რატომ იყიდა სამუელ შარონმა ავლაბარში ბინები

რატომ იყიდა სამუელ შარონმა ავლაბარში ბინები

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია ამბობს, რომ ხელისუფლებამ ებრაელ ბიზნესმენ სამუელ შარონს თბილისიდან 100 კილომეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთი ძალიან იაფად მიჰყიდა, ამ ტერიტორიაზე კი ნავთობის საბადოა აღმოჩენილი, რომლის საშუალებითაც შარონი 50-მილიარდიან მოგებას მიიღებს...

პოლონეთში დაბადებული, ისრაელის პარლამენტის (ქნესეთის) ყოფილი წევრი (1977-1981 წლებში) და თელ-ავივში სავაჭრო ცენტრ "დიზენგოფ-ცენტრის" მფლობელი შარონი საქართველოთი მხოლოდ საბადოს გამო არ დაინტერესებულა - როგორც გავარკვიეთ, მას ჯერ კიდევ 2008 წლის ზაფხულში თბილისში, ავლაბარში, მესხეთის ქუჩაზე, დაახლოებით რვაასი კვადრატული მეტრი ფართობის ჩვიდმეტამდე ბინა შეუძენია. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, მას ბიზნესმენ ერეზ პილცთან ერთად თბილისში 60 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება და სამი საცხოვრებელი კორპუსის აშენება სურს.

კახა ძაგანია: - ეს არის 21-ე საუკუნის უპრეცედენტო საერთაშორისო აფერა. სააკაშვილმა ხელში ჩაიგდო თბილისიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე ნავთობის მსხვილი საბადო, სადაც, პირველადი მონაცემებით, 800 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობია. ამ საბადოს ღირებულება დაახლოებით 50 მილიარდი დოლარია, ისრაელის პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ეგრეთ წოდებულმა ბიზნესმენმა სამუელ პლატო შარონმა კი იგი თითქმის საჩუქრად მიიღო საქართველოს ხელისუფლებისგან. "ლეიბორისტული პარტია" მოითხოვს, გაუქმდეს ეს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და მრავალმილიარდიანი საბადო საკუთრებაში დარჩეს სახელმწიფოს და ხალხს. ამ აფერის შესახებ ჩვენ შევატყობინეთ მსოფლიოს მსხვილ საერთაშორისო ნავთობმომპოვებელ კომპანიებს, რათა ამ ავანტიურისტებისგან ისინიც არ დაზარალდნენ.

- როგორ გახდა ცნობილი ამ გარიგების შესახებ?

- თვითონ შარონმა განაცხადა პრესაში, რომ მან აღმოსავლეთ საქართველოში "ხრიოკი" მიწა შეიძინა. იცით, ალბათ, რომ მიწები კატეგორიებად არის დაყოფილი და ფასებიც ამის მიხედვით განისაზღვრება. მიწა, რომელიც მან შეიძინა, ყველაზე იაფფასიანი იყო. შემდეგ შარონმა განაცხადა, თითქოს შემთხვევით აღმოაჩინა უზარმაზარი ქონება, სინამდვილეში კი სააკაშვილმა სახელმწიფოს ხარჯზე ჩაატარებინა საძიებო სამუშაოები, ნახეს, რომ ამ მიწაზე იყო უზარმაზარი სიმდიდრე, ნავთობის მოსაპოვებლად 100 მლნ დოლარის ინვესტიცია იყო ჩასადები და 100 მილიონის სანაცვლოდ შარონს მილიარდების ამოღებას შეჰპირდნენ.

ამ ამბავში მთელი სახელმწიფო აპარატია ჩარეული. საძიებო სამუშაოები ჩაატარებინეს გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონები დაიხარჯა. შემდეგ გამოიტანეს მიწა გასაყიდად და ასეთი აფერით ჩაიგდო იგი ხელში ბანდის ერთ-ერთმა წევრმა.

სოფო ჭიპაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ