"უხარისხო თუში" - ამგვარი ეპითეტით საკუთარ თავს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი იმის გამო ამკობს, რომ მთა-თუშეთის უსაზღვრო სიყვარულის მიუხედავად, წინაპართა მიწა-წყალი ერთხელაც ვერ მოინახულა. მშობლიური თუშეთისა და ვაჟას შემოქმედების სიყვარულით კი შვილებს ზეზვა და ლელა დაარქვა...
მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ეკონომისტია, თანაც მუდმივად პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში უწევს ყოფნა, ხშირად კი "დაუნდობელი" კრიტიკოსია, ბუნებით რომანტიკოსია. ამაზე ოჯახის წევრთა მიმართ მისი დამოკიდებულებაც მეტყველებს. მეცხრე კლასში იყო, პირველად თანასკოლელი, მეხუთეკლასელი გოგონა რომ შეუყვარდა და დღემდე ამ სიყვარულის ერთგულია. მართალია, ქორწინებიდან 40 წლისთავზე (რომელიც სულ ახლახან შეუსრულდა) თავის თანაკლასელთა სამეგობროსთვის ტრადიციული "ხალასტიაკის დღეც" მოაწყო და იმასაც ამბობს, - მარინა ჯანელიძე ძალიან დიდი ხნის წინ ვითხოვე, უხერხულია, აქამდე რომ არ დავუბრუნე პატრონს და ვფიქრობ, მგონი, ამის დროც დადგაო, მაგრამ ეს მხოლოდ ხუმრობით...
მეუღლე, შვილები და შვილიშვილები მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. უსაზღვროდ ბედნიერია, რომ სულ რაღაც ერთი თვის წინ მესამე შვილიშვილი, - დადაშ ამაღლობელი შეეძინა. პირველად 7 წლის წინ, ნიცა ცისკარიშვილის წყალობით გახდა ბაბუა...
- ბატონო სოსო, თქვენი გადაწყვეტილების შესახებ - "ნათხოვარის" უკან დაბრუნებას ვგულისხმობ - თქვენი მეუღლე რას ფიქრობს?
- (იცინის) ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებას სიდედრთან და სიმამრთან ვაწარმოებ. საბედნიეროდ, ისინი დღესაც მხნედ გრძნობენ თავს და არც დისკუსიაში უდებენ ვინმეს ტოლს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ეს - ხუმრობით, სერიოზულად კი მეუღლის გამოცვლაზე არასდროს მიფიქრია. სტუდენტი ვითხოვე და პროფესორი დავუბრუნო?!. ვერაფერი ხეირია...
- შვილების შესახებ რას გვეტყვით?
- ჩემი ვაჟი ამჟამად საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის ვიცე-პრეზიდენტია. ქალიშვილი - წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრს ხელმძღვანელობს. მას სამუშაო დამამშვიდებელი ინფორმაციის მიღების საშუალებას ნამდვილად არ აძლევს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ოჯახური ცხოვრების ხიბლი აბალანსებს მის მძიმე საქმიანობას.
- როგორც ჩანს, რატი ამაღლობელი სანიმუშო სიძეა...
- ვცდილობთ, სიძეობის ფუნქციით არ დავტვირთოთ. ვფიქრობ, რატის ამქვეყნად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მისია აკისრია. ისე კი ვამჩნევ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მამობას უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება, ვიდრე 6 წლის წინ, პირველი ვაჟის - დაჩის შეძენისას. ასეა თუ ისე, თავისი მეუღლისგან საყვედურს არ იმსახურებს, შესაბამისად, არც ჩვენ გვაქვს რაიმე სასაყვედურო.
- სიძეს - არა, მაგრამ საკუთარ თავს კი საყვედურობთ რაღაც-რაღაცების გამო. ყველაზე მეტად რას ვერ პატიობთ საკუთარ თავს?
- (იცინის) უხარისხო თუშობას: ყოველთვის ვცდილობდი, ისე მეცხოვრა, რომ ჩემი მცდარი ნაბიჯის გამო შთამომავლები უხერხულ მდგომარეობაში არ ჩამეგდო. მშობლებისგან, კარგი სახელის გარდა, მემკვიდრეობად არაფერი მიმიღია. ამით დღემდე ვამაყობ. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი ცხოვრების წესისა და ჩემი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების გამო, ჩემს შთამომავლებს გარკვეული სირთულები შეექმნათ, მაგრამ ვცდილობ, რომ მათ ჩემ გამო არასოდეს შერცხვეთ.
- მშობლიური კუთხის მონახულებას რატომ ვერ ახერხებთ?
- არ დაიჯერებთ და, მოუცლელობის გამო... იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, მოვახერხებ მთა-თუშეთში ასვლას. წარმოშობით წოვა თუშები, ზემო ალვანიდან ვართ. ახალგაზრდობაში, მამაჩემთან ერთად, არაერთხელ ვყოფილვარ სანათესაოს მოსანახულებლად. განსაკუთრებით სამახსოვროა ჩემთვის სტუმრობა ზეზვაობის ტრადიციულ დღესასწაულებზე ქვემო ალვანში. მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, აქტიური თუშობით ვერ დავიკვეხნი... მამაჩემი 9 წლის იყო, როდესაც პაპაჩემი დახვრიტეს. 1924 წლის ერთ საღამოს ოჯახის ერთ-ერთმა ნაცნობმა კარზე დააკაკუნა და პაპაჩემი გარეთ გაიხმო. უკან რომ აღარ მობრუნდა, ოჯახის წევრებმა ძებნა დაუწყეს, მაგრამ უშედეგოდ. დილით სიღნაღის ცენტრში, ალაყაფის კარზე გამოკრულ სიაში, ღამით დახვრეტილ ადამიანებს შორის პაპაჩემი - სოსო ცისკარიშვილიც აღმოჩნდა. ამის შემდეგ ბებია თბილისში, თავის დასთან გადმოვიდა საცხოვრებლად.
- პეტრე ცისკარიშვილი თქვენი ნათესავია?
- ქართული საზომით, ახლო ნათესავები ვართ - მე და მამამისი გარე ბიძაშვილები გახლავართ. წლების განმავლობაში მეზობლად ვცხოვრობდით ვაკეში და აქტიური ურთიერთობაც გვქონდა. როგორც ჩანს, ახლა ამის დრო აღარ გვრჩება, ბატონი პეტრე ძალიან დაკავებულია.
- ე.ი. თქვენგან რჩევებს არ იღებს?
- არ შემიმჩნევია, რომ მას ამის სურვილი ჰქონდეს, შესაბამისად, არც მე ვაწუხებ. ალბათ რჩევებს სხვა, მისთვის უფრო სანდო ადამიანებისგან იღებს.
- ხელისუფლებასთან ყოველთვის დაპირისპირებული იყავით?
- ასე გამოდის. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შემექმნა ხელისუფლებასთან პრობლემები. მაშინ დაპატიმრებითაც კი მემუქრებოდნენ.
- მიზეზი რა იყო?
- კინოფილმი "მონანიება". 25 წლის წინ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე ჯუმბერ პატიაშვილმა განაცხადა, - ცისკარიშვილმა საკუთარი თავი პარტიის გარეთ დააყენაო. ეს ამბავი ასე მოხდა: ბატონმა თენგიზ აბულაძემ ძლივს მოახერხა "მონანიების" დასრულება, რადგან ბათუმში გადაღებული კადრების უმეტეს ნაწილს თბილისში გამჟღავნებისას განზრახ აზიანებდნენ და მისი თავიდან გადაღება ხდებოდა საჭირო. არაერთხელ გამოცვალა ოპერატორები, ტექნიკაც, მაგრამ ვიდრე "თავზე არ დაადგა" გამჟღავნების პროცესს და ყველა წვრილმანი პირადად არ გააკონტროლა, შედეგი ვერ მიიღო. როგორც გაირკვა, ეს პრობლემები უშიშროების ორგანოების "ხელშეწყობით" იქმნებოდა. ფილმის დასრულება ვიწრო წრეში აღვნიშნეთ. სუფრასთან საუბრისას ბატონმა თენგიზმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ მწერლებისგან განსხვავებით, კინორეჟისორებს თავიანთი ნაწარმოების დედანი არ რჩებათ.
მართლაც, მაშინდელი ცენზურის წყალობით, "ვედრების" პირვანდელი ვარიანტი აღარც ავტორს შემორჩა და აღარც შთამომავლობას. შევთავაზე, იმ დროისთვის ახალი ტექნოლოგია გამოეყენებინა - ფილმი ვიდეოფირზე გადაეტანა და ისე შეენახა. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორს თავისი ქმნილება ვიდეოფირისთვის არ ემეტებოდა, სულ რაღაც ერთ კვირაში სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტში, ამ დაწესებულების რექტორის, სულიკო ქადაგიძის დახმარებით, ასლი გავაკეთეთ. იმ დროს ფილმის ასლის დამზადებისთვის საჭირო აპარატურა მხოლოდ ტელევიზიასა და ამ ინსტიტუტში იყო. ჩვენდა მოულოდნელად, თბილისში "მონანიების" ასლები მანამდე გაჩნდა, ვიდრე ფილმის ჩვენების ნებართვა მოსკოვიდან მოვიდოდა. დაიწყო ძიება... ბინაში, სადაც რამდენიმე კაცი ფილმის სანახავად ჩუმად იკრიბებოდა, მოულოდნელად შუქი ქრებოდა, მერე "კაგებეს" თანამშრომელი შედიოდა და შუქიც ინთებოდა. ვიდეოაპარატში გაჭედილი ფირი კონფისკაციას ექვემდებარებოდა. ფირის მომტანი პროვოკატორი მუდამ ერთი და იმავეს იმეორებდა, - პირადად თენგიზ აბულაძემ მათხოვაო. არადა, გენიალური კინორეჟისორი ისე გარდაიცვალა, ვიდეოფირი არც უნახავს: მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო კადრის მეორე და მესამე პლანი, რომელიც ვიდეოფირზე არ ჩანს...
ერთხელაც ცეკას შენობაში დამიბარეს და მკითხეს, - მქონდა თუ არა რაიმე კავშირი ვიდეოფილმის შექმნასთან. უარი არ მითქვამს, თუმცა ისიც განვმარტე, რომ ჩვენ ფილმის ასლი არქივში შესანახად დავამზადეთ და მოსახლეობაში არაფერი გაგვივრცელებია. ცეკას შენობაში იმ ადამინების სიაც მანახეს, ვისაც "მონანიება" ჰქონდა ნანახი, ერთ-ერთი განრისხებული მაღალჩინოსანი ბრაზობდა, - რა ესაქმება ჩვენს პარტიაში იმ ადამიანებს, ვისაც ეს ფილმი აქვთ ნანახიო?!.
- "მონანიების" ეკრანზე გაშვება ვის არ აძლევდა ხელს?
- უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ალექსი ინაურს. ის ჯერ წერილებს სწერდა შევარდნაძეს და ითხოვდა, - "მონანიების" ფირი უნდა განადგურდეს, სცენარი კი დაიწვასო. როდესაც მის მოთხოვნებს შევარდნაძემ ყურადღება არ მიაქცია, მერე მას კრემლშიც უჩივლა და შევარდნაძეს ამ თემაზე გორბაჩოვთან საუბარმა მოუწია. იქაც რომ ვერას გახდა, კვლავ შევარდნაძეს გაუგზავნა წერილი, - შექმნილია "მონანიების" ვიდეოფირი, რომლის საზღვარგარეთ გასვლის საშიშროებაც არსებობსო. როდესაც მე და სულიკო ქადაგიძე ამ ფილმის გამო ცეკას ბიუროს სხდომაზე გაგვკიცხეს და სამსახურიდან გაგვათავისუფლეს, ცეკას მეორე მდივანი, ნიკოლსკი ნერვიულობისგან ლოყაალეწილი დაგვემუქრა, - თუ ეს ფილმი ქვეყნიდან გავა, თქვენ წლებს მოგისჯიან, თან, არცთუ ცოტასო...
გავიდა დრო. 1987 წლის მაისია. ფილმი "მონანიება" კანის ფესტივალის გამარჯვებული გახდა. რამდენიმე დღეში თბილისში, ფილარმონიაში საკავშირო კონეფისტვალი იმართებოდა და "მონანიებას" იქ გრან-პრი მიენიჭა. იარუსზე ძლივს ვიშოვე ერთი ადგილი... ვიყურები ზემოდან და სამთავრობო რიგში ვხედავ ნიკოლსკის... თენგიზ აბულაძე რომ გამოვიდა სცენაზე, ნიკოლსკი წამოხტა, ხელები თავს ზევით ასწია და ისე დაუკრა ტაში. იმ დროისთვის ჩემთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ფილმი 113 ქვეყანას ჰქონდა ნაყიდი. არ დამეზარა, დაჯილდოების ცერემონიის დასრულებისთანავე ჩავირბინე იარუსიდან პარტერში, მივედი ნიკოლსკისთან და ვკითხე, - ეს ფილმი უკვე 113 ქვეყანაშია გასული, რამდენი წელი მომიწევს ციხეში გატარება-მეთქი?..
მას ისევ აელეწა ლოყები, პატიაშვილმა კი გულიანად გადაიხარხარა. "მონანიების" ვიდეოასლმა მეცნიერული კარიერის გაკეთების საშუალება არ მომცა. მოსკოვში სისტემური მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელებთან უკვე მოლაპარაკებული ვიყავი, რომ სამეცნიერო ხარისხის მაძიებლად უნდა გავფორმებულიყავი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი პარტიული სასჯელის გამო უარი მითხრეს დახასიათების მოცემაზე, რაც იმხანად სავალდებულო გახლდათ. ამით ჩემი მაძიებლობაც ჩაიშალა და შესაბამისად, აღარც სამეცნიერო ხარისხზე მიფიქრია.
- როგორც ვიცი, პროფესიით ეკონომისტი ხართ. თქვენი პროფესიული არჩევანი რამ განაპირობა?
- ორი პროფესია მაქვს: ჯერ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დავამთავრე საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი, შემდეგ - მოსკოვში საგარეო ვაჭრობის საკავშირო აკადემია და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა ეკონომისტის კვალიფიკაცია მომანიჭეს. ჩემი პირველი არჩევანი, 5 თუ 6 თანაკლასელის მსგავსად, სკოლაში ფიზიკის მასწავლებლის პიროვნებამ განაპირობა: ომგამოვლილი, ლეგენდარული კაცი იყო შოთა აბაიშვილი. მხოლოდ ფიზიკა კი არა, - ცხოვრება, ადამიანებთან ურთიერთობა გვასწავლა. მკაცრი კი იყო, მაგრამ არც იუმორი ღალატობდა, ცოდნასაც გადმოგვცემდა... პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ერთი წელი მოსკოვში, საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი სადიპლომო ნაშრომზე. საქართველოში დაბრუნებისას დავრწმუნდი, რომ ექსპერიმენტული ფიზიკის პროფესიაში ადგილის დასამკვიდრებლად აქ ძალიან მწირი ბაზა იყო. დანადგარებზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად ცოცხალი რიგი იდგა. საუკეთესო წლების რიგში გატარება დამენანა (მაშინ 27 წლის ვიყავი) და საგარეო ვაჭრობის აკადემიაში ჩავაბარე. მისი არსებობის მანძილზე ეს სასწავლებელი იმ დროისათვის ათიოდე ჩვენს მოქალაქეს თუ ექნებოდა დამთავრებული.
- ფიზიკითა და ეკონომიკით დაინტერესებული ადამიანი პოლიტიკური ექსპერტი როგორ გახდით?
- ეს გარემოებამ მოიტანა. ბოლო 15-20 წლის განმავლობაში საქართველოში ასეთი აქტიური პოლიტიკური პროცესები რომ არ განვითარებულიყო, არც მე გავაქტიურდებოდი ამ მიმართულებით. ამას ბიძგი იმანაც მისცა, რომ 1988 წელს რუსთაველის საზოგადოებაში პასუხისმგებელ მდივნად მიმიწვიეს. სხვათა შორის, პარტიული სასჯელის პირობებში ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი გახლდათ (როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ელიზბარ ჯაველიძის აქტიური რეკომენდაციით, რომელთანაც, მისი "ლიტერატურული საქართველოს" რედაქტორობის პერიოდში, თანამშრომლობისა და მეგობრობის ხიბლს დღესაც სიამოვნებით ვიგონებ). შემდეგ ამ საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი გავხდი. ვფიქრობ, რომ არა მრავალნაცადი, ილია ჭავჭავაძის და მაშინ ახალდაფუძნებული რუსთაველის საზოგადოებები, ქართველი ხალხის დიდი პროტესტის აზვირთება სათუო გახდებოდა და ტრანსკავკასიური რკინიგზის პროექტი ახლა განხორციელებული იქნებოდა. შესაბამისად, ჩეჩნეთის ომი საქართველოს ტერიტორიაზეც დიდი ხნის წინ გადმოინაცვლებდა.
- ასე რატომ ფიქრობთ?
- იმიტომ, რომ პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთის მეზობლებისთვის ძალზე სახიფათოა. ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, თუ რა საფრთხე შეუქმნა საქართველოს როკის გვირაბმა. მასზე ერთხელ შევარდნაძესთანაც პირისპირ ვისაუბრე და მან აღიარა, რომ ამ პროექტის განხორციელება მისი შეცდომა იყო.
- შევარდნაძე შეცდომებს ხშირად აღიარებს, მან ისიც თქვა, რომ ელცინმა და არძინბამ შერიგების მემორანდუმზე მოტყუებით მოაწერინეს ხელი. მის შეცდომას კი მრავალი ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. თქვენი აზრით, მსოფლიო მასშტაბით უჭკვიანეს პოლიტიკოსად აღიარებული შევარდნაძე მართლა ასე ხშირად ცდებოდა თუ საკუთარ ხალხს მიზანმიმართულად ღალატობდა?
- ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ სოხუმიდან ქართველებმა საბრძოლო ტექნიკა სრულად გაიყვანეს და რუსებმა სოხუმი უპრობლემოდ ჩაიგდეს ხელში, რუსული ვერაგობის "დამსახურებაა". სხვათა შორის, ელცინთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა. როდესაც ის საქართველოში 9 აპრილის ტრაგედიის მიზეზების შესასწავლად ჩამოვდა, მას მე ვმასპინძლობდი.
- რატომ?
- 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, მოსკოველი ქართველები საშინელ ინფორმაციულ შიმშილს განიცდიდნენ. როდესაც თბილისში "მოამბე" იწყებოდა, ტელეფონის ყურმილი ტელევიზორთან მიმქონდა, ისე ვასმენინებდი მათ საინფორმაციო გამოშვებას. ერთ ბინაში 5 პარალელური ტელეფონი იდგა, რომელთა საშუალებითაც იქ მყოფი ქართველები მოსკოველ ინტელიგენციას აგებინებდნენ საქართველოში მომხდარ ამბებს. ეს ინფორმაცია მიჰქონდათ მათ სხვა ქვეყნების საელჩოებშიც. ერთხელაც მითხრეს, რომ მოსკოვის პროპაგანდის ფონზე მათ სიტყვიერ ინფორმაციას უკვე ნაკლებად ენდობიან და დოკუმენტური მასალები სჭირდებათო. ორ დღეში მოვკრიბე ჯანდაცვის სამინისტროში არსებული მასალები 9 აპრილს დაღუპულთა და დაზარალებულთა შესახებ, სამხედრო ტოქსიკოლოგების დასკვნები, ვიდეოფირები, აქაური პრესა და წავედი მოსკოვში.
რადგან აქ საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული და ადვილი შესაძლებელი იყო, სამხედრო პატრულს აეროპორტშივე დავეპატიმრებინე, ცნობილ ენათმეცნიერს, პროფესორ გუჩა კვარაცხელიას ვთხოვე დახმარება. უყოყმანოდ დამეხმარა. ჩემ მიერ მოძიებული მასალები ორ ეგზემპლარად გადავიღეთ, ერთი პირი გუჩამ წაიღო, მეორე - მე და თბილისიდან მოსკოვში სხვადასხვა რეისით, ნახევარი საათის ინტერვალით გავფრინდით. საბედნიეროდ, ორივე უპრობლემოდ ჩავედით და ინფორმაციაც გავავრცელეთ. მე რომ მოსკოვში ჭეშმარიტი ინფორმაციის გავრცელების საშუალება მომეცა, რუსეთში მოღვაწე, გამორჩეულად ღირსეულ ქართველს, აკადემიკოს ვიქტორ გელოვანს უნდა ვუმადლოდე: მგზავრობაშიც დაგვეხმარა და მოსკოვში ჩასულებს მეცნიერებათა აკადემიის პოლიტიკურ კლუბში პრესკონფერენციაც ჩაგვატარებინა. ამ პრესკონფერენციას თურმე ელცინის ორი თანაშემწეც ესწრებოდა და იქ მიღებული ინფორმაცია გამხდარა მიზეზი, რომლის გამოც ელცინის აქ ჩამოსვლისას მისმა სამდღიანმა მასპინძლობამ მომიწია. ძალიან საინტერესო სტუმარი გახლდათ, არაფერს ჭამდა, მხოლოდ კონიაკსა და ჩაის მიირთმევდა, უაღრესად საინტერესო ამბებს ჰყვებოდა.
ძალიან ბევრი კითხვა დამისვა, მაგრამ სტალინსა და შევარდნაძეზე სიტყვა არ დაუძრავს, რადგან არ იცოდა, როგორი იყო ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ. თავის თანაშემწეს კატეგორიულად უკრძალავდა აფხაზეთზე საუბარს. ამბობდა, აფხაზეთი - საქართველოა, ქართველები და აფხაზები თავად მოაგვარებენ პრობლემებს, რუსებს აქ არაფერი გვესაქმებაო.
- როგორ ფიქრობთ - როდესაც პრეზიდენტი გახდა, აზრი რატომ შეიცვალა?
- 1992 წელს, როდესაც ცხინვალში რუსეთის სამშვიდობო ძალების შეყვანასთან დაკავშირებით თბილისსა და მოსკოვს შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო, ელცინს კიდევ ერთხელ შევხვდი. პირდაპირ ვკითხე, - იზიარებდა თუ არა პრეზიდენტი ელცინი იმ მოსაზრებებს, რომლებიც დეპუტატ ელცინს ჰქონდა (შევახსენე მისი პოზიცია აფხაზეთის თაობაზე)? მიპასუხა, რომ პრეზიდენტი ასეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით აზრს არ იცვლიდა და დასძინა, - ამაში ახლა თავად დარწმუნდებითო. მართლაც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კოზირევის წინააღმდეგობის მიუხედავად, სოჭში დოკუმენტი ქართული მხარის რედაქციით შეიქმნა, მაგრამ 2 თვეში ყველაფერი შეიცვალა.
- ამ ცვლილების მიზეზი რა იყო?
- ალბათ რუსული გენერალიტეტის ხრიკები და მათი ზეწოლა ელცინზე, ასევე - შევარდნაძისა და სხვა ქართველების მიერ დაშვებული შეცდომები. ერთ ამბავს მოგიყვებით: 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ველაპრაკე რუს სამხედროებს, რომლებიც უნივერსიტეტის წინ იდგნენ. გაირკვა, რომ მშივრები იყვნენ. როდესაც ჩემთან სახლში რიგ-რიგობით წასვლა და ჩაის დალევა შევთავაზე, მადლიერი თვალებით შემომხედეს, მაგრამ მითხრეს, - აქედან წასვლის უფლება არ გვაქვსო. "სუხარს" მაინც მოგიტანთ-მეთქი. თვალები გაუნათდათ.
უნდა გენახათ, როგორ დაეძგერნენ ორცხობილით სავსე რამდენიმე კოლოფს!.. როდესაც დარწმუნდნენ - არ ვერჩოდი, საუბარში ამყვნენ. მათ შორის ერთ-ერთი მოსკოველი სტუდენტი იყო, რომელსაც ძალიან აინტერესებდა, რა მოხდა თბილისში. რა მკითხეს, იცით?.. ჩვენს ჩამოსვლამდე რამდენი კომუნისტი და რამდენი რუსი ჩამოახრჩვეს ქართველებმაო? როდესაც ასეთი ფაქტი საერთოდ უარვყავი, ერთმანეთს გაკვირვებულებმა შეხედეს, - როგორ, ჩვენ სამჯერ წაგვიკითხეს ლექცია იმის შესახებ, თუ როგორ ჟლეტენ ქართველები რუსებსო!..
საბჭოთა კავშირის სამხედრო მაღალჩინოსნები ხალხის დაპირისპირებისთვის ასეთ მეთოდებს ხშირად მიმართავდნენ. კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით: მოსკოვში ჩემი რუსი მეგობრები სხდომას მართავდნენ და საქართველოს მხარდამჭერი განცხადებისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ. სხდომას ესწრებოდნენ: აწ განსვენებული აკადემიკოსი ფიოდოროვი, ცნობილი პროკურორი გდლიანი... ჩვენ უკვე გვქონდა ანდრეი სახაროვის, ევგენი ველიხოვის და სხვა მეცნიერთა თუ უფლებადამცველთა ხელმოწერები. როდესაც ფიოდოროვმა ჩვენ მხარდამჭერ მიმართვაზე ხელმოწერის სურვილი გამოთქვა, მასთან კულისებიდან ვიღაც მივიდა და ტელეფონთან მისვლა სთხოვა. უკან დაბრუნებულმა ფიოდოროვმა ასეთი რამ თქვა, - თავი უნდა შევიკავოთ ამ დოკუმენტზე ხელმოწერისგან, რადგან ახლა მელაპარაკა ბატონი იაკოვლევი (ის კომპარტიის პოლიტბიუროს ყველაზე დემოკრატად ცნობილი პირი იყო) და მითხრა, რომ თბილისში ქართველი კომუნისტებისა და რუსების დასახვრეტთა სიები იყო შედგენილიო(!).
ხედავთ, როგორ მუშაობდა რუსული გენერალიტეტი?! ამ ყველაფერს ერთვოდა ის, რომ ელცინს შევარდნაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ეს გარეშე თვალისთვის შესამჩნევი არ იყო. ელცინი ჯერ კიდევ მოსკოვის ქალაქკომის პირველი მდივანი იყო, როდესაც გორბაჩოვმა ის საჯაროდ გააკრიტიკა. გორბაჩოვის კრიტიკა უმალ აიტაცა შევარდნაძემ და იმავე სხდომაზე მიწასთან გაასწორა ელცინი. ასეთ რამეებს არ ივიწყებენ. შესაძლოა, ელცინისთვის საქართველოსთან ომის დაწყების გადაწყვეტილების მიღებისას გადამწყვეტი გახდა ის ფაქტი, რომ პირველად სწორედ ქართული სამხედრო ძალა დაიძრა სოხუმისკენ, მისთვის მოულოდნელად და მასთან კონსულტაციის გარეშე. ვფიქრობ, ელცინმა არ იცოდა, ვინ იყო ცეცხლზე ნავთის დამსხმელი.
- ნუთუ ელცინისთვის ამის გარკევა რთული იყო?
- ჩემი პირადი დაკვირვებით, ჩვენს ისტორიაში ძალიან ნეგატიური და საბედისწერო როლი ითამაშა გენერალმა სუფიან ბეპაევმა (ცხადია, არა საკუთარი ინიციატივით), რომელიც ამიერკავკასიაში სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე გახლდათ. 1991-92 წლებში სწორედ მისი უწყება ურიგებდა იარაღს თბილისში სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ ორივე მხარეს. თენგიზ კიტოვანის წამქეზებელიც ეგ იყო აფხაზეთისკენ გალაშქრების საკითხში. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში კონფლიქტები გაჩაღებულიყო. შევარდნაძეს ძალიანაც უნდოდა, რუსულ ვერაგობას გამკლავებოდა, მაგრამ მისი სურვილი მისსავე შესაძლებლობებს არ დაემთხვა. მაშინ ის იმდენად იყო შებოჭილი თავისი სამხედრო საბჭოს მიერ, საკუთარი სურვილით საბაჟოს უფროსის შეცვლაც კი ვერ შეძლო.
- ბატონო სოსო, გენატრებათ ის დრო, როდესაც რუსეთში დადიოდით?
- მოსკოვში ცხოვრების წლებმა, რასაკვირველია, არაერთი ტკბილი და მწარე მოგონება დამიტოვა, მაგრამ ამჟამად იქ ჩასვლის არანაირი სურვილი აღარ მაქვს. 13 წელია, მოსკოვში არ ვყოფილვარ. ვშიშობ, რომ იქ აღარ დამხვდებიან ქართველებზე შეყვარებული რუსი ინტელიგენტები და იმედი კიდევ უფრო გამიცრუვდება. გარდა ამისა, ვიცი, რომ დღეს ისეთივე მიუღებელი ვარ რუსეთის ხელისუფლებისთვის, როგორიც საქართველოს ხელისუფლებისათვის...
ხათუნა ბახტურიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)