მეცხოველეობა-მეფრინველეობაში ვითარება წლიდან წლამდე მძიმდება

მეცხოველეობა-მეფრინველეობაში ვითარება წლიდან წლამდე მძიმდება

მეცხოველეობა-მეფრინველეობის დარგში არსებულ მდგომარეობას ექსპერტები და სოფლის მეურნეობის სფეროს სხვა სპეციალისტები საგანგაშოდ მიიჩნევენ. რქოსანი პირუტყვისა და ფრთოსნების სულადობა ყოველწლიურად კლებისკენ მიდის. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 1 წლის განმავლობაში მარტო ცხვრისა და თხის სულადობა 17 პროცენტითაა შემცირებული. ექსპერტების განმარტებით, აშკარად გამოხატული დაღმავალი დინამიკა 2005 წლიდან ფიქსირდება და მოთხოვნის მიუხედავად, წარმოების ტემპი მცირდება.

ექსპერტი თამაზ კუნჭულია წარმოების შემცირების მთავარ მიზეზად მიიჩნევს ქვეყნისთვის საბედისწერო ფაქტს, რომ ქართულმა სოფელმა ბაზრის მოთხოვნებზე რეაგირების უნარი დაკარგა.

შარშანდელთან შედარებით, სერიოზული კლებაა მეფრინველეობის დარგშიც. სპეციალისტების განმარტებით, წინა წლებთან შედარებით 300 ათასი სულით შემცირდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 600 ათასით ღორი, 300 ათასით ცხვარი და 3 მილიონით ქათამი.

ეს კი, ექსპერტის შეფასებით, კატასტროფაა. კუნჭულიას განცხადებით, ქვეყანაში მეცხოველეობის განვითარების მხრივ სერიოზული პრობლემებია და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ღონისძიება არ იგეგმება.

შესაბამისად, კლებაა საქართველოში მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების თვალსაზრისითაც. "საქსტატის" ინფორმაციით, 2010 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 10,1 ათასი ტონა ხორცის წარმოება მოხდა, მაშინ როდესაც 2009 წლის მეორე კვარტალში ამ მონაცემებმა 13,7 ათასი ტონა შეადგინა.

ქვეყანაში შემცირებულია ასევე რძის წარმოებაც, რადგანაც სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2010 წლის მეორე კვარტალში 178,7 ათასი ტონა რძის წარმოება მოხდა, მაშინ როდესაც ამ მონაცემებმა 2009 წლის მეორე კვარტალში 192,8 ათასი ტონა შეადგინა.

შემცირებულია ასევე კვერცხის წარმოება. 2009 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 120,8 მლნ ცალი კვერცხი იყო ნაწარმოები, 2010 წლის მეორე კვარტალში კი მხოლოდ 96,7 მლნ ცალი კვერცხი.

თამაზ კუნჭულია განმარტავს, რომ მეცხოველეობა-მეფრინველეობის დარგში კლება 2005 წლიდან იწყება და მაქსიმუმს 2009-10 წლებში აღწევს.

"ღორის სულადობა საქართველოში 100 ათასს ჩამოსცდა, როცა 2002 წელს 400 ათასი გვყავდა, უფრო ადრე მილიონზე მეტი. ასეთივე მდგომარეობაა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მიმართულებითაც. 2002-03 წლებში ფურების სულადობამ საბჭოთა დროინდელ მაჩვენებელსაც გადააჭარბა. სამაგიეროდ, ძალიან დაბალი იყო წველადობა. ამის მიზეზი პირუტყვის ნებაზე მიშვება და მოვლის კულტურის დაბალი დონეა.

გლეხს ამას ვერ დააბრალებ. ხილი მოიყვანა, ვერ გაყიდა, ბოსტნეული მოიყვანა, ვერ გაყიდა, ციტრუსი მოიყვანა, ვერ გაყიდა! დამაფიქრებელი ტენდენციაა რძისა და ხორცის პროდუქტების წარმოების თვალსაზრისითაც. 2005 წლიდან აშკარად გამოხატული დაღმავალი დინამიკა ფიქსირდება. 2005 წელს ხორცის წარმოება 100 ათას ტონამდე იყო, მაგრამ 3-4 წელიწადში ამ მაჩვენებელმა 54 ათას ტონამდე დაიკლო. კლებას პირუტყვის სხვადასხვა დაავადებას უკავშირებენ, რაც ვეტერინარული სამსახურის მოშლის ბრალიცაა.

მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ გლეხი პირუტყვის ხორცს ვერ ყიდის და ინტერესი მეცხოველეობის მიმართ არ აქვს. ქართულმა სოფელმა ბაზრის მოთხოვნებზე რეაგირების უნარი დაკარგა. არ არის კაპიტალი, სოფელი აქტიური მოსახლეობისგან დაცლილია და ამაშია ჩვენი უბედურება. მოთხოვნა არის ფრინველის ხორცზე, რძის პროდუქტებზე, ბოლო დროს ცხვარზეც, მაგრამ ამ დროს წარმოება მცირდება", - ამბობს კუნჭულია.

მოგება, რასაც ჩვენი ქვეყანა ცხვრის ექსპორტისგან ელოდება, მართლაც გარდაუვალია, თუმცა არის სერიოზული საშიშროებაც, რომ არ შემცირდეს ქართული ცხვრის რაოდენობის მაჩვენებელი და მთლიანი წარმოება. ექსპერტების აზრით, ერთადერთი გამოსავალი ამისთვის საზამთრო საძოვრების გაფართოებაა, რისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული ძალისხმევაა გასაწევი.

ცხვრის სულადობის შემცირებასთან დაკავშირებულ შიშს სპეციალისტები უსაფუძვლოდ სულაც არ მიიჩნევენ. ამიტომაც საჭიროა აუცილებელი ღონისძიებების გატარება, რაც საქონლის მთლიანი წარმოების შენარჩუნებისა და გაზრდის საშუალებას მოგვცემს.

"საქართველოში ცხვრის ხორცზე ძალიან დაბალი მოთხოვნაა. წლების განმავლობაში ამ ხორცის რეალიზაცია დაბალი იყო, მატყლი კი საერთოდ არ იყიდებოდა. ახმეტაში თექის საწარმო გააკეთეს, მაგრამ პროდუქციის რეალიზაციის თვალსაზრისით, პრობლემების მოგვარება ვერ მოხერხდა, რის გამოც საწარმოს ამ ეტაპზე ძალიან უჭირს.

ამ დროს გაჩნდა მოთხოვნილება, რომ ჩვენი პროდუქტი ექსპორტზე გავიდეს. ასეთ შემთხვევაში ძალიან ძნელია თავი არ შეიკავო და არ გაყიდო, მაგრამ შიში, რომ ამით სულადობა და წარმოება შემცირდება, არ არის უსაფუძვლო. მთავარია, სულადობა არ შეგვიმცირდეს და სახელმწიფომ იზრუნოს, რომ ქვეყანაში ზამთრის საძოვრების პრობლემა გადაწყდეს.

ადრე ჩვენ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე - ყიზლარში ვაზამთრებდით ქართულ ცხვარს. იმისთვის, რომ ცხვრის ექსპორტის შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ და ეს შანსი ნორმალურად გამოვიყენოთ, როგორმე უნდა შევეცადოთ თუნდაც იგივე ჩეჩნებთან ძველი ურთიერთობების აღდგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო შედეგს მივიღებთ.

საქართველოში ზამთრის საძოვრები გვაქვს მხოლოდ დედოფლისწყაროს რაიონში, სადაც მსხვილფეხა პირუტყვიც დგას და წვრილფეხაც. საძოვრები გადატვირთულია, რის გამოც ეს ტერიტორია ცხვარს ვერ იტევს", - ამბობს თამაზ კუნჭულია და დასძენს, რომ უცხოელი ინვესტორების ინიციატივას ქართულმა მხარემ უნდა უპასუხოს "ჭკვიანური დახვედრით", რომ ამ პროცესებისგან კარგი მოგება მიიღოს.

"დაახლოებით 300% მოგებას ნახულობს ის, ვისაც არაბეთის ტერიტორიაზე ჩაჰყავს ქართული ცხვარი. ბუნებრივია, ამ მოგებას კარგავს ქართული მხარე და იღებს შუამავალი. კარგი იქნებოდა, თავის დროზე ჩვენ გვეფიქრა და შეგვეთავაზებინა ჩვენი პროდუქცია", - აღნიშნავს ექსპერტი.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ