მას ყველაზე მეტად სათავგადასავლო და დეტექტიური ჟანრის ლიტერატურა იზიდავს. სკოლა რუსულ ენაზე აქვს დამთავრებული. ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედების შემდეგ უპირატესობას პუშკინის, ლერმონტოვის, ტოლსტოის ნაწარმოებებს ანიჭებს. ლიტერატურული პერსონაჟებიდან დონ-კიხოტთან მეგობრობის სურვილის გამოთქვამს. ზურა დოიჯაშვილი ამბობს, რომ სერვანტესის გმირთან ბევრ საერთო თვისებას პოულობს.
- ზურა, სერვანტესის გმირს რით ჰგავხარ?
- დონ-კიხოტი ხომ სულ რაღაცისთვის იბრძვის. ჩემს შემთხვევაშიც ასეა...
- ქარის წისქვილებთან ბრძოლა თავადაც ხშირად გიწევს?
- მთელი ცხოვრება ქარის წისქვილებს ვერკინები...
- როგორ ფიქრობ, კარგი მეხსიერება გაქვს?
- ციფრებს ადვილად ვიმახსოვრებ. რასაც ხელით დავწერ, არ მავიწყდება. ბავშვობაში ლექსებს იცი, როგორ ვსწავლობდი?
- როგორ?
- პიანინოსთან დავჯდებოდი და სიმღერით ვიმახსოვრებდი. დღესაც ასეა, როცა ახალ სიმღერაზე ვმუშაობ, ტექსტს მუსიკასთან ერთად ვიმახსოვრებ. უამრავი სიმღერა მაქვს ნამღერი, რომ მთხოვო, ტექსებს ზეპირად ლექსივით ვერ გეტყვი, მაგრამ თუ მამღერებ, არაფერი შემეშლება.
- ახალი სიმღერები ახსენე: კონცერტის მოწყობას ხომ არ გეგმავ?
- ასე მგონია, ჩემი სიმღერა აღარავის სჭირდება. კონცერტებზეც აღარ მეძახიან. საზღვარგარეთ წასვლაზე ვფიქრობ, ჯერ არ გადამიწყვეტია, რომელ ქვეყანაში გავემგზავრები, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ის რუსეთი არ იქნება.
- რატომ?
- რუს ხალხთან არანაირი პრეტენზია არა მაქვს, მაგრამ მე იქ სიმღერა ჯერ არ შემიძლია. ცოტა ხნის წინ გვბომბავდნენ - იმას რა დამავიწყებს?! კარგი, კითხვარზე გადავიდეთ, იმ საშინელი დღეების გახსენება აღარ მინდა...
- "ვინც არ არის ღვინისა და სიმღერის მსურველი, თავისი აღსასრულის დღემდე ის იქნება სულელი". ვინ არის ამ სიტყვების ავტორი?
- არ ვიცი, მაგრამ ვეთანხმები (იცინის)...
- მარტინ ლუთერი. რომელი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს ცნობილი კურორტები - ნიცა და კანი?
- ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.
- ყველა თვე გარდა თებერვლისა 30 ან 31 რიცხვით მთავრდება. რომელ თვეშია 28 რიცხვი?
- თებერვალში. თავად არ თქვი?
- დაფიქრდი, პასუხის გაცემას რატომ ჩქარობ?
- ამას რა ფიქრი უნდა (პაუზის შემდეგ)? დამაბნიე, 28 რიცხვი ხომ ყველა თვეშია.
- "მე რაც ვიცოდი, შენ გაგიმხილე,
შენ სხვას უთხარი, სხვამ კიდევ სხვას,
იმ სხვამ ვიღაცას გაანდო მერე, ჩვენი ამბავი, მწამს,
ახლა ის ვიღაც ჩემთან მოდის და
მევე მიამბოს მას,
რაც მე ვიცოდი და შენ გითხარი,
რაც შენ უთხარი სხვას.
ვინ არის ამ ლექსის ავტორი?
- ცნობილი ლექსია, ავტორს ვერ ვიხსენებ.
- მიგანიშნებ. ეს პოეტი ასევე ტექსტის ავტორია სიმღერისა - "ტრიალებს" ფილმიდან "ვერის უბნის მელოდიები".
- მორის ფოცხიშვილი.
- ორმა კაცმა 900 ლარი გაიყო. მათგან ერთ-ერთს 500 ლარით მეტი შეხვდა. რამდენი ლარი შეხვდა მეორეს?
- (ანგარიშობს) თუ არ ვცდები, 200 ლარი უნდა შეხვედროდა.
- დიახ. ფილადელფია, სან-ფრანცისკო, ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი - აშშ-ის ამ ქალაქებიდან რომელი არ მდებარეობს ოკეანის სანაპიროზე?
- კითხვა გამიმეორე (გამეორების შემდეგ) ფილადელფია არ მდებარეობს, ნამყოფიც ვარ და ვიცი.
- X საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა დახმარებისთვის დავით კურაპალატს მიმართა. ვინ მეთაურობდა ბიზანტიაში გაგზავნილ ჯარს?
- თორნიკე ერისთავი.
- "ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამქვეყნად, ამიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ". რომელი ქართველი კლასიკოსის შემოქმედებაში ვკითხულობთ ამ სიტყვებს?
- კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაში.
- ვის გადასცა ღმერთმა ქვის ფილებზე დაწერილი ათი მცნება?
- მოსეს.
- ამჟამად რომელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარეობდა ბაბილონი?
- არ ვიცი.
- ერაყის. ვინ არის სახელმწიფოს მეთაური იაპონიაში - პრეზიდენტი, იმპერატორი, გენერალური მდივანი თუ გენერალ-გუბერნატორი?
- იმპერატორი.
- ვინ არის ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი?
- ზაქარია ფალიაშვილი.
- ცდები.
- აბა, ვინ არის?
- მელიტონ ბალანჩივაძე. რომელი მდინარე იღებს სათავეს ერწოს ტბიდან?
- ვერ ვიხსენებ.
- ყვირილა. იარაღში კარგად ერკვევი?
- პისტოლეტზე კარგად ავტომატის დაშლა-აწყობა ვიცი. მახსოვს, ამ საქმეს სკოლაში ბიჭებს სამხედრო მომზადების გაკვეთილზე როგორ გვასწავლიდნენ.
- რუსული წარმოების ამ პისტოლეტებიდან რომელია ავტომატური - "მაკაროვი", "მარგოლინი", "სტეჩკინი" თუ "ტეტე"?
- "სტეჩკინი".
- რა ერქვა მარტვილს საბჭოთა საქართველოს დროს?
- (ფიქრობს) გეგეჭკორი ერქვა.
- როგორი მუსიკალური ტემპის აღმნიშვნელია მოდერტო?
- ზომიერის.
- რომელი ჯირკვალი გამოყოფს ადრენალინს?
- ზუსტად არ ვიცი.
- თირკმელზედა. რისგან იღებენ კოკაინს?
- კოკას ფოთლებისგნ.
- ანჯელინა ჯოლი, ჯულია რობერტსი, იზაბელა აჯანი, ნიკოლ კიდმანი - ამ მსახიობებიდან, რომელია ტომ კრუზის ყოფილი ცოლი?
- ნიკოლ კიდმანი.
- ვინ თამაშობს პრინცესას როლს ფილმში "რომაული არდადეგები"?
- ოდრი ჰეპბერნი.
- როგორ იბადება ზღარბი ეკლებით თუ ეკლების გარეშე?
- როგორც ვიცი, ზღარბი იბადება ბალნით, რომელიც მოგვიანებით ეკლებად გადაექცევა. ზრდასთან ერთად თანდათან უუხეშდება.
- რომელ კუნძულზე მდებარეობს იაპონიის დედაქალაქი ტოკიო?
- ჰონსიუზე.
- FBI აშშ-ის ქვეყნის საშინაო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. როგორ იშიფრება ქართულად?
- გამოძიების ფედერალური ბიურო.
- ვინ წარმოადგენს სახელმწიფო ბრალმდებელს სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის დროს?
- პროკურორი.
- რომელ კონტინენტზე ბინადრობენ ზებრები?
- (ფიქრობს) ისინი აფრიკაში გვხვდებიან.
- რომელ წელს ეკურთხა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ილია II?
- 1975 წელს.
- ცდები, ეს 1977 წელს მოხდა. ქართული ანდაზის მიხედვით, როგორი მეგობარია მტერზე უარესი?
- ბოროტი.
- სულელია სწორი პასუხი. რომელმა დინასტიამ შეცვალა ვალუათა დინასტია საფრანგეთში?
- ბურბონებმა.
- რამდენი შვილი ჰყავდათ ზაქარია ფალიაშვილის მშობლებს?
- არ ვიცი.
- 18. ბილიარდის თამაში გიყვარს?
- საკმაოდ კარგად ვთამაშობ.
- რამდენი ბურთულა გამოიყენება ბილიარდის თამაშში "პირამიდა"?
- 16.
- რა ერქვა საზიარო ძროხას ნაწარმოებში - "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"?
- რომ ვერ გავიხსენო, გავგიჟდები (ფიქრობს) მითხარი, რა, დავიტანჯე.
- ფაქიზო. ფილმში ილიკოს როლს ვინ ასრულებს?
- ჟორჟოლიანი.
- ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, რომელია შიშის ღმერთი?
- არ ვიცი.
- ჰობოსი. პორტუგალია, გერმანია, საფრანგეთი - რომელი ქვეყანა არ არის ესპანეთის მეზობელი?
- (ფიქრობს) გერმანია.
- რამდენი ცხრიანია 100000000-1-ის სხვაობის ჩანაწერში?
- (პაუზის შემდეგ) 8 ცხრიანი გამოდის, არა?
- გამოიცანი. რომელ ზღვას აერთებს წყნარ ოკეანესთან პანამის არხი?
- ვერ ვიხსენებ.
- მინიშნების სახით ერთ სიტყვას გეტყვი - მეკობრეები.
- ვერ გიპასუხებ.
- კარიბის ზღვას აერთებს.
- აა! გავიფიქრე და არ ვთქვი.
- ვფიქრობ, შემდეგ კითხვაზე პასუხის გაცემა არ გაგიჭირდება. რა ჰქვია ბგერათა აღმავალ ან დაღმავალ თანამიმდევრობას ერთი ან რამდენიმე ოქტავის ფარგლებში?
- გამა.
- როგორ სჯიდნენ ათენელები არასამართლიან მმართველს?
- როგორც მახსოვს, 10 წლით ქვეყნიდან აძევებდნენ.
- ქვეყნიდან - არა, ქალაქიდან აძევებდნენ. რომელი ცხოველი ზრუნავს თავის ნაშიერზე ყველაზე დიდხანს - დათვი, კატა თუ სპილო?
- სპილო, მათი ფეხმძიმობის პერიოდიც დიდხანს გრძელდება და დაბადების შემდეგაც ხანგრძლივი დროით სპლიყვი დედასთან იმყოფება.
- დიახ, თითქმის 10 წლის მანძილზე რჩება. რამდენი წლის იყო თამარი, როცა მამამ - გიორგი III-ემ მეფედ გამოაცხადა?
- 14-ის.
- ცდები, 12 წლის იყო. ორი კაცი მდინარის ნაპირზე მივიდა. ორივეს მეორე ნაპირზე უნდოდა გადასვლა. იქვე იდო ნავი, რომელშიც მხოლოდ 1 კაცი ეტეოდა. მიუხედავად ამისა, ამ ნავით მდინარეზე გადასვლა ორივემ შეძლო. როგორ მოახერხეს ეს?
- აბა, ერთხელ კიდევ გამიმეორე (გამეორების შემდეგ) ჯერ ერთი გადავიდა და მერე - მეორე.
- მეორე ნაპირზე ვინ გამოიტანა?
- ჰოო, სხვა არავინ ჰყავდათ, არა? არ ვიცი.
- ეს ორი კაცი მდინარის სხვადასხვა ნაპირზე იყო მისული. ამერიკის ეს პრეზიდენტი ახალგაზრდობაში მოჯამაგირედ. მიწისმზომელად, ტყისმჭრელად და ფოსტის მოხელედაც კი მუშაობდა. დაასახელე იგი.
- ლინკოლნზე მსმენია ასეთი ამბები.
- დაასრულე შტეტენჰეიმის ცნობილი გამონათქვამი: "მამაკაცს, რომელსაც დედაკაცი თავს გაუვა, თავი...
- თავი მოეჭრება.
-"... თავი არა აქვს".
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)