ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება პოლიტიკური პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
- ქალბატონო ნინო, რას იტყვით უკვე განხორციელებულ თუ სავარაუდო სამთავრობო ცვლილებებზე?
- ქვეყანაში არსებობს გადაწყვეტილებების მიღების კარგად ჩამოყალიბებული მექანიზმი - გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი, ამ შემთხვევაში ეს არის არა მიხეილ სააკაშვილი, არამედ ვანო მერაბიშვილი. ეს ცვლილებები ემსახურება პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას. საქართველოში ცხოვრება ყოველდღიურად ძვირდება, ამიტომ გვიდგამს სპექტაკლებს ბატონი პრეზიდენტი და ათასგვარ "ტრიუკს" გვიტარებს. სხვათა შორის, ამის ნაწილია ჩაცმულობის ის სტილიც, როგორითაც წარმოგვიდგება ხოლმე. ეს ყველაფერი პიარტექნოლოგიების შედეგია.
- ხელისუფლებაში თქვენი ყოფნის დროსაც ხშირად ტრიალებდა სამთავრობო კარუსელი...
- კი, მაგრამ არასდროს მომწონდა ის საკადრო ცვლილებები, რომელიც ხორციელდებოდა. ეს ხმამაღლაც არაერთხელ მითქვამს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენი სუსტი წერტილი საკადრო პოლიტიკა იყო. არ შეიძლებოდა პოლიტიკური ერთგულების ნიშნით ხალხის მინისტრებად დანიშვნა. მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა, ადრინდელი მინისტრთა კაბინეტები დღევანდელ მთავრობასთან შედარებით მეცნიერებათა აკადემია იყო. დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი ცირკი და სანახაობაა.
- წეღან პრეზიდენტის "ტრიუკები" ახსენეთ, ბევრი ამ "ტრიუკებში" პუტინისეულ პოლიტხრიკებსაც ხედავს. როგორ ფიქრობთ, ეს მიბაძვაა, თუ უბრალოდ, ერთი პოლიტტექნოლოგიით სარგებლობს ორივე?
- თვითმფრინავის მართვას თუ გულისხმობთ, განსხვავება ნამდვილად არის, პუტინი იჯდა ჯერ ბომბდამშენზე, მერე კი საკმაოდ რთულად სამართავ თვითმფრინავზე, რომელსაც ხანძრის ჩაქრობისას იყენებენ. ეს ყველაფერი პაროდიას ემსგავსება და უხერხულია. როდესაც სააკაშვილი პირველად შეხვდა პუტინს, მის მიერ გამოთქმული ბევრი მოსაზრებით სააკაშვილი აღფრთოვანებული იყო, მაგალითად, მას განსაკუთრებით მოეწონა პუტინისეული "მართვის ძლიერი ვერტიკალი". ამის მოწმენი არიან თედო ჯაფარიძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი. სხვათა შორის, მოგვიანებით ძალიან ბევრ რამეში გამოჩნდა, რომ სააკაშვილი ჰბაძავდა პუტინს.
როდესაც წავიკითხე, რომ საქართველოში თურმე ავიაციის აღმშენებლობის სტრატეგია შეიმუშავეს, გამეცინა. ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს საშუალება არ აქვს, თვალყური ადევნოს მსოფლიო და მათ შორის რუსულ პრესასაც, თორემ აუცილებლად გაიხსენებდა, რომ რუსეთში ორი თვის წინ გამოქვეყნდა ავიაციის განვითარების სტრატეგია. სააკაშვილმაც არ დააყოვნა, როგორც ხედავთ...
ისე, ძალიან სასაცილოა სააკაშვილი შტურვალთან, როცა იცი, რომ თვითმფრინავის თუ ვერტმფრენის ხმის გაგონებაზე ისე გაიქცა, რომ დაცვა ძლივს დაეწია. ასე როდის გამამაცდა, არ ვიცი, ასეთი მარჯვე თუ იყო, რას დარბოდა გორში, ნეტავ? ისე, პუტინს, სააკაშვილისგან განსხვავებით, არ დაუკარგავს თავისი სახელმწიფოს ტერიტორიები.
- რას ფიქრობთ კონფედერაციის იდეაზე?
- როგორ შეიძლება ამაზე სერიოზული ლაპარაკი, - აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ეს პირველად მაშინ მოისმინა, როდესაც სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში თქვა. ალიევს მთელი თავისი ინტელექტისა და დიპლომატიის მობილიზება დასჭირდა, რომ შოკური გამომეტყველება როგორმე დაეფარა. ასე არ იქცევა ნორმალური ადამიანი, მაგრამ აღარავინ აქცევს ყურადღებას სააკაშვილის გამოხდომებს. რა კონფედერაციაზე ლაპარაკობს, ამას პრეზიდენტს ვინ ჰკითხავს? ასეთი საკითხები საერთო-სახალხო რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს.
- აქტიურად უჭერთ მხარს საერთო-სახალხო კრების იდეას, თუმცა ოპოზიციის ნაწილი ამას სკეპტიკურად უყურებს...
- ტრადიციად იქცა, რომ ადამიანების ნაწილი, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები, ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ. თვითონ გვითხრან, რას აქვს აზრი და რა გამოვა. ადვილია კრიტიკოსის პოზიციაში ყოფნა და მენტორული ტონით ჭკუის დარიგება. ის, რომ ჩემი მისამართით ისმის კრიტიკა, უცხო არ არის, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ყველაზე მეტს რატომღაც მე მაკრიტიკებდნენ... შიდასახელისუფლებო ინტრიგაც ბევრი იხლართებოდა. ათასგვარ სიბინძურეს მაბრალებდნენ. ორიოდე დღის წინ გამოქვეყნდა ქალბატონი ქსენია სობჩაკის ინტერვიუ, სადაც ამბობს, სააკაშვილმა ხუთი საათი თვითმფრინავით მასეირნაო, უკაცრავად და, რა თანხებით ასეირნა, ხომ არ იცით? ან რატომ იხარჯება ბიუჯეტის თანხები ასე, რატომ არავინ კითხულობს? დღეს რასაც ხელისუფლება აკეთებს ჩემი, ჩემი ოჯახის და პოლიტიკური პარტიის მისამართით, არ მიკვირს, ჩემი პანიკური შიში აქვთ. რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან წამოსულ ისრებს, ესეც გასაგებია.
არ მინდა, ყველა ერთ ქვაბში მოვათავსო, მაგრამ ოპოზიციის დიდი ნაწილი სააკაშვილის მიერ არის ნაყიდი და ეს არ არის ახალი ამბავი. მე ეს ძალიან კარგად ვიცოდი 2007 წლის 7 ნოემბერსაც, ზოგიერთი ოპოზიციონერი დღეს ბევრს რომ ლაპარაკობს, მაშინაც მოსყიდული იყო. ვინ რა ღირდა, ძალიან კარგად ვხედავდი სპიკერის კაბინეტიდან და დღეს კიდევ უფრო უკეთესად ვხედავ, როდესაც ოპოზიციაში ვარ. ასე რომ, ბევრს ნუ ლაპარაკობენ...
- იქნებ დააკონკრეტოთ, ვის გულისხმობთ, ბოლოს და ბოლოს, საზოგადოებამ ხომ უნდა იცოდეს, ვინ ვინ არის...
- პატარა ანალიზია საჭირო და ყველა ყველაფერს მიხვდება. სახალხო კრებასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ღირსეული წამოწყება, რომელმაც შეიძლება მოძებნოს გამოსავალი ქვეყნისთვის, თუმცა პოლიტიკური პარტიების მხრიდან, მათ შორის მათგან, რომლებიც თავის დროზე ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესში, ჯერ მხოლოდ ისრები მოდის. ვგულისხმობ "ეროვნულ ფორუმს", რომელიც შემოუერთდა ამ იდეას, მაგრამ დღეს ინერტულობას იჩენს. ასევე ძალიან უცნაური იყო "კონსერვატორების" განცხადება, არ ვიცი, ვინ რა მოსაწვევსა და სავიზიტო ბარათს ელოდება ან რა გარანტიებს ითხოვს...
შეურცხმყოფელი იყო ბატონი კახა კუკავას განცხადებები, არადა, მას ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა კრების წარმომადგენლებთან, სადაც თქვა, რომ უახლოეს მომავალში წარმოადგენდა პარტიის თვალსაზრისს. მაგრამ ამის შემდეგ კონსერვატორების ლიდერები წავიდნენ ჯერ სვანეთში რაღაც საქმეზე, მერე - დასასვენებლად, ყოველ შემთხვევაში, კრების წარმომადგენელთა სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდნენ და ახლა რა პრეტენზია გაუჩნდათ, არ ვიცი. რა დაპატიჟება გჭირდებათ, ბატონებო, საქმე რომაა გასაკეთებელი, ვერ ხედავთ? ყველას ვეუბნები, მობრძანდით და ნუ დაუშვებთ, რომ რომელიმე ერთი პარტიის იყოს ეს კრება.
- რესპუბლიკელები ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია ამ კრების აზრი...
- ისე, რესპუბლიკელები რომ გაერკვეოდნენ, რა სურთ და რას ეძებენ, კარგი იქნებოდა. რესპუბლიკელებს ის ვერ გაურკვევიათ, არჩევნების პერიოდში ვისი მესიჯების მიხედვით იღებდნენ გადაწყვეტილებებს "ალიანსის" შიგნით. ამის შემდეგ სახალხო კრების რომ ვერაფერი გაიგეს, არ მიკვირს. არაერთხელ ვთქვი, რომ ეს არ იქნება პარლამენტის ალტერნატიული ორგანო. ბატონ ლევან ბერძენიშვილს, მიუხედავად ჩემი მისამართით გაკეთებული არაერთი არაკორექტული განცხადებისა, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვერაფრით გავიზიარებ მის აზრს. თურმე დღეს თუ დაინიშნება ვადამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, აუცილებლად ხელისუფლება გაიმარჯვებს და ეს ნინო ბურჯანაძის ბრალი იქნება. ადგილობრივ არჩევნებზე წასვლა და ხელისუფლებისთვის გამარჯვების გაფორმება ვისი ბრალი იყო? მოკლედ, ამ ხალხს სააკაშვილის ავადმყოფობა გადაედო - ყველა საკითხზე ბურჯანაძეს ახსენებენ.
- ბატონმა ლევანმა ისიც განაცხადა, რომ ვინც 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილის გვერდით დარჩა, თავისი პოლიტიკური უზნეობა გამოამჟღავნაო...
- ძალიან სწორად მოვიქეცი, მაშინ ხელისუფლებაში რომ დავრჩი. ეგ თუ უზნეობაა, რატომ არ იყო პოლიტიკური უზნეობა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა? ხომ არ გაიხსენებთ 2003 წელს "ნაცმოძრაობის" საარჩევნო ბლოკში რომელი პარტიები იყვნენ? იმხანად არ იცოდნენ, ვინ იყო სააკაშვილი? 2003 წლის არჩევნებამდე ვეხვეწებოდით მე და ჟვანია, ჩვენთან ერთად გაეკეთებინათ ბლოკი, მაგრამ მათ არჩიეს სააკაშვილი. მაშინ ჟვანია არ მოსწონდათ რატომღაც... მე მაბრალებენ ახლა უზნეობას? ის, რომ ძალიან ადრე დატოვეს სააკაშვილის ხელისუფლება, თავის გასამართლებელი არ არის, პირიქით... მათ მოიყვანეს ხელისუფლებაში სრულიად არაადეკვატური ძალა, მერე დაანებეს თავი და "გიჟი მიუშვეს ნებასა". არავისგან მივიღებ ამ საყვედურებს, წამოსაძახებელი არაფერი მჭირს. იმ პარტიებმა, რომლებმაც თვითმმართველობის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელისუფლების თამაში ითამაშეს.
ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)