ოთარ ქირია: "თავის მოგიჟიანება მიყვარდა"

ოთარ ქირია: "თავის მოგიჟიანება მიყვარდა"

"დამსახურებულად მაქვს მონიჭებული ბუზღუნას ტიტული"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემის პრესის მიმომხილველი ოთარ ქირია საოცრად რომანტიკული პიროვნებაა. მან შვებულების პერიოდში მეუღლე თამუნა ქარჩხაძე ხმელთაშუა ზღვის რივიერაზე, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში წაიყვანა დასასვენებლად. ოთარ ქირია თავის სიყვარულის ისტორიას გვიამბობს:

- ოთარ, სად და როდის გაიცანი მომავალი მეუღლე?

- 2001 წლის სექტემბერში. იმხანად გაზეთ "ალიას" რედაქციაში დავიწყე მუშაობა. თამუნა უკვე იქ მუშაობდა.

პირველი შეხვედრა იყო სპონტანური, ასე ვთქვათ, თანამშრომლური. ყავა ვითხოვე და ზოგიერთს ეს მაინცდამაინც არ ესიამოვნა - მოვიდა ვიღაც ღლაპი და  პირველივე წუთს ყავა მოითხოვაო, დარწმუნებული ვარ, ასე იფიქრეს, თუმცა ზოგმა ეს დამოკიდებულება ისე ცივად გამოხატა, რომ ორი ადამიანი შეწუხდა და დატრიალდა - თამუნა ქარჩხაძე და მაცაცო კევლიშვილი. მოგვიანებით ერთი ჩემი მეუღლე გახდა, მეორე კი - მისი მეჯვარე.

- თამუნამ ამ საქციელით მოგხიბლათ?

- ჭკვიანი იერი, დელიკატურობა და თვალების საოცარი ფორმა აქვს თამუნას, რამაც დანახვისთანავე მიიქცია ჩემი ყურადღება.

- ყველაზე საინტერესო ურთიერთობის პირველი ეტაპია - ფლირტი, გაპრანჭვა... განსაკუთრებულს რას აკეთებდით თამუნას მოსახიბლავად?

- ჩემი განცდების შესახებ ჯერ ხუმრობით გადავუკრავდი ხოლმე სიტყვას. ეს ხუმრობა კარგა ხანს გაგრძელდა, რადგან თამუნას გვერდით რამდენიმე ისეთი მეგობარი ტრიალებდა, რომელიც გასაქანს არ მომცემდა, ამიტომ ვიდრე კარგად არ წარმოვაჩინე ჩემი პიროვნება, არ გამოვუტყდი, რომ მართლა მომწონდა.

- პირველი პაემანი სად შედგა?

- ელბაქიძეზე, კაფეში.

- პირველ კოცნას გაიხსენებთ?

- ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე კაფეში (იცინის).

- შეყვარებული მამაკაცები ხშირად რომანტიკულები ხდებიან...

- ალბათ მეც ვიყავი ასეთი. საღამოობით ვსეირნობდით, დავდიოდით კაფეში, რესტორანში, მეგობრებთან... თავის მოგიჟიანება მიყვარდა, თუმცა ეს დღეს ჩანს ასე, თორემ იმხანად თავის მოგიჟიანება ჩვეულებრივი ამბავი იყო, მიუხედავად იმისა, რომ 26-27 წლის ვიყავი და, ასაკის შესაბამისად, დადინჯებული.

- შეუღლება როდის გადაწყვიტეთ?

- მე - გაცნობიდან რამდენიმე თვეში, თუმცა ზუსტად წლისა და 10 თვის შემდეგ დავქორწინდით.

- როგორ მოხდა ეს...

- გავიპარეთ, ოღონდ რა საჭირო იყო, არავინ იცის. ეტყობა, ასე გვინდოდა.

- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?

- ჩემს ოჯახში ყველამ ყველაფერი იცოდა, არც ხელის შეშლის სურვილი ჰქონია ვინმეს და არც წინააღმდეგობის. რაც შეეხება თამუნას ოჯახს, იქ ჩვენი გაპარვა ცოტა არ იყოს გააპროტესტეს, რასაც ჩემი დაბრუნება, ახსნა-განმარტება და ოფიციალური განცხადება მოჰყვა. ვიდრე ჩვენ ლიკანსა და ქობულეთში ვიყავით, ოჯახები, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქეიფით დაიხოცნენ.

- ხელი მოაწერეთ?

- ეს ერთი დიდი ისტორიაა. ქორწილი არ გვქონია... და ეს უფრო, ალბათ, ჩემი თავნებობის ბრალია. "გაპარვიდან" რომ დავბრუნდით, ჩემი მშობლების ოჯახში, ბუნებრივია, დიდი სუფრიანობა გაიმართა... შემდეგ, ქორწილისთვის დაიწყო მზადება. ვიდრე მე ვიბოდიალე, ვიღაც გარდაიცვალა სანათესაოში, შემდეგ თამუნამ გამოაცხადა, ქორწილში ფეხმძიმე ვერ ვიქნებიო... ასე გაჯანჯლდა ჩვენი ქორწილი, რომელიც, არც შედგა. ჯვარი კარგა ხნის შემდეგ დავიწერეთ. ნეფე-პატარძალი საპიკნიკოდ გახლდით ჩაცმული. ოჯახებსა და მეგობრებთან ერთად ვიპიკნიკეთ და ქორწილიც ეს იყო.

ალბათ მარტო ჩვენ არ გვაქვს ასეთი ისტორია და აღარც კი ვფიქრობთ იმაზე, რომ ტრადიციული ქორწილი თავისი საპატარძლო კაბით, ჩოხით და მეტრიანი ყანწებით არ გადაგვიხდია.

- შეუღლების შემდეგ ურთიერთობაში რამე შეიცვალა?

- შეიცვალა და ყოველდღიურად იცვლება. მიმაჩნია, რომ ასეც უნდა იყოს. ყველაფერს თავის დრო აქვს. იმხანად ვოცნებობდით, სამყაროსგან დამალულად სადმე მივყუჟულიყავით, დღეს კი მთავარი საზრუნავი ჩვენი ქალიშვილი ლიზა გახლავთ.

- რის გამო კამათობთ?

- ყველაფრის გამო. მე ჩქარა ვმოძრაობ, თამუნა კი - ნელა, მე ბევრს ვლაპარაკობ, თამუნა - ცოტას. დამსახურებულად მაქვს მონიჭებული ბუზღუნას ტიტული, რადგან კამათი და ბუტიაობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

- რომელი უფრო ეჭვიანი ხართ?

- ორივე - საკმარისად. არც ერთს გვაკლია ეგ "სიმდიდრე" და არც მეორეს.

- რას ვერ აპატიებთ მეუღლეს?

- ტყუილს ვერავის ვაპატიებ.

ნათია მალიშავა

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები