ვარდების რევოლუციის შემდეგ ფასების ზრდამ 300-400% შეადგინა

ვარდების რევოლუციის შემდეგ ფასების ზრდამ 300-400% შეადგინა

პოსტრევოლუციურ საქართველოში პენსია 14 ლარიდან 80 ლარამდე გაიზარდა, ასევე მოიმატა ხელფასებმა საბიუჯეტო ორგანიზაციებში, თუმცა ამის პარალელურად გაძვირდა ყველაფერი, განსაკუთრებით კი საკვები და პირველადი მოხმარების საგნები, რომ არაფერი ვთქვათ კომუნალურ გადასახადებზე. ოფიციალური ინფორმაციით, 2003 წელთან შედარებით ახლა ფასები დაახლოებით 60-85%-ითაა მომატებული, თუმცა არაოფიციალური მონაცემებით ეს ციფრი უფრო მაღალია და 300-400%-ს შეადგენს.

მოკლედ, "ბიზნეს-რეზონანსმა" გადაწყვიტა ერთმანეთისთვის შეედარებინა რევოლუციამდელ საქართველოში არსებული ფასები 2010 წლის ფასებთან. ელემენტარული არითმეტიკული გათვლებით, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ პროდუქტზე ფასი 100%-ით, ზოგზე კი 400%-ითაც კი არის მომატებული.

მაგალითად, ერთი კილოგრამი კარტოფილი, რომელიც 2003-04 წლებში სულ რაღაც 30 თეთრი ღირდა, დღეს მისი ფასი მინიმუმ 80-90 თეთრია. ანუ, დღემდე კარტოფილის ფასი თითქმის 300%-ით გაიზარდა.

დაახლოებით 400%-ით მოიმატა ფასმა ბადრიჯანზე, თუ ბოსტნეულის ეს სახეობა "ვარდების რევოლუციამდე" 15-20 თეთრი ღირდა, დღეს მისი ფასი 70-80 თეთრია.

მომატებულია ფასი კიტრსა და პომიდორზეც, შესაბამისად, 300-400%-ით. თუ ერთი კილოგრამი კიტრის შეძენა რევოლუციამდე თუ რევოლუციის წელს 25-30 თეთრად შეიძლებოდა, ახლა მისი ფასი მინიმუმ 70-80 თეთრია. ასევე გაძვირდა პომიდორიც, რომელიც ნაცვლად 30-40 თეთრისა, აგრარულ ბაზრებში 1 ლარი ღირს.

ასევე, დაახლოებით, 300%-ით მოიმატა ფასმა ნიორზეც, რომელიც ახლა უკვე 5-6 ლარი ღირს, არადა, 2003-04 წლებში ის მხოლოდ 2-2,5 ლარი ღირდა. გაძვირდა ხახვიც თუ ადრე 3 კილოგრამ ხახვს სულ რაღაც 1 ლარად შეიძენდი, ახლა ერთი კილოგრამი, საშუალოდ, 70-80 თეთრი ღირს.

დაახლოებით 300-400%-ით მოიმატა ფასმა ერთ კილოგრამ კომბოსტოზეც, მისი ყიდვა 10-15 თეთრის ნაცვლად, უკვე 40 თეთრადაა შესაძლებელი.

ასევე მნიშვნელოვნად მოიმატა ფასმა ხილის ზოგიერთ სახეობაზე, თუ ყურძნის, ატმის, მსხლის ფასი თითქმის 2004 წლის მაჩვენებელს უტოლდება, "კარგი" ვაშლი, დაახლოებით, 400%-ითაა გაძვირებული და ნაცვლად 40-50 თეთრისა, უკვე 2 ლარი ღირს. მნიშვნელოვნად არ გაზრდილა ფასი იმპორტირებულ ხილზე, მაგალითად, ბანანი დღესაც ის ფასი ღირს, რაც 5-6 წლის წინათ ღირდა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაძვირდა შაქარი და ფქვილი. თუ, მაგალითად, 2003-04 წლებში ერთი ტომარა შაქარი სულ რაღაც 25 ლარი ღირდა, დღეს ის უკვე, დაახლოებით, 350%-ითაა გაძვირებული და 90 ლარი ღირს.

რაც შეეხება ფქვილს, მისი ფასიც, დაახლოებით, 300%-ითაა გაზრდილი და მისი შეძენა ნაცვლად 18-20 ლარისა, 50-55 ლარადაა შესაძლებელი. შესაბამისად გაძვირდა პურიც, პურის ის სახეობა, რომელიც 2003-04 წლებში 30-40 თეთრი ღირდა, დღეს უკვე მისი ფასი 65-დან 80 თეთრამდე მერყეობს.

"ვარდების რევოლუციიდან" დღემდე მოიმატა ფასმა ბურღულეულზეც. თუ ადრე ერთი კილოგრამი წიწიბურა სულ რაღაც 1 ლარი და 20 თეთრი ღირდა, დღეს უკვე ის ბაზარზე 3 ლარი ღირს, ანუ ფასი, დაახლოებით, 150%-ით გაიზარდა. ასევე მოიმატა ბრინჯის ღირებულებამ, მაგრამ არა 150%-ით, არამედ დაახლოებით 80%-ით და დღეს ის ნაცვლად 1 ლარისა და 20 თეთრისა, უკვე 2 ლარი ღირს.

დაახლოებით 100-150%-ით გაძვირდა ხორცპროდუქტები და რძის ნაწარმი. თუ ერთი კილოგრამი ხორცი 5-6 წლის წინ 3,50-4 ლარი ღირდა, დღეს მისი საშუალო ფასი 8-9 ლარია. ნატურალური რძის შეძენა კი, ნაცვლად 70-80 თეთრისა, 1 ლარად და 50 თეთრადაა შესაძლებელი.

საკვები პროდუქტების ანალოგიურად ფასებმა პირველადი მოხმარების საგნებსა და ჰიგიერნურ საშუალებებზეც მოიმატა. აქაც ფასების გაზრდა, დაახლოებით, 100%-ით მოხდა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ახალი საგადასახადო ცვლილებების მიხედვით ჰიგიენის საშუალებები უკვე იბეგრება და საკმაოდ მაღალი პროცენტით, საერთო ჯამში შეიძლება თამამად ითქვას, რომ ფასები, დაახლოებით, 150%-ითაც კი გაიზარდა.

მაგალითად, ავიღოთ სარეცხი საშუალება "თაიდი" და "არიელი", რომლებიც 5-6 წლის წინ, შესაბამისად, 1,6-2 ლარი ღირდა, დღეს 2,30-2,80 ლარი ღირს. მოიმატა ფასმა საპონზეც, მაგალითად "სეიფგარდი" და "პალმოლივი" ნაცვლად 80 თეთრისა, უკვე 1 ლარი და 30 თეთრი ღირს. გაძვირდა თმის მოვლის საშუალებებიც, შამპუნისა და ბალზამის ფასმა განურჩევლად ფირმისა, დაახლოებით, 2 ლარით მოიმატა.

მოკლედ, როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, საქართველოში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელი საოცარი სისწრაფით გაიზარდა. მოიმატა ფასმა ყველაფერზე, განსაკუთრებით კი საკვებ პროდუქტზე.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ 2009 წელს 2003 წელთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი 50-60%-ია, საკვებ პროდუქტებზე კი - 80-85%.

"ინფორმაცია, რომ ფასები დაახლოებით 400%-მდე გაიზარდა, რეალურია, მაგრამ ოფიციალური ინფორმაციით ეს ციფრი დაახლოებით 60%-ს აღწევს. საერთოდ, ინფლაციის მაჩვენებელი ფასების შეწონით ყალიბდება და იმის გამო, რომ ზოგიერთ საქონელზე ფასმა დაიკლო, ოფიციალური პროცენტით ასეთი ამიტომ გამოვიდა. მაგრამ, რამდენად სანდოა, მეორე საკითხია, ჩვენთან ხომ ინფლაციის გამოთვლის მეთოდოლოგიას ძალიან დიდი პრობლემები აქვს, თუმცა სხვა ოფიციალური მონაცემები არ გვაქვს და შესაბამისად, ამით უნდა ვისარგებლოდ.

თუმცა, ამ ოფიციალური ციფრების მიღმა, ჩვენ უნდა დავინახოთ, მეორე მხარე - ანუ, მოსახლეობის რა კატეგორიაზე აისახა ეს ყველაზე მტკივნეულად. ფასების ზრდა ყველაზე მეტად მოქმედებს დაბალშემოსავლიანი და ფიქსირებული შემოსავლის მქონე ოჯახების, შინამეურბეობების ან ცალკეული ადამიანების მდგომარეობაზე. მათ სხვა დამატებითი შემოსავალი არ აქვთ, რომელიც ფასების მატებას გადაფარავს. რადგან ათვლის წერტილად 2003 წელი აიღეთ, მას შემდეგ სურსათზე ფასები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე საშუალოდ ინფლაციის მაჩვენებელი.

რაც უფრო დაბალშემოსავლიანია ოჯახი, სურსათის ხარჯებს სულ უფრო დიდი ადგილი უკავია. ამიტომ, რა თქმა უნდა, დაბალშემოსავლიან ოჯახზე ფასების მატება უფრო მძიმედ აისახება, ვიდრე მაღალშემოსავლიანზე.

ვისაც სურსათის პრობლემა გადაწყვეტილი აქვს, ისინი უფრო მაღალი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ არიან მიმართულნი, მაგალითად, ყიდულობენ კომპიუტერს, ახალ პლაზმურ ტელევიზორს და ა.შ. ტექნიკის ფასები კი ჩვენთან ან იგივეა, ანდა იკლებს. ეს კი სოციალურ დიფერენცირებას კიდევ უფრო აღრმავებს. საერთო ჯამში, იზრდება ღარიბთა რაოდენობა, რაც ბევრად მეტია, ვიდრე ამაზე ოფიციალურ ინფორმაციას გვაწვდიან", - დასძინა სოსო არჩვაძემ.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ