"ბადაგონი" ევროპის საუკეთესო ღვინოების ასეულში მოხვდა

"ბადაგონი" ევროპის საუკეთესო ღვინოების ასეულში მოხვდა

"ბადაგონი" საუკეთესო ღვინოების ასეულში მოხვდა. ლონდონის სამეფო ოპერის თეატრში 1 სექტემბერს მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი და ყველაზე პრესტიჟული ღვინის კონკურსის, "დეკანტერის" გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც საქართველოდან "ბადაგონის" გენერალური დირექტორი გიორგი სალაყაია იყო მიწვეული.

"ბადაგონის" ღვინოს - "ალავერდის ტრადიციები" წლევანდელ "დეკანტერზე" ჟიურის უმაღლესი ჯილდო გრან-პრი - "რეგიონული ტროფი" ერგო და ევროპის საუკეთესო წითელი ღვინოების ასეულში შევიდა.

"დეკანტერი 2010" წარმატებული აღმოჩნდა არა მხოლოდ "ბადაგონისათვის", არამედ მთლიანად ქართული ღვინისა და მისი პოპულარიზაციისათვის. მნიშვნელოვანია, რომ "დეკანტერის" გრან-პრი "ბადაგონის" წითელ მშრალ "ალავერდის ტრადიციებს" ერგო და ამავე დროს ის ევროპის საუკეთესო ღვინოების ასეულშიც შევიდა. ამასთან, "დეკანტერზე" ესოდენ მაღალი ჯილდო ქართული ღვინის კომპანიას პირველად მიანიჭეს", - აცხადებს "ბადაგონის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლიზა ბაგრატიონი.

"ალავერდის ტრადიციები" ალავერდის მონასტრის ისტორიულ მარანში დაიწურა და ჩამოისხა უშუალოდ დოქტორ დონატო ლანატის - "ბადაგონის" მთავარი მეღვინის მიერ. მის ექსპორტსა და პოპულარიზაციაზეც "ბადაგონი" ზრუნავს.

კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, ლონდონში გამართულ ცერემონიაზე წელს რეკორდული რაოდენობის ევროპული ღვინის კომპანიები დააჯილდოვეს, ხოლო მოწვეულ სტუმრებს პირველად ჰქონდათ საშუალება, კონკურსში გამარჯვებული ღვინოები დაეგემოვნებინათ.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ორგანიზატორების ინფორმაციით, გრან-პრი კონკურსში მონაწილე 11 ათასზე მეტი ღვინიდან მხოლოდ ასმა მიიღო და მათ შორის პირველად მოხვდა ქართული ღვინის კომპანია.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ