რუსეთში მცხოვრები უზბეკი რეჟისორი ჯანიკ ფაიზიევი "საქართველო-სამხრეთ ოსეთის" ომის შესახებ ფილმის გადაღებას აპირებს. ამის შესახებ ცხინვალური მედია იუწყება.
ფილმის "აგვისტო. რვა" გადაღებას რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტი სოციალურად მნიშვნელოვანი კინოს მხარდაჭერის ფარგლებში დააფინანსებს.
თავად ფაიზიევის თქმით, იგი პაციფისტურ კინოს ქმნის. "ჩვენთვის, ისევე როგორც ყველა ადამიანისთვის, ომი უბედურებაა, რომელიც ორივე მხარეზე უბრალო ადამიანებისთვის ტრაგედიაა. ვცდილობთ, სრულიად პაციფისტური კინო შევქმნათ, რომელშიც არავინ იქნება კარგი ან - ცუდი. ჩვენ მხატვრული კინოთი ვართ დაკავებული და არა - პოლიტიკურით ან დოკუმენტურით. ჩვენ გვაღელვებს უპირველესად ადამიანი, მისი ბედი, დედა, შვილები, სიყვარული, გათხოვდება თუ არა საცოდავი ქალი, შეუყვარდება თუ არა ის, ვინც მას ცხოვრების გზაზე შეხვდება", -განაცხადა ფილმის მომავალმა რეჟისორმა.
გადაღებები ჯერ არ დაწყებულა. აღნიშნული ფილმი ფიოდორ ბონდარჩუკისა და კონსტანტინე ერნსტის საპროდიუსერო კომპანია "გლავკინოს" ერთ-ერთი პირველი პროექტი იქნება.
წარმოშობით უზბეკი ჯანიკ ფაიზიევი რეჟისორია ფილმებისა: "თურქული გამბიტი", "რუსეთის იმპერია", ასევე - რამდენიმე ფილმის და სერიალის პროდიუსერი.