სპონსორის გარეშე დარჩენილი "მის ბიკინის" კონკურსის გამარჯვებული

სპონსორის გარეშე დარჩენილი "მის ბიკინის" კონკურსის გამარჯვებული

ფოტომოდელებისა და მანეკენების სტუდია "ფავორიტის" (რომლის ხელმძღვანელიც მაია ზაალიშვილი გახლავთ) ორგანიზებით, "მის ბიკინის" კონკურსი საქართველოში წელს მეხუთედ ჩატარდა. "მის ბიკინი 2010" 18 წლის თაკო შუბითიძე გახდა, რომელიც ვიეტნამში გაემგზავრება და იქ "მის დედამიწის" კონკურსზე საქართველოს სახელით წარდგება.

- კონკურსში მონაწილეობა ქალბატონმა მაია ზაალიშვილმა შემომთავაზა. შარშან "მის იუნიორში" ვმონაწილეობდი, მაგრამ არ გამიმართლა - "მისიც" და "ვიცე-მისიც" სხვები გახდნენ.

- როგორ ფიქრობ - შარშანდელი წარუმატებლობა რამ განაპირობა?

- შეიძლება, ფორმაში არ ვიყავი. ალბათ, კონკურსში ჩემზე უკეთესი გოგონები მონაწილეობდნენ (იცინის).

- "მის ბიკინიში" მონაწილეობას მაშინვე დათანხმდი?

- თავდაპირველად, ცოტათი გავიპრანჭე (იცინის): წელს აბიტურიენტი ვიყავი, ბევრს ვმეცადინეობდი...

- ...მაგრამ სილამაზის კონკურსი ისეთ დროს ჩატარდა, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე დასრულებული იყო.

- მართალია. ალბათ, ჩემი ყოყმანის მიზეზი ის იყო, რომ ვფიქრობდი - "მის ბიკინიში" გამარჯვების შანსი არ მქონდა. საბოლოოდ, მაინც გადავწყვიტე მონაწილეობა. კონკურსანტებს შორის ჩემი დაქალებიც იყვნენ. გრიგოლეთში კარგად გავერთეთ (იცინის).

- კონკურსისთვის როგორ ემზადებოდით?

- საცურაო აუზზე დავდიოდით, ვირუჯებოდით, ტრენაჟორებზე ვვარჯიშობდით. დიეტა არ დამიცავს. წონაზე განსაკუთრებული ზრუნვა არ მჭირდება.

- კონკურსანტების მიმართ რა მოთხოვნები იყო?

- გამხდარი უნდა ყოფილიყავი, ლამაზად გევლო, ლამაზი სილუეტი, გარუჯული სხეული უნდა გქონოდა.

- გოგონების ჩაცმულობაზე ვინ იზრუნა?

- თავდაპირველად მაყურებლის წინაშე კონკურსის ერთ-ერთი მხარდამჭერის მაისურებით წარვდექით, შემდეგ ყველას ერთნაირი საცურაო კოსტიუმი გვეცვა, ბოლოს კი - მაკა ვეკუას და მაია ზაალიშვილის კაბები.

- ჟიურის წევრები ვინ იყვნენ?

- ფოტოგრაფი - ნუკრი ჯიოშვილი, დიზაინერი - მაკა ვეკუა, კონკურსის მხარდამჭერი სასტუმროს წარმომადგენელი - ნინო ქირია, საცურაო აუზის მფლობელი და შარშანდელი "მის ბიკინის" გამარჯვებული - ნონა დიაკონიძე. კონკურსი ძალზე ობიექტურად ჩატარდა. მაყურებელს თავისი ფავორიტისთვის ხმის მიცემის საშუალება ჰქონდა. ისე არ მომხდარა, რომ ჟიურისა და ხალხის გადაწყვეტილება ერთმანეთს არ დამთხვეოდა.

- როგორ ფიქრობ - შენს გარეგნობაში ყველაზე მეტად რა მოეწონათ?

- ალბათ, ჟიური ჩემი სლავური გარეგნობით მოიხიბლა (იცინის). "მის ბიკინიზე" სხეულის პროპორციებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. როგორც ამბობენ, საცურაო კოსტიუმში არაჩვეულებრივად გამოვიყურები: კარგი სილუეტი, კარგი პროპორციები მაქვს... ხმათა უმრავლესობა მივიღე და ჟიურიმ გადაწყვიტა, "მის ბიკინი 2010" მე ვყოფილიყავი.

- ეს ტიტული შენთვის რას ნიშნავს?

- ძალიან ლამაზს, უნაკლოს! სილამაზის კონკურსებს შორის, "მის ბიკინი" ყველაზე მკაცრია - საცურაო კოსტიუმში ქალის სხეულის ყველა ნაკლი და ღირსება ჩანს.

- კონკურენციას ბევრი გოგონა გიწევდა?

- ეცადნენ, კონკურსისთვის ცოტა, მაგრამ ძალიან კარგი გარეგნობის გოგონები შეერჩიათ, რათა ლამაზი შოუ გამოსულიყო.

- მონაწილეობის სურვილი ბევრს ჰქონდა?

- სურვილი ჰქონდათ, მაგრამ ბევრი ქალაქიდან დასასვენებლად იყო წასული. 10-12 დღის განმავლობაში კონკურსისთვის მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა. წელს "მის ბიკინი", ცოტა არ იყოს, გვიან ჩატარდა.

- ამის მიზეზი რა იყო?

- სპონსორებს ინტენსიურად ეძებდნენ. ვერ იპოვეს, მაგრამ კონკურსი მაინც ჩატარდა, რადგან სარეგისტრაციო ფორმები უკვე მოსული იყო - გოგონა საერთაშორისო კონკურსზე აუცილებლად უნდა გამგზავრებულიყო. მიწვევა ვიეტნამიდან და იამაიკიდან მივიღეთ. ვიეტნამში კონკურსისთვის - "მის დედამიწა" აუცილებლად გავემგზავრები. "მის დედამიწა" სერიოზული კონკურსია. მასში ოთხმოცზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. 4 წლის განმავლობაში "მის დედამიწაზე" ქართველმა გოგონებმა 3 ნომინაცია "აიღეს". იამაიკაში, სადაც კონკურსი - "გლობალ ინტერნეშნელი" ჩატარდება, ალბათ, "ვიცე-მის ბიკინი" - მაია ბაცანაძე გაემგზავრება.

- "მის ბიკინის" მსოფლიო კონკურსი არ ტარდება?

- ტარდება ხოლმე, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა სილამაზის კონკურსები დააზარალა. რადგან "მის დედამიწის" კონკურსთან ვთანამშრომლობთ, ამ ურთიერთობას წელსაც განვაგრძობთ.

- დიდი ხანია, რაც მოდელი ხარ?

- 15 წლის ასაკიდან. გარკვეული პერიოდით, მოდელობა შევწყვიტე, მაგრამ ახლა ისევ ეს საქმე განვაგრძე. ერთი წელი "მის ბიკინის" ტიტული უნდა ვატარო. თუ გარეგნობამ მომდევნო წლებშიც შემიწყო ხელი, მოდელი სიამოვნებით ვიქნები (იცინის).

- როცა "მის ბიკინიში" მონაწილეობა გადაწყვიტე, შენს მშობლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?

- მხარი დამიჭირეს. კონკურსის პერიოდში ძამიკო დ მშობლები ხშირად მირეკავდნენ და მგულშემატკივრობდნენ. ბევრს "მის ბიკინი" განსხვავებული კონკურსი ჰგონია, მაგრამ ის სილამაზის სხვა კონკურსებისგან არ განსხვავდება (უფრო მკაცრ შეფასებას თუ არ გავითვალისწინებთ). სხვათა შორის, თავდაპირველად, ჩემმა მშობლებმა არ დამიჯერეს, რომ "მის ბიკინი" გავხდი. ბოლოს ჩემს დაქალს დაელაპარაკნენ და დარწმუნდნენ (იცინის)...

- აღნიშნე, აბიტურიენტი ვიყავიო. რომელი პროფესია აირჩიე?

- მინდა, ჟურნალისტი გავხდე. სწავლას ვაპირებ. იმედია, თავს გავართმევ.

- საინტერესოა, "მის ბიკინის" როგორი საცურაო კოსტიუმები მოგწონს?

- ამ მხრივ პრობლემა არა მაქვს - ნებისმიერი სტილის საცურაო კოსტიუმი მიხდება. ფერებს რაც შეეხება, უპირატესობას თეთრსა და შავს ვანიჭებ. ვარცხნილობაც კლასიკური მაქვს. მაკიაჟი საერთოდ, არ მიყვარს. სადად, სპორტულად ჩაცმა მიყვარს.

- ალბათ, ბევრი ბიჭის ყურადღებას იპყრობ, განსაკუთრებით - მაშინ, როცა პლაჟზე ხარ...

- კი, მაგრამ შეტევაზე არავინ გადმოდის (იცინის)... ვცდილობ, თავდაჭერილი ვიყო. თაყვანისმცემლებიც პატივისცემით მეპყრობიან - არ მაწუხებენ.

- როგორც შევიტყვე, "ვა-ბანკშიც" მუშაობდი. გადაცემის დახურვის გამო გულდაწყვეტილი ხარ?

- გული დამწყდა. გოგონებმა იტირეს კიდეც. ოცდამეერთე კეისის მფლობელი ვიყავი (იცინის). "რუსთავი 2"-ს 12 ახალი პროექტი აქვს, მაგრამ ჩვენთვის - არაფერია ჯერჯერობით...

- თაკო, შეყვარებული არ გყავს?

- მყავს, ძალიან საყვარელი ბიჭია!

- დარწმუნებული ვარ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს. შეყვარებულმა შენი ყურადღება რითი მიიპყრო?

- ჩემს მოსახიბლავად განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, მაგრამ მომხიბლა (იცინის). დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ სწორედ ის ადამიანია, ვინც მე მჭირდება.

- შენს საქმიანობას როგორ ეკიდები?

- "მის ბიკინიში" მონაწილეობა რომ გადავწყვიტე, ცოტა არ იყოს, შეფიქრიანდა, მაგრამ როცა გავიმარჯვე, ძალიან გაუხარდა და პირველად მან მომილოცა. ვუყვარვარ და ჩემს საქმიანობასაც პატივს სცემს.

- ოჯახის შექმნას ხომ არ აპირებთ?

- ერთი წლის განმავლობაში "მის ბიკინის" ტიტული უნდა ვატარო, კონკურსზე გავემგზავრო... შემდეგ სწავლას ვაპირებ. ვფიქრობ, ოჯახის შექმნა სერიოზული ნაბიჯია, ამ პასუხისმგებლობისთვის კი ჯერჯერობით მზად არც ერთი არ ვართ.

- ვიეტნამში როგორი განწყობილებით მიემგზავრები?

- გამარჯვების სურვილით (იცინის)! "მის დედამიწა" მსოფლიოს სილამაზის კონკურსების საუკეთესო ოთხეულში შედის. იქ გამარჯვება რთულია. "მის დედამიწაზე" გასულ წლებში ქართველმა გოგონებმა თავი კარგად წარმოაჩინეს, გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს. იმედია, მეც გამიმართლებს!..

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება