართულება. ნაღვლის ბუშტში ჰქონდა კენჭი და უნდა ამოეკვეთათ. 40-წუთიანი ოპერაცია უნდა ყოფილიყო და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავდით. ხდება ასეთი რაღაცები, რაც ჩემთვის ტრაგედია აღმოჩნდა.

არ იყო ეს პირველი შემთხვევა, როცა ახლობელი ადამიანი დავკარგე, მეგონა უფრო მედგრად ვიქნებოდი, მაგრამ წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდა. როდესაც 2015 წელს მამა გარდაიცვალა, ძალიან განვიცადე, მაგრამ მშობელს არ ირჩევ. ეს იყო ჩემი რჩეული, რვა მილიარდი ადამიანიდან აღმოვაჩინე და ამ არჩევანს რომ კარგავ ძალიან მძიმეა.

9 ოქტომბრიდან ერთი თვე საავადმყოფოში იწვა, ყოველდღე მივდიოდი და მასთან ვიჯექი და იქიდან ვმუშაობდი ჩემი კომპიუტერით, პალატაში. არანაირი წინათგრძნობა არ ჰქონდა. სხვა კლინიკაში გადავიყვანეთ პირველი ოპერაციის შემდეგ და ამაღლებულ ხასიათზე იყო, მოსწონდა ახალი პალატა. მაღაზიაში ვიყავი, რაღაც დამაბარა და ვყიდულობდი, ექიმმა რომ დამირეკა, სასწრაფო ოპერაციაზე შეგვყავსო, რადგან შინაგანი სისხლდენა დაეწყო.

მასაც ვესაუბრე, მიჩვეულები ვიყავით, რომ ყოველ პარასკევს რაღაც მსგავსი ხდებოდა. ორი-სამი საათი გრძელდებოდა ოპერაცია, შემდეგ 10-12 საათი რეანიმაციაში დარჩა და ვერ გადაარჩინეს. ყოველდღიურობა ახლა საშინელია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. დილას რომ იღვიძებ და გგონია, არარეალობაა და რეალობის წინაშე აღმოჩნდები. კოვიდის პერიოდში 24 საათი სულ ერთად ვიყავი, არადა მანამდე ხშირად მიწევდა მოგზაურობა. ძალიან მოგვეწონა იზოლაცია, გვიკვირდა, სულ ერთად ვართ და როგორ არ ვჩხუბობთო.

ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ამ სილამაზის უკან ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. მძიმე სოციალურ პირობებში გაიზარდა, მამა არ ჰყავდა. მამამისი იყო ეთიოპიიდან და სამხედრო საქმეს სწავლობდა უკრაინაში. სამოქალაქო ომის დროს გაიწვიეს და შემდეგ გაირკვა წლების შემდეგ და იქ გარდაიცვალა. დედა ზრდიდა ძალიან მძიმე პერიოდში, ადრეულ ასაკში უწევდა ფიზიკური მუშაობა და თავად მიაღწია ყველაფერს. ერთმანეთი უკრაინაში ჯანდაცვის სამინისტროში გავიცანით. ურთიერთობა მას შემდეგ დავიწყეთ, რაც სამინისტროდან წამოვედი" - აღნიშნა ექსმინისტრმა.

ცნობისთვის, წყვილმა ერთმანეთი უკრაინაში გაიცნო და 2018 წელს იქორწინეს. სანდრო კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად მუშაობდა (2014-2015 წლებში). უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა ასევე ანასტასია ოსტროვსკაც. შემდეგ კი ორგანიზაცია CMI-ს თანამშრომელი გახლდათ და კონფლიქტების დარეგულირების საკითხებზე მუშაობდა. წყვილი უკრაინაში ცხოვრობდა და საქმიანობდა. ანასტასია ალექსანდრე კვიტაშვილისთვის მეორე მეუღლე გახლდათ.

მანამდე სანდრო კვიტაშვილი ნიკოლ ჟორდანიაზე გახლდათ დაქორწინებული, რომელთანაც ვაჟი, ნიკოლოზი ჰყავს. ნიკოლი მენშევიკური საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი და რეჯებ ჟორდანიას ქალიშვილი გახლავთ.

"დიდ შეცდომას ვუშვებთ, პირბადეების ტარების მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა, ნუ დაიღუპავთ თავს, მესამე ტალღის დიდი შანსია" - თენგიზ ცერცვაძე

"არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, რომ თრომბოემბოლიზმის განვითარება ​"ასტრაზენეკას" ვაქცინის მიღებასთან იყო დაკავშირებული" - ცერცვაძე

"10-ზე მეტმა ქვეყანამ კონკრეტული ვაქცინის გამოყენება შეაჩერა და თქვეს, რომ სჭირდებათ ორკვირიანი დაკვირვების ვადა - მრევლს ვურჩევდი, მოგვეცადა..." - დეკანოზი