2-3 სექტემბერს აზერბაიჯანში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ვიზიტისას 2011-2012 წლებში აზერბაიჯანული გაზის რუსეთისთვის მიწოდების გაზრდაზე შეთანხმების დადება იგეგმება.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის სერგეი პრიხოდკოს თქმით, გაზის დამატებითი ექსპორტის თაობაზე კონტრაქტი ”გაზპრომსა” და აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის გაფორმდება. ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობითა და პერსპექტიული საინვესტიციო პროექტების განხორციელებით ორივე მხარე დაინტერესებულია, - დასძენს პრიხოდკო.
აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის შესყიდვის თაობაზე კონტრაქტი 2009 წლის ოქტომბერში ”გაზპრომ ექსპორტსა” და აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის გაფორმდა. მის თანახმად, 2010-2015 წლეში წლიურად 0,5 მლრდ კუბ.მ მოცულობის აირის მიწოდება იყო განსაზღვრული, რომელიც შემდეგი შეთანხმებით 1 მლრდ კუბ.მ-მდე გაიზარდა. შესყიდვის მოცულობის მაქსიმუმი კონტრაქტით შეზღუდული არაა, აირის ღირებულება კი ფასის ფორმულით დგინდება.
მომზადებულია finmarket.ru-ს მიხედვით.