ავტორი:

"ბებუას დასჯის მთავარი მიზეზი მისი ეროვნებაა"  - რას ამბობენ ირაკლი ბებუასთვის გამოტანილ 9-წლიან სასჯელზე აფხაზები და რას - მისი ბიძაშვილი?

"ბებუას დასჯის მთავარი მიზეზი მისი ეროვნებაა"  - რას ამბობენ ირაკლი ბებუასთვის გამოტანილ 9-წლიან სასჯელზე აფხაზები და რას - მისი ბიძაშვილი?

9-წლიანი პატიმრობა აფხაზური დროშის დაწვისთვის, - ასეთია განაჩენი, რომელიც გალის რაიონში დაკავებულ, 27 წლის ირაკლი ბებუას აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ მიუსაჯა.

ახალგაზრდა ქართველი გალში, ბებიის მოსავლელად იყო ჩასული. 30 სექტემბერს, ინტერნეტმომხმარებლებმა ერთწუთიანი ვიდეომასალა ატვირთეს, სადაც ჩანს, თუ როგორ წაუკიდა ცეცხლი დროშას ბებუამ. ვიდეომ ადგილობრივების ნაწილი ძალიან გააღიზიანა რადგან მიიჩნიეს, რომ “ქართველმა ახალგაზრდამ ეს ქმედება ე.წ. აფაზეთის დამოუკიდებლობის დღეს სიმბოლურად დაამთხვია... თუმცა, ნაწილი იმასაც წერდა, რომ “არც კი ყოფილა დროშა, სინთეტიკის პატარა ნაჭერი იყო, დროშის შეფერილობით... სოხუმის ცენტრში კი, ადგილობრივმა სომეხმა დემონსტრაციულად დაწვა დროშა, თუმცა, ამაზე მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია და "ყველაფერი მხოლოდ იმით დასრულდა, რომ ის არასრულწლოვანი იყო და ამიტომ "ყველამ შეუნდო...". სხვების მოსაზრებით, “სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის, ერთხელ ვიღაცამ ღირსეული სასჯელი უნდა მოიხადოს, რომ მეტად აღარავინ გაბედოს". თუმცა, აფხაზეთში არიან ისეთები, ვინც მიიჩნევს, რომ: "ბებუას დასჯის მთავარი მიზეზი მისი ეროვნება გახდა..."

არადა, ირაკლი ბებუამ დაკითხვისას განმარტა, - არცერთი ხალხის და დროშის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და ეს აქტი მხოლოდ იმიტომ განვახორციელე, რომ მსურს, აფხაზებმა და ქართველებმა, უწინდელივით ისევ ერთად, მეგობრულად იცხოვრონო. ე.წ. აფხაზური სასამართლოს ინფორმაციით, ბებუა ბრალს მხოლოდ ხელყუმბარის ნაწილში არ აღიარებს.

“გასაკვირი იქნება, რომ ჩვენი სასამართლოსა და პროკურატურის გვჯეროდეს, მაგრამ თუნდაც ეპოვათ ხელყუმბარა, რამდენი ოჯახი ვიცით, სადაც მსგავსი არსენალი არ ინახება?.. რომელიმე ხელისუფლებამ შეძლო მოსახლეობაში იარაღის ამოღება? - ვერცერთმა და ვერც შეძლებს. ახლა მით უფრო, უშუქობაში ქურდებს ხელ-ფეხი გახსნილი აქვთ და ვინ დათმობს იარაღს, როდესაც მილიცია ვერ გვიცავს, თავად ხომ უნდა დავიცვათ ოჯახები?” – წერს ინტერნეტმომხმარებელი "ირაკლი სუხუმსკი". აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას ოჯახი ამბობს, რომ ერთადერთი იმედი, სახელმწიფოს აქტიურობაა - აფხაზური მხარე, ირაკლის გათავისუფლებას, სავარაუდოდ, მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდება, რაც ამ საკითხს ქართული მხარე ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე დააყენებს.

მისი ნათესავი AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ მოსალოდნელიც იყო აფხაზური მხარე ირაკლის გაასამართლებდა და ასეთ სასჯელს მიუსჯიდა. თამუნა ბებუა ამბობს, რომ მისი ოჯახი ირაკლიზე ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან იღებს. მისი ბიძაშვილისთვის 9-წლიანი სასჯელზე კი, სუს-ისგან გაიგეს.

- “წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის" წარმომადგენლები შევიდნენ და ოჯახის წერილიც შეუტანეს, ირაკლიმაც გამოატანა საპასუხო წერილი... ვიცოდით, რომ აფხაზური მხარე ასე ადვილად არ გამოუშვებდა და დასჯიდა. ძალიან გვეშინია მისი ჯანმრთელობის გამო, ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა და მკურნალობა სჭირდება. C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში იყო ჩართული, მკურნალობდა... თვითონ სამედიცინო შემოწმების შესახებ არაფერს იტყობინება, ეს კი ძალიან გვანერვიულებს.

- დრანდის ციხეში გადაიყვანეს?

- დიახ, ასე აცხადებს ე.წ. სახაზინო ადვოკატი. იქ კი, ნამდვილად არ არის ირაკლისნაირი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანისთვის შესაბამისი პირობები. დრანდის ციხეში ჯანმრთელი ადამიანისთვისაც მძიმე ვითარებაა. ამიტომ გვეშინია...

- ბებიასთან იყო ჩასული, არა?

- დიახ და ე.წ. საბუთების მოგვარებაში პრობლემები შეექმნა და იმაზე დიდხანს მოუწია დარჩენა, ვიდრე გეგმავდა. როცა მოაგვარა, კოვიდის პანდემია დაიწყო და გზა ჩაკეტეს. ბებია ახლა მარტოა, მაგრამ ეგ არაფერი, შეჩვეულია, თან გარშემო მეზობლებიც ჰყავს, მაგრამ ირაკლის ამბავს ძალიან დარდობს, თან ასაკშია... ჩვენ, ახალგაზრდებიც, ვაქტიურობთ, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებშიც გავგზავნეთ წერილი ირაკლის შესახებ. მადლობა მედიას ყურადღებისა და თანადგომისთვის, ვიცით, რომ ასე მალე, დღეს და ხვალ ვერ გათავისუფლდება, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე 10-11 დეკემბერს რაღაც შეიცვლება, რადგან იქ აფხაზური მხარეც იქნება წარმოდგენილი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის ცნობით, ე.წ. აფხაზური სასამართლოს გადაწყვეტილება აფხაზეთში მცხოვრები ქართული მოსახლეობის დაშინებას და მათი ისედაც გაუსაძლისი პირობების კიდევ უფრო დამძიმებას ემსახურება.

„დღევანდელ რეალობაში, როდესაც ყველა, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ვებრძვით კოვიდპანდემიას, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გრძელდება ამგვარი დესტრუქციული ნაბიჯები“, - განაცხადა ახვლედიანმა.

"მგონია, ჩემი მშობლიური სახლი იწვის, ვერ ვიძინებ, იქ ვარ ჩემს ცეცხლმოკიდებულ ქალაქში და ვლოცულობ, იწვიმოს" - ვითარება აფხაზეთში და ადგილობრივები, დახმარების ამაო მოლოდინში

ხანძარმა ავარიულად გათიშა "ფსოუ 220" - აფხაზეთის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

"სოხუმს ტყის ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება"  - სერგეი შამბა