ეს ამბავი ერთი წლის წინ მოვისმინე და თავდაპირველად არ დავიჯერე. ცოტა არ იყოს, უცნაურად მეჩვენა 1991 წელს საქართველოდან ამერიკაში წასული რვა წლის ბიჭის ისტორია, მაგრამ ილია ცინაძე ახლახან გავიცანი და ყველაფერი ცხადი გახდა.
ილიას მეგობარი გოგონა, ჯინ როუ ახლდა და ვიდრე ინტერვიუს ჩავიწერდი, ილიამ გიტარაზე დაუკრა, ჯინმა კი მექსიკურად იმღერა.
- ილია, ამერიკაში როგორ მოხვდი?
- 1991 წელს ამერიკაში საცხოვრებლად მთელი ოჯახით წავედით - მშობლები, მე და ჩემი ძმა. ნიუ-იორკში ვცხოვრობთ დღემდე, სკოლაც იქ დავამთავრე და კონსერვატორიაც - ჯაზის განხრით.
- არ გაგიჭირდა ამერიკასთან შეგუება?
- ბავშვებს, ალბათ, უფრო არ უჭირთ. ერთი ეგ იყო, ვიდრე სკოლაში შეგვიყვანდნენ, გვირჩიეს, ილია უცხოდ ისმის და ამერიკული სახელი დაარქვითო. ასე გავხდი ფილი და 17 წლამდე ფილი ვიყავი.
მერე კი, როცა ჯინი გავიცანი, შინ დამირეკა, ყურმილი დედაჩემმა აიღო და დამიძახა, ილია, ტელეფონთან გეძახიანო. ჯინიმ მკითხა, რატომ ილიაო? მე ეს ისტორია მოვუყევი და გაგიჟდა კინაღამ, რა კარგი სახელი გქონია, რა ფილი, ილიას დაგიძახებო. ასე გავხდი ისევ ილია და დღეს ყველა ილიას ან ილუშას მეძახის, ჯინის გარდა.
- აბა, ჯინი ისევ ფილს გეძახის?
- არა, აქ ნათესავები ილიკოს მეძახიან და ჯინს ისე მოეწონა ეს სახელი, ილიკოს მეძახის.
- ოცი წელია ამერიკაში ცხოვრობ, მაგრამ ქართულად კარგად ლაპარაკობ.
- შინ სულ ქართულად ვლაპარაკობთ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ წერა-კითხვა არ ვიცოდი. ამიტომ, როცა 17 წლის გავხდი, "დედაენა" მოვითხოვე და წერა-კითხვის სწავლა დავიწყე და ახლა ლაპარაკიც ვიცი, წერაც და კითხვაც. ახლა ის "დედაენა" ჯინის აქვს. ძალიან უნდა, ქართული ისწავლოს. ამ მომენტში საუბარში ჯინიც ჩაერია: ცოტა ძნელად გამოსათქმელი ასოები გაქვთ, მაგრამ პირობას გაძლევ, მომავალ წელს რომ ჩამოვალ, ქართულად დაგელაპარაკები.
- ჯინ, იოლია ქართველი კაცის სიყვარული?
- იცი, რა აღმოვაჩინე? თუ ამერიკელი გიყვარს, საკმარისია ის გიყვარდეს და მის ოჯახთან ურთიერთობა არ გქონდეს. აი, ქართველი თუ გიყვარს, მისი ოჯახიც უნდა გიყვარდეს. ასეთი სითბო არ მიგრძვნია, შვილივით მიყურებენ და ასეთი ურთიერთობა ძალიან, ძალიან მომწონს. ქართული კერძებიც მომწონს და იცი, ყველაზე მეტად რომელი? აჯაფსანდალი და ლობიო.
- ილია, ჯინს ხინკალი არ გაასინჯე?
- როგორ არა, მაგრამ აჯაფსანდალი და ლობიო უფრო მოსწონს (ჯინმა გაიღიმა და დააყოლა - საცივიცო).
- ბენდის შექმნის იდეა როდის გაჩნდა?
- კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ. ვმღეროდი და მინდოდა ჩემი ბენდიც მყოლოდა. ნელ-ნელა შემოვიკრიბე ჩემს ირგვლივ საკმაოდ ცნობილი მუსიკოსები. მე გიტარაზე ვუკრავ, ჯინი მღერის, ვიოლინოზე რობ ჰეჩტი უკრავს, აკორდეონზე - ლიამ რობინსონი, კონტრაბასზე - კრის ტორდინი, დრამზე - რიჩი ბარშეი.
რიჩი ჰერბი ჰენკოკთან უკრავდა. ახლახან ბათუმშიც იყო ფესტივალზე. პატარა ბიჭი რომ არის ქართველი ჯაზმენი, ბექა გოჩიაშვილი, მან დაპატიჟა, მინდა, ჩემთან ერთად დაუკრაო.
- შენს ბენდს რა ჰქვია?
- ჩემი სახელით გამოვდივართ, ანუ "ბენდი ილია ცინაძე". ყველგან ვამბობ, რომ ქართველი ვარ, თუმცა აუცილებლად უნდა დავაყოლო, რომ ჯორჯია ქვეყანაა და არა შტატი. ისე, თვითონაც ხვდებიან, რადგან ჯორჯიის შტატის მცხოვრებთ სხვანაირი აქცენტი აქვთ.
- კონცერტებს სად მართავთ ხოლმე?
- ძირითადად, ამერიკაში, მაგრამ ახლა დისკი უნდა გამოვუშვათ. სერიოზულ ტურნესაც ვგეგმავთ. დისკში როგორც უცხოური, ისე ქართული სიმღერებიც შევა. მათ შორის "მოხევის ქალო თინაო", რომელიც ჩვენი ვებ-გვერდის საუნდტრეკია.
- ამერიკელებმა როგორ მიიღეს ქართული სიმღერები?
- ძალიან კარგად, იმიტომ, რომ საოცარი ხმოვანება და მელოდიაა. კლიპსაც ვიღებთ ამ სიმღერაზე. ნაწილი ამერიკაში გადავიღე, მეორე ნაწილს კი საქართველოში ვიღებ. ეს კლიპიც მალე იქნება მზად. საქართველოში ჩამოსვლას და კონცერტების გამართვასაც ვგეგმავთ.
- ილია, შენ და ჯინი ათი წელია ერთად ხართ და შვილზე არ ფიქრობთ?
- ჯერ გიტარა და მუსიკაა ჩვენი შვილი. მაგის დროც მოვა.
- საქართველოში საბოლოოდ დაბრუნებაზე არ ფიქრობ?
- ძნელი იქნება. იმიტომ კი არა, რომ აქ ან ცუდია, ან ვერ ვიცხოვრებ. უბრალოდ, მეც და ჯინისაც მშობლები იქით გვყავს, ამასთანავე, ჩვენ მხოლოდ მუსიკა ვიცით და ვგრძნობ, რომ ეს აქ საცხოვრებლად საკმარისი არ იქნება. იქ კი შემოსავალი მაქვს კონცერტებიდან. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ წელიწადში ერთხელ, სულ ცოტა, ერთი თვით საქართველოში ჩამოვალ. მინდა, მთელი საქართველო ფეხით მოვიარო.
- მოკლედ, გაისად გელოდებით... ჯინ, პირობა ხომ გახსოვს?
- კი, როგორ არა... შემდეგში აუცილებლად ქართულად დაგელაპარაკები. ილიკოს დავპირდი და პირობას აუცილებლად შევასრულებ!
არმაზ ხარძიანი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)