ვისთვის და რისთვის აიგო "ნოეს კიდობანი"?

ვისთვის და რისთვის აიგო "ნოეს კიდობანი"?

გენმოდიფიცირებული საკვები 21-ე საუკუნის ძნელად გადასაჭრელი პრობლემა ხდება. საქართველოსთვის, როგორც უძველესი აგრარული ქვეყნისთვის, ამ სფეროს განვითარება დამანგრეველია. მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყანაში ბიოუსაფრთხოების მხრივ სრული უკონტროლობა და ქაოსია.

რაოდენ არადამაჯერებლადაც უნდა მოგეჩვენოთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს სპეციალური საცავი ე.წ. ნოეს კიდობანი აშენდა... გვესაუბრება "მწვანეთა პარტიის" თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე:

- ზღაპარს ჰგავს, მაგრამ რეალობაა. ჩრდილოეთ პოლუსთან, ბარენცის ზღვაში, არის დიდი კლდე, სადაც გაკეთდა უზარმაზარი საცავი. მასში შესაბამის ტემპერატურაზე, ქილებში ინახება 3 მილიონამდე დასახელების კულტურული მცენარის თესლი.

გვეგონა, ამის უკან გაერო ან ევროკავშირი იდგა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქციის მწარმოებელი ფირმები დგანან. ეს არის ერთგვარი "ნოეს კიდობანი", რომელსაც რელიგიური ზეგავლენით, "განკითხვის დღის ბანკსაც" ეძახიან, ოფიციალურად კი "სვალბარდის მცენარეთა თესლების გლობალური ბანკი" ჰქვია.

მისი დამფუძნებლები არიან კორპორაცია "დიუპონი", მასში შემავალი "პიონერი", როკფელერის ფონდი, რომელიც ცნობილია აგრარული აგრესიით და აფრიკაში დიდი დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც აფრიკა დღეს შიმშილობს, ფირმა "მონსანტო", ფონდი "სინჯენტა" და ბილ გეითსის ფონდი.

- საქართველო დიდად არის დამოკიდებული იმპორტზე...

- ეს იმიტომ ხდება, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხელისუფლებამ დიდი ფულის შოვნა გადაწყვიტა. ხელოვნურად დაანგრია აგრარული სექტორი და ქვეყანა მთლიანად უცხოეთიდან შემოტანილ საქონელზე გადაიყვანა. ოფიციალური მონაცემებით დღევანდელი სიტუაცია ასეთია: საქართველოში შემოდის ხორბლის 92 პროცენტი, მცენარეული ცხიმების – 83%, ფრინველის ხორცი – 76%, შაქარი – 65%, ღორის ხორცი – 63%, და აშ. ეს ის ძირითადი პროდუქტებია, რომლებიც შეიცავენ ცილებს, ცხიმებს და რომელთა გარეშეც არსებობა წარმოუდგენელია.

ერთადერთი სამეურნეო კულტურა, რომელიც ბოლო ხანს მთლიანად უზრუნველყოფდა საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნას, სიმინდი იყო, სიმინდს ჩვენს რაციონში სერიოზული ადგილი უკავია. მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინ აღმოვაჩინეთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეყანაში შემოუყვანია ზემოთ აღნიშნული კომპანია "პიონერი", რომელსაც "მონსანტოსაგან" ლიცენზია აქვს აღებული მის მიერ წარმოებული გენმოდიფიცირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზებისათვის მსოფლიოში.

რატომ არ ასახელებს საქართველოს ხელისუფლება სიმინდის იმ ჯიშს, რომელიც შემოიტანა "პიონერმა"? გლეხებს ატყუებენ, რომ ეს ჯიში სამჯერ მეტ მოსავალს იძლევა და მიწას დამუშავება აღარ სჭირდება.

გენმოდიფიცირებულ პროდუქციას, ბევრ სხვასთან ერთად, ერთი ძალიან საშიში თვისება აქვს - დამტვერვით გადადის სხვა ჯიშებზეც. საკმარისია, ერთმა გლეხმა დათესოს ასეთი თესლი, მთელ ნათესებს გააფუჭებს.

- ამბობენ, რომ სიმინდის ეს ჯიში ჰიბრიდულია და არა - გენმოდიფიცირებული.

- ესეც არ არის სასიხარულო ამბავი. ნებისმიერი გენეტიკოსი გეტყვით, რომ ჰიბრიდული მცენარის თესლი უნაყოფოა, მისგან მეორე მოსავალს ვეღარ მიიღებ. ამიტომ გლეხი დამოკიდებული ხდება ნედლეულის იმპორტიორ ფირმაზე. ეს, უხეშად რომ ვთქვათ, ნარკომანისა და "ბარიგას" ურთიერთობას ემსგავსება.

საქართველოს არაფერში სჭირდება ჰიბრიდული თუ გენმოდიფიცირებული ნედლეული. ჩვეულებრივ, გლეხს, დიდი ძალისხმევის გარეშე, 5 ტონა სიმინდი მოჰყავს ჰექტარზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჯიშები, რომელთაც ჰექტარზე 12-14 ტონის მოცემა შეუძლია. ეს მაშინ, როდესაც ეგვიპტეში, სადაც ყველაზე მეტად არის განვითარებული ეს მიმართულება, ჰექტარზე 8 ტონა მოდის.

დათესვის შემდეგ მიწა უნდა დამუშავდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ სარეველების განადგურებას, რომლებიც მინდორში ძალიან სწრაფად იზრდება, დიდი რაოდენობით შხამქიმიკატები სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ამ შხამქიმიკატებსაც ეს ფირმები ყიდიან.

- საქართველოს პარლამენტში, თავის დროზე, გენმოდიფიცირებული პროდუქციის კონტროლთან დაკავშირებული საკითხი ჩავარდა...

- გენმოდიფიცირებული პროდუქცია რომ საშიშია, ამას გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციაც ადასტურებს. კონვენციის ერთ-ერთი ოქმი, ე.წ. კარტახენას ოქმი, სწორედ გენმოდიფიცირებული ნედლეულის კონტროლს არეგულირებს. თუ რატიფიცირებულია ეს საკითხი, მაშინ ქვეყანას საშუალება ეძლევა, შეაჩეროს, შეზღუდოს, აკრძალოს მსგავსი პროდუქციისა და ნედლეულის შემოტანა. უკიდურეს შემთხვევაში კი შეიძლება მოითხოვოს მსგავსი პროდუქციის მარკირება.

ევროკავშირის მოთხოვნით საქართველოს მთავრობამ შეიტანა პარლამენტში ეს საკითხი, კენჭი უყარეს, მაგრამ ჩავარდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტმა გაეროს დოკუმენტი ჩააგდო. წარმოგიდგენიათ, როგორი ლობი არსებობს ჩვენს ქვეყანაში?

როდესაც კანონპროექტი ჩავარდა, "მწვანეებმა" დიდი ამბავი ავტეხეთ. ერთ თვეში ბიუროზე განიხილეს, თქვეს, რომ შეცდომა დაუშვეს და ისევ შეიტანეს დღის წესრიგში. ბიუროს ოთახიდან პარლამენტის სხდომის დარბაზამდე 10 მეტრია. ამ 10 მეტრში "დაიკარგა" დღის წესრიგიდან ეს საკითხი. ამის შემდეგ ყველაზე სწორი გზა, რომელიც გამოვნახეთ იყო ის, რომ პატრიარქს ვთხოვეთ დახმარება. ეს ყველაფერი მალე უწმინდესის ერთ-ერთ ეპისტოლეში აღმოჩნდა. პარლამენტმა ხელახლა უყარა კენჭი და მიიღო კარტახენას ოქმი, მაგრამ მის შესრულებას არავინ ჩქარობს.

ამ ყველაფრით ხელისუფლებაა დაინტერესებული, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩათვლით, თუმცა არა მგონია ბაკურ კვეზერელი იქ რამეს წყვეტდეს. თუ ეს ყველაფერი იმ ტემპით წავიდა, როგორც ესენი გეგმავენ, საქართველოში სიმინდის კულტურაც მოისპობა. ვაფრთხილებთ გლეხობას, რომ არ შეიძინონ სიმინდის ეს ჯიშები!

- არსებობს სიტუაციიდან გამოსავალი?

- ამ სექტორის გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. ევროკავშირი, სადაც 500 მილიონი კაცი ცხოვრობს, გვეხვეწება, რომ მათ ბაზარზე 7200 დასახელების პროდუქცია შევიტანოთ. ევროკავშირი ამ ინიციატივით ჯერ კიდევ 2004 წელს შემოვიდა, ოღონდ მოითხოვა, რომ გაგვეძლიერებინა ხარისხის სისტემა, ანტიმონოპოლიური სამსახური და შეგვეტანა შრომის კოდექსში ცვლილებები. ამათ კი ანტიმონოპოლიური სამსახური გააუქმეს, კონტროლის სისტემა დაშალეს და შრომის კოდექსში ისეთი მუხლები შეიტანეს, მონებად აქციეს ადამიანები.

სხვათა შორის

გენმოდიფიცირებული პროდუქციის მწარმოებელი ფირმები აქტიურად არიან ჩართული ბავშვთა საკვების წარმოებაში. ასეთი პროდუქტი კი მოზარდ ორგანიზმზე დამანგრევლად მოქმედებს. პროდუქტში ცხოველური გენები ახალ გენებს წარმოშობს, ისინი კი - ახალი ტიპის ცილებს, რომლებიც ალერგიის ძირითადი წყაროა.

ცნობისათვის

მცენარეთა თესლების საცავი Svalbard Global Seed Vault-ი მდებარეობს ნორვეგიაში, სვალბარდის არქიპელაგზე, მისი საძირკველის ჩაყრის ოფიციალურ ცერემონიაში 2006 წლის 19 ივნისს ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, დანიისა და ისლანდიის პრემიერ-მინისტრები მონაწილეობდნენ.

ბაზის მშენებლობა 2008 წლის ბოლოს დასრულდა. საცავი, რომლის რკინაბეტონის კედლების სიგანე 1 მეტრს აღემატება, 300 მეტრის სიღრმეზე, ქვანახშირის მიტოვებულ საბადოშია განთავსებული. იქ. შენახულ ნედლეულს საჭირო ტემპერატურის მისაღებად დამატებითი ენერგია არ სჭირდება. საცავში მუდმივად მინუს 20 გრადუსი ტემპერატურაა. მასში 3 მილიონი დასახელების მცენარის თესლი ინახება.

ნინო მამუკაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"