რთველის ახალი გენერლები

რთველის ახალი გენერლები

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბოლო ხანს კვლავ ეკონომიკის ბუმზე ალაპარაკდა. ცოტაც და, აგვისტოს ომამდე ნიშნულს მივაღწევთო, თუმცა ყველამ იცის, რომ ძალიან ძვირად ღირებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, რომელში გასამარჯვებლადაც, როგორც ამბობენ, მმართველმა გუნდმა კოლოსალური თანხა არ დაიშურა, სახელმწიფო ხაზინა თითქმის დაცარიელდა და ქვეყანაში სერიოზული ფინანსური პრობლემებია.

სწორედ ამ ტალღას მოჰყვა ბიზნესმენთა დაწიოკება: "ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორი გენო მალაზონია, კომპანია "მათე მოტორსის" ხელმძღვანელი გელა ბარკალაია, "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილი მფლობელი ანზორ ქოქოლაძე, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი... ხელისუფლების "შავ სიაში" წარსულში თუ ახლახან მოხვედრილი მეწარმეთა სია საკმაოდ მრავლისმეტყველია...

რთველის წარმატებით ჩატარება ხელისუფლებისთვის სახელმწიფო პოლიტიკის რანგში რომ არის აყვანილი, არახალია... რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, პარალელურად, რთვლის გენერლად დანიშნა და თქვა, რომ "ახლა ფრონტის ხაზი აქ გადის", თავის მხრივ კი, ოქრუაშვილი კახელ გლეხებს, რომლებმაც ყურძნის ჩაბარების მიმდინარეობა გააპროტესტეს, დაემუქრა: თუ აქციებს გამართავთ, 2 წლის მოსვლის ფული თბილისში "პერედაჩების" სატარებლად არ გეყოფათო...

ასეა წელსაც, რთველის ჩასატარებლად, პოლიტიკურმა ელიტამ მობილიზაცია გამოაცხადა: ერთი თვის წინ, ყვარელში გამართულ მთავრობის გასვლით სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილმა იკითხა: როგორია ყურძნის მოსავალი წელს და როგორ აპირებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მის დაბინავებასო? რაზეც მინისტრმა კვეზერელმა საზეიმოდ უპატაკა: "გასული წლის რთველი წარმატებული და სამაგალითო იყო. წელს კი გასული წლის შედეგის გაუმჯობესებას ვაპირებთ, ამის ყველა პირობა არსებობს, ყურძნის ჩასაბარებლად 34 ქარხანა გავხსენით"...

ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში, თელავის რაიონში, ღვინის ქარხანა "მილდიანის" დირექტორი სანდრო მეგუთნიშვილი დააკავეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ მეგუთნიშვილთან მივიდა კონსტიტუციური უსაფრთხოების კახეთის სამმართველოს თანამშრომელი ზურაბ გრძელიშვილი, რომელმაც მას პირდაპირ ჰკითხა, რამდენი ტონა ყურძნის მიღებას შეძლებდა მიმდინარე წლის რთვლის პერიოდში. ქარხნის დირექტორმა კუდ-ის თანამშრომელს განუცხადა, რომ ყველა ჭურჭელი გადავსებული იყო და 20 ტონაზე მეტს ვერაფრით ჩაიბარებდა. ზურაბ გრძელიშვილმა კი მისგან 200 ტონა ყურძნის მიღება მოითხოვა, რადგან 20 ტონა ძალიან ცოტა იყო.

ამის შემდეგ გრძელიშვილი უკან გაბრუნდა და მოგვიანებით რამდენიმე პიროვნებასთან ერთად დაბრუნდა ქარხნის ტერიტორიაზე... სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სანდრო მეგუთნიშვილს მისი ბიძაშვილი, ალექსი მეგუთნიშვილი გამოესარჩლა, რის შემდეგაც სანდრო და ალექსი მეგუთნიშვილები დააპატიმრეს და ორივეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. პროკურატურა სანდრო მეგუთნიშვილს ჯგუფურ ხულიგნობასა და კუდ-ის თანამშრომლის კუთვნილი ნივთის განზრახ დაზიანებაში ადანაშაულებს.

დავუკავშირდით სანდრო მეგუთნიშვილის ადვოკატს, ლეილა გარსევანიშვილს, რომელმაც განგვიცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი არ სურს. სანდრო მეგუთნიშვილის ძმამ, არჩილ მეგუთნიშვილმა კი გვითხრა, რომ "ამ საკითხზე არაფერი იცის".

აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ კვირას თავი მოიკლა თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მდებარე ღვინის ქარხანა "ბუმის" ერთ-ერთმა მეპატრონემ ოთარ ფირანიშვილმა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ თვითმკვლელობამდე კომპანია შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველომ შეამოწმა. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა თვითმკვლელობა ოთარ ფირანიშვილის ბიზნესს. მიმდინარეობს გამოძიება.

ამ მწვავე თემაზე, ხელისუფლებისა და ბიზნესის დამოკიდებულებაზე, კომენტარი ვთხოვეთ "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა კაციტაძეს.

- მომხდარზე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ჩვენს სინამდვილეში ამგვარი ექსცესები გაკვირვებას ნამდვილად არ იწვევს, რადგან სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესში ჩარევა, ბიზნესის კონტროლი, წნეხი, არახალია. ახლა რთველი ახლოვდება, და ხელისუფლება ცდილობს, ამ პროცესის პრობლემები, მოსახლეობის უკმაყოფილება მიჩქმალოს. ამიტომ ხელისუფლება თავისუფალ ბიზნესზე ზემოქმედების ყველა მეთოდს მიმართავს, რომ სხვადასხვა მექანიზმით, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების მეშვეობით, აკონტროლოს პროცესი. ჩვენ გვახსოვს ძალოვანი სამინისტროების მიერ ჩატარებული რთვლები.

რთველის ჩატარებაზე ხან თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები იყო პასუხისმგებელი, ხან - პროკურატურა. ასეა დღესაც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბიზნესმენს, როგორც ჩანს, პირადად მოუხდა საკუთარი ბიზნეს-ინტერესების, კერძო საკუთრების დაცვა, რომელთანაც ნორმალურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლებას, მით უფრო, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, არაფერი ესაქმებათ.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ