მოსკოვში საერთაშორისო ავტოსალონი გაიხსნა. როგორც თვით რუსული პრესა წერს, ქვეყნის მთელი ინდუსტრიისა და საერთოდ, ბაზრის დაცემის გათვალისწინებით, ავტოსიახლეების "ცვენა" ნაკლებმოსალოდნელი იყო.
და მაინც, გარკვეული სიურპრიზები მნახველს შესთავაზეს. სალონზე ათეულობით მსოფლიო, ევროპული და ადგილობრივი პრემიერა შედგა და ეს იმით აიხსნება, რომ მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ყაზახეთის ბაზარზე პოზიციების განმტკიცება.
მათი უმეტესობა მომხმარებელს საქალაქო კროსოვერებს სთავაზობს. მოსკოვში ამ კლასის 15-მდე მოდელია წარმოდგენილი, მათ შორის: "ლენდ როვერის", "ტოიოტას", "ლექსუსის", "მიცუბიშის", "ნისანის", "პეჟოს" მანქანები.
"პოლოს" მოდელის ოთხკარიანი სედანი წარმოადგინა "ფოლკსვაგენმა", ხოლო კორეელებმა მნახველთა სამსჯავროზე უკვე კარგა ხნის წინ გამოცხადებული, იაფფასიანი, B კლასის მოდელი გამოიტანეს, რომლის აწყობა სანქტ-პეტერბურგში მოხდება.
თანდათან მატულობს "ავტომატების" ხელმისაწვდომი ვარიანტები: ამ სფეროში ბოლო სიახლეებს წარმოადგენს Chance, Renault Logan და Sandero.
სალონში რუსი მწარმოებლებიც მონაწილეობენ: ავტომოყვარულთა სამსჯავროზე გამოტანილია ფრანგულ პლატფორმაზე აგებული Lada Kalina და Priora.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)