ჩარგალში "ვაჟაობას" ზეიმობენ. ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დღეს ასობით ადამიანი და უცხოელი ტურისტები სტუმრობენ.
"ვაჟაობაზე" მრავალი ტრადიციული კულტურული და სპორტული ღონისძიება ეწყობა.
ჩარგალში იმყოფებიან ქართველი მწერლები და პოეტები, რომლებიც მსმენელებს აცნობენ თავის შემოქმედებას, ესაუბრებიან ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
ჩარგალში სხვადასხვა ფოლკლორული ჯგუფები და "ჯეოსტარის" სხვადასხვა თაობის მომღერლებიც იმღერებენ.
დღესვე მოეწყობა ტრადიციული დოღი, გამარჯვებულს "ვაჟაობის მხედრის" წოდება მიენიჭება.
საღამოს დღესასწაულის აღნიშნვა სუფრასთან გადაინაცვლებს და ფშავში მყოფებს ტრადიციული ხინკლისა და ადგილზე მოხარშული ლუდის დაგემოვნებაც შეეძლებათ.
დღევანდელი დღის მთავარი ორგანიზატორის, ვაჟა-ფშაველას შთამომავლის ლეილა რაზიკაშვილის განცხადებით, სახალხო დღესასწაული "ვაჟაობა" მომავალ წელსაც აუცილებლად გაიმართება; 2011 წელი ვაჟა-ფშაველას საიუბილეო, 150 წლისთავს უკავშირდება და ღონისძიება გაცილებით უფრო მასშტაბური იქნება.