გიორგი ახვლედიანის მეუღლე შოკა კობერიძეს ტელევიზიების დატოვება უკვე ტრადიციად ექცა. ტელემარკეტინგის სპეციალისტმა ჯერ "იმედი" დატოვა, ახლა "პირველი არხი" დაატოვებინეს. შოკა უკვე ხუმრობს, რომ "რუსთავი 2"-ის ჯერი დადგა. გულის გადაყოლება ცოლ-ქმარმა თურქეთში, ქალაქ ქემერში მოგზაურობითა და დასვენებით სცადა. ჩვენ მათ სწორედ დასვენებაზე სასაუბროდ ვესტუმრეთ, მაგრამ გვერდი ვერც სატელევიზიო ამბებს ავუარეთ.
- კარგად გარუჯულხართ ცოლ-ქმარი, სად დაისვენეთ?
შოკა:
- გარუჯვა ბაზალეთიდან დავიწყე, გავაგრძელე თბილისის აკვაპარკში, მერე ისევ ბათუმში და დავამთავრეთ თურქეთში. ბაზალეთზე გიორგის სემინარები ჰქონდა, ის მუშაობდა, მე მზის აბაზანებს ვიღებდი აუზზე. ბათუმშიც საქმიანი ვიზიტი ჰქონდა გიორგის და წავყევი. იქაც გიორგი მუშაობდა, მე ვისვენებდი.
- გიორგი, თურქეთშიც ხომ არ მუშაობდი?
- არა, რთული და მძიმე გაზაფხულის წყალობით, რომელიც არჩევნებით იყო განპირობებული, თავს უფლება მივეცი, 12 დღე დამესვენა თურქეთში. სხვა საქმე არაფერი იყო, ვიწექით და მზის აბაზანებს ვიღებდით, ანდრია თან არ წაგვიყვანია, არც იყო რეკომენდებული, მან ორი თვის განმავლობაში ყველაზე ჯანმრთელად დაისვენა ბებიასთან ერთად კოჯორში. საერთოდ არ უგრძნია 45-გრადუსიანი თბილისის სიცხე. ბათუმური სიცხის შემდეგ ორმაგი სიცხე დაგვხვდა თურქეთში.
- სად ემალებოდით სიცხეს?
- ერთადერთი საშუალება წყლის ქვეშ დამალვა იყო, მაგრამ ზღვა ცხელი იყო, დუღდა, მხოლოდ აუზის წყალს გამოვყავდით მდგომარეობიდან.
- თქვენს სასტუმროში ქართველები იყვნენ?
- კი, მამა-შვილი გავიცანით, რომლებიც ჩეხეთში ცხოვრობენ, კიდევ რამდენიმე ოჯახი, ახალგაზრდა ქართველი ბიჭებიც, რომლებსაც გართობა უნდოდათ, მაგრამ ეს სასტუმრო ამის საშუალებას მაინცდამაინც არ იძლეოდა. განგებ შევარჩიეთ ისეთი სასტუმრო, სადაც იქნებოდა სიჩუმე, ნაკლები რია-რია და დისკოთეკა.
- როგორი დღის რეჟიმი გქონდათ?
შოკა:
- ცხრაზე ვიღვიძებდით, ვჭამდით ხილს, ყავას ვსვამდით, მერე ნახევარი დღე ვიყავით ზღვაზე, ნახევარი დღე აუზზე. შუალედებში გვქონდა სადილი და ვახშამი, სასტუმროდან არ გავდიოდით, თუ შოპინგი არ გვინდოდა. არ ვიკლებდით არაფერს: მასაჟს ვიკეთებდით, დავდიოდით საუნაში, ვიღებდით გრილ აბაზანებს. მე ვიკეთებდი შოკოლადის ნიღბებს.
გიორგი:
- ვიყავით თურქულ აბანოშიც - "ჰამამი". იქ მთელი რიტუალი ტარდება. ეს არის მარმარილოში ჩასმული აბანო, შუაში არის დიდი, თბილი ქვა, რომელზეც წვები და პროფესიონალი, ჩვენ ენაზე რომ ვთქვათ, მექისე თურქული სიმღერის ღიღინის ფონზე გიკეთებს მასაჟს და გბანს.
შოკა:
- თან რაღაც რკინის ჯამებს ურტყამს ერთმანეთს, საოცარი რიტუალია. პირველ დღეს, თურმე აუცილებლად უნდა მიიღო "ჰამამის" სიამოვნება, კანის მკვდარი ფენა მოიშორო, რომ კარგად გაირუჯო.
გიორგი:
- ბანაობის შემდეგ გიკეთებენ მასაჟს, რომელიც ჩემ შემთხვევაში ძალიან გაჭირდა (იცინის), მასაჟისტი ცოტა სუსტი იყო და მალე დაიღალა, აუთვისებელი ტერიტორიები დარჩა, ბოლოს მეც კი ვეხმარებოდი. მიუხედავად ყველაფრისა, დიდი სიამოვნებაა იქ მისვლა და თუ თურქეთში მოხვდებით, აუცილებლად შეიარეთ ამ აბანოში. ფასიც მისაღებია. მონახულების თვალსაზრისით არ არის ურიგო პამუკალესი. ეს არის ძალიან ლამაზი ადგილი მინერალური წყლებით, პატარა აუზებია, რომლებშიც ვერ წვები, მაგრამ როგორც ამბობენ, მენდელეევის სისტემის ყველა ელემენტს შეიცავს.
- მოკლედ, თევზებივით დაისვენეთ, ყველგან წყალი ფიგურირებს, რაც მომიყევით...
- შოკას გადამკიდე სულ წყალში ვიყავით. მე სულ სასტუმროს გრილი, კონდიციონერიანი ნომრისკენ მივილტვოდი, მაგრამ... მინდოდა, ტელევიზორისთვის მეყურებინა ან გაზეთი წამეკითხა, რომელიც არ იყო, ორი ცალი ძლივს ვიპოვეთ სადღაც.
შოკა:
- ეს გაზეთები კი არ წავიკითხეთ, ბოლოს დავიზეპირეთ (იცინის).
- თურქული სამზარეულო მოგწონთ?
გიორგი:
- რამდენიმე თურქული კერძი მომწონს, მაგრამ ქართულ ბოსტნეულს, კიტრსა და პომიდორს შეჩვეული კაცისთვის რთულია უგემური, გამოფიტული, მშრალი ბოსტნეულის ჭამა. ძირითადად საზამთროსა და ნესვს ვჭამდით. მე მეგონა, გაცილებით გემრიელი უნდა ყოფილიყო ეს პროდუქტი თურქეთში, მაგალითად, საბერძნეთში ისეთი გემრიელი საზამთრო და ნესვია, სხვას არაფერს შეჭამ. ერთხელ ისე გავგიჟდი საბერძნეთში ნესვზე, ექვსი ცალის წამოღება მინდოდა (იცინის), მერე, როცა მივხვდი, ცალკე ჩემოდანი უნდა მეყიდა ამისთვის, გადავიფიქრე, მაგრამ თურქეთში არც საზამთრო მომეწონა და არც ნესვი, თუმცა კიტრსა და პომიდორს ჯობდა.
- ე.ი. პრაქტიკულად იშიმშილეთ...
შოკა:
- ბურღულეული ჰქონდათ ნორმალური, მაკარონი, მე ბრინჯზე "ვიჯექი". შემწვარი კვერცხი და ხილი გვშველოდა.
- სიდედრს რა ჩამოუტანე თურქეთიდან?
- აზიური ჩუსტები... მე და შოკას არაერთხელ გვქონდა მცდელობა, რაღაც შეგვეძინა იქაურ სავაჭრო ქსელში, მაგრამ ძალიან რთული და არასასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა. შემაწუხებელ, ნერვების მომშლელ და ტვინის მბურღავ შემოტევებში გადადის გამყიდველებთან ურთიერთობა. მთავარია, მაღაზიაში არ შეხვიდე, თორემ თუ შეხვალ, საკუთარი ხელით გამოუწერ საკუთარ თავს ურთულეს პრობლემებს. ვერ მოიშორებ გამყიდველს, თუ არაფერი იყიდე. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ფართო არჩევანისთვის მაღაზიის ქარხანაში გაგაგზავნიან თავისსავე მანქანით.
მაღაზიიდან რომ გამოდიხარ, უკვე მანქანის ოთხივე კარი ღიაა, კონდიციონერი ჩართულია და მძღოლი გიღიმის. ამაზეც თუ არ დათანხმდი, შეიძლება სამართალდამცავების ჩარევა დაგჭირდეს საქმეში. მიდიხარ ერთი საათის სავალ გზაზე "სანატრელი" ქარხნისკენ და იქაც ზუსტად ისეთივე არჩევანი გხვდება, რაც მაღაზიაში უკვე ნახე. ანდრიასთვის ზამთრის ქურთუკი შევიძინეთ იმ ქარხანაში. სხვა გზა უბრალოდ არ გვქონდა.
- ახლა თბილისს დავუბრუნდეთ, შოკა, რა სიახლეებია "საზოგადოებრივ მაუწყებელზე"?
- უკვე თვეზე მეტია მე ამ ტელევიზიაში აღარ ვარ.
- საკუთარი ნებით წამოხვედი?
- არა, იძულებით დამაწერინეს განცხადება, მიზეზი ასეთ სიტუაციაში ძირითადად არ სახელდება. აბსოლუტურად გაუგებარი იყო ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება ჩემთვის. გიორგი ჭანტურია იმ დროს თურქეთში იყო, მოადგილეს, ქალბატონ მაიას დაავალა ამის გაკეთება. მე არ ვწერდი განცხადებას. შემდეგ მოიფიქრეს ის, რომ მარკეტინგის განყოფილება გააუქმეს და იძულებული გავხდი, დამეწერა განცხადება. ამის შემდეგ იგივე ადამიანები აიყვანეს სამსახურში, რომლებიც ჩემი განცხადების გამო გაათავისუფლეს. ჩემი ადგილი კი ისევ ვაკანტურია ამ არხზე.
გიორგი:
- იმის ფონზე, რა პრობლემებიც არის შექმნილი "საზოგადოებრივ მაუწყებელზე", გასაკვირი არაფერია. მთავარი ისაა, რომ შოკას ტრადიციად ექცა ტელევიზიიდან წამოსვლა.
- რას აპირებ?
შოკა:
- რა ვიცი, "რუსთავი 2"-ზე მინდა (იცინიან). ეგღა დამრჩა. რა უნდა ვქნა, შესანიშნავი საშუალება მეძლევა, ყოველ ექვს თვეში ერთხელ დავისვენო და მეტი დრო დავუთმო შვილს. იმ ტელევიზიაში მუშაობას ყველაფერი მირჩევნია. ძალიან შეურაცხყოფილი წამოვედი. ვერ ვხვდები, რატომ არ უნდათ ახალი პროექტები და რაში აწყობთ დაბალრეიტინგული ტელევიზია.
- მუშაობაში ხელს გიშლიდა ვინმე?
- იქ ვერ მუშაობ, იმიტომ, რომ საქმე არ არის. ჩემი იქ ყოფნის დროს გაკეთდა ვახო სანაიასა და ეკა ხოფერიას გადაცემა, რომლის რეკლამირებაზე მე და ალეკო ფარულავამ ნერვები დავიწყვიტეთ. მათი ნაყიდი მსოფლიო ჩემპიონატი ხომ საერთოდ სასაცილო იყო. სწორედ იმ ჩემპიონატის დროს დაიწყო ჩვენი დაპირისპირება და არავინ მიგვიშვა ახლოს ამ მნიშვნელოვან პროექტთან. ამბობენ, ახალი სტრუქტურა გვაქვსო და ვნახოთ.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)