ავტორი:

როგორია ვითარება სომხეთში ყარაბაღის ომის შემდეგ - ოპოზიცია ფაშინიანს გადადგომისთვის დროს ხვალ, შუადღემდე აძლევს: "უნდა წახვიდე და წერტილი"

როგორია ვითარება სომხეთში ყარაბაღის ომის შემდეგ - ოპოზიცია ფაშინიანს გადადგომისთვის დროს ხვალ, შუადღემდე აძლევს: "უნდა წახვიდე და წერტილი"

მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღის ომის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ერევანში მისი გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური აქციები დაიწყო. ოპოზიცია წერს, რომ მათ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო დემონსტრაციებში ხალხის რაოდენობა იზრდება. მათივე ცნობით, ბოლო აქციაზე, კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, 100 000-მდე ადამიანი გამოვიდა, ხელისუფლების მხარდამჭერების ცნობით კი, აქციას 4-5 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა იშხან საღათელიანმა განაცხადა, რომ ფაშინიანს გადადგომისთვის ორშაბათს, შუადღემდე აძლევენ ვადას.

“ორშაბათს, 12:00 საათამდე ვაძლევთ დროს, რომ თავის პოლიტიკურ გუნდთან და თავის მრჩევლებთან ერთად გადადგეს... მივმართავთ მას, სამთავრობო აგარაკზე შენი ცხოვრების ბოლო საათების ათვლა დაიწყო. ჩვენ მხოლოდ ერთი მოთხოვნა გვაქვს, უნდა წახვიდე და წერტილი!.” – განაცხადა სომხეთის რევოლუციური ფედერაციის, "დაშნაკციუთუნის" წარმომადგენელმა. მისივე თქმით, სწორედ ის არის პასუხისმგებელი მთიანი ყარაბაღის 44-დღიანი ომის ტრაგედიის შედეგებზე.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის პოსტზე 17 ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილი საერთო კანდიდატი, ვაზგენ მანუკიანი აცხადებს, რომ როგორც კი თანამდებობას დაიკავებს, მაშინვე დატოვებს პარტიულ საქმიანობას და გარკვეული დროის შემდეგ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საკუთარ თავზე აიღებს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება როგორც უპარტიო პრემიერი და არცერთ პარტიას არ დაუჭერს მხარს.

ვაზგენ მანუკიანი, რომელმაც შესაძლოა, ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვალოს, წინა ხელისუფლების დროს, პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი იყო. სომეხი საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ, ვაზგენ მანუკიანი რუსეთისთვის მისაღები კადრია და კრემლის მხარდაჭერითაც სარგებლობს. მანუკიანი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მთიან ყარაბაღში ორხმრივი ცეცხლი იყო, ფაშიანინის გუნდს გადადგომისკენ და ხელისუფლების სამხედრო ხელმძღვანელობისათვის ჩაბარებისაკენ მოუწოდებდა.

სომეხი პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ფაშინიანის ხელისუფლებაში დარჩენის შანსები თანდათან მცირდება. თუმცა, პოლიტოლოგ არნოლდ სტეფანიანის ცნობით, ასეთი შეფასებები გადაჭარბებულია. armtimes.com-თან საუბარში ის ამბობს, რომ ვითარება ნამდვილად მძიმეა, რადგან იმ კატასტროფული შეთანხმების დოკუმენტს სწორედ ფაშინიანმა მოაწერა ხელი, მაგრამ ამის მიუხედავად, ფაშინიანს ადგილობრივ მოსახლეობაში ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს და ძალიან დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.

“ვფიქრობ, ფაშინიანისა და მისი გუნდის გადადგომა არასწორი ნაბიჯი იქნება. საქმე ის არის, რომ მის გადადგომას ითხოვენ ადამიანები, რომლებიც ხელისულებაში 20 წელი იყვნენ, ახლა კი, ყარაბაღში განცდილი მარცხის გამო, მის გადადგომას ითხოვენ. კითხვა მაქვს, რატომ არ ააშენეს მათ შეიარაღებული ძალები ამ 20 წლის განმავლობაში, რატომ განავითარეს არმია ისე, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოს, ან იქნებ არ ახსოვთ კორუფციის მასშტაბები ქვეყნის შიგნით, ჰგონიათ, რომ ყველაფერი დაგვავიწყდა. ამ ყველაფერს ერთი ახსნა აქვს - რუსეთი არასაიმედო პარტნიორი აღმოჩნდა, მან სომხეთი აზერბაიჯანისა და თურქეთის პირისპირ დატოვა. მისი ნდობა არ შეიძლება", - აცხადებს ის.

კიდევ ერთი პოლიტოლოგის, ნაირა აირუმიანის მოსაზრებით, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შანსი სამხედრო დაპირისპირება აეცილებინა, თუმცა, მასა და მის გუნდს ამის უნარი არ აღმოაჩნდათ.

პოლიტოლოგი სტეპან დანიელიანი აცხადებს, რომ ფაშიანინი ნამდვილად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამიტომაც, საზოგადოების ნაწილი მას მოღალატედ მიიჩნევს, სხვები კი, ხელმოცარულ პოლიტიკოსს უწოდებენ, რომელსაც დასავლეთიკენ სწრაფვა ნაადრევად და რადიკალური ნაბიჯებით მოუნდა.

“ამ მძიმე სიტუაციაში, ფაშიანინი ცდილობს, ვითარება დაალაგოს და საზოგადოებას აჩვენოს, რომ ომში მისი ბრალეულობა არ იკვეთება. ამიტომ ასახელებს ყველას ვინაობას, ვისაც ყარაბაღის საქმეში წვლილი მიუძღვის და მათზე ღია განცხადებებს აკეთებს, რათა საზოგადოება თავის უდანაშაულობაში დაარწმუნოს. ასევე, აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად კი არა, ქვეყნის სხვა ლიდერებთან ერთად მიიღო. მით უფრო, რომ უამრავი ხმა დადის, ქალაქი შუშა ბრძოლით დაეცა, თუ ჩააბარეს..." - აცხადებს პოლიტოლოგი.

კიდევ ერთი პოლიტოლოგის, არმენ ვარდანიანის შეფასებით, ფაშინიანი თავის "გათეთრებას ცდილობს" - “ის რუსეთის პრეზიდენტთან თავისი საუბრის დეტალებს მალავს, რადგან, როგორც კი სამმხრივი შეთანმხების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დადანაშაულება დაიწყო, რითაც პასუხისმგებლობის აცილება სურდა, რათა იმედგაცრუებული მოსახლეობის მთელი აგრესია როგორმე აეცილებინა...”- აცხადებს ვარდანიანი.

"ღმერთი იქ არის, სადაც სტაბილური შემოსავალია, აპლია ვაჭრობისთვის მზად არის" - აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის მეთაური რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს

"წარმოუდგენელი საცოდაობა ტრიალებდა..." - გუდაუთაში, სასტუმროში გაჩენილ ძლიერ ხანძარს ბავშვები ემსხვერპლნენ

"ქართული მხარე განაგრძობს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ზრდის დაძაბულობას" - ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უშიშროების კომიტეტი"