NASA მზისკენ მნიშვნელოვანი ექსპედიციის სამზადისს შეუდგა. პროექტი, რომლის სახელწოდებაა Solar Probe Plus, ყველაზე ახლო მანძილიდან (6,4 მლნ კმ) მნათობზე დაკვირვებისთვის კოსმოსური ზონდის გაშვებას ითვალისწინებს. ეს მსოფლიო კოსმონავტიკაში მზესთან ასეთ მანძილზე მიახლოების პირველი მცდელობა იქნება.
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ვარაუდით, რომელიც ექსპედიციას "უპრეცედენტოს" უწოდებს, სამეცნიერო აპარატის სტარტი 2018 წლის შემდეგ განხორციელდება. ავტომილის ზომის კოსმოსური ზონდი მზის ატმოსფეროს ზედა ფენაში განთავსდება და ობიექტისა და მასზე მიმდინარე იმ პროცესების შესწავლას განახორციელებს, რისი საშუალებაც აქამდე სხვა არცერთ კოსმოსურ აპარატსა თუ ინსტრუმენტს არ ჰქონია.
" Solar Probe Plus-ის ექსპერიმენტით პასუხი მზის ფიზიკის ორ უმთავრეს კითხვას უნდა გაეცეს: რატომაა მზის გარე ატმოსფეროს გამოსხივება უფრო ცხელი და რა განაპირობებს მზის ქარიშხლებს, რომლებიც დედამიწასა და მთლიანად მზის სისტემაზე გავლენას ახდენს", - განაცხადა NASA-ს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დიკ ფიშერმა.
ზონდს კომპოზიტური მასალებისგან დამზადებული ფარით აღჭურვავენ, რომელმაც ცელსიუსით 1398,8 გრადუსზე მაღალ ტემპერატურასა და ძლიერ რენტგენულ გამოსხივებას უნდა გაუძლოს. ზონდზე მზის ბატარეები იქნება დამონტაჟებული, რომლებიც მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ.
აღსანიშნავია, რომ NASA-ს მხოლოდ პროექტის მომზადება, ზონდის წარმოდგენილი ვარიანტების ტესტირება და წინასწარი ანალიზი 180 მლნ დოლარი დაუჯდა.
მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.