რა იზიდავს ტელემაყურებელს, ანუ ნანკა კალატოზიშვილით შეცვლილი ნიკა ქავთარაძე

რა იზიდავს ტელემაყურებელს, ანუ ნანკა კალატოზიშვილით შეცვლილი ნიკა ქავთარაძე

რა იზიდავს ტელემაყურებელს, ანუ ნანკა კალატოზიშვილით შეცვლილი ნიკა ქავთარაძე

ოქტომბრიდან თითქმის ყველა ტელევიზია ახალ სეზონს იწყებს და პრესისთვის ნელ-ნელა ცნობილი ხდება ახალ-ახალი სატელევიზიო ამბები. ეს კვირა გამორჩეული "სიმართლის დროს" შეჩერებით გახდა, ისიც გავიგეთ, რომ "ინტუიციას" ნიკა ქავთარაძის ნაცვლად ნანკა კალატოზიშვილი წაიყვანს. ამ საინტერესო გადანაცვლების შესახებ "სიმართლის დროს" და ახლა უკვე "ინტუიციის" პროდიუსერი ნოე სულაბერიძე გვესაუბრება.

- თქვენი ახალი ამპლუით დავიწყოთ, რომელიც "სიმართლის დროს" ბოლოს გადაცემაში მოირგეთ. ისიც თქვეს, გადაცემა ნანკაზე უკეთ წაიყვანაო...

- მაგას ვერ დავეთანხმები და ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს ჩემი ახალი ამპლუაა. ეს იყო ერთჯერადი პროექტი იმისთვის, რომ შოუ შემდგარიყო.

- შედგა შოუ? თქვენ თავად თუ მოგეწონათ გადაცემა? ხალხის მოლოდინი უფრო დიდი იყო, ამბობენ, რომ ნანკა დაინდეთ...

- ყველა გადაცემაზე რაღაცას ამბობენ და მაგას შეჩვეულები ვართ, თუმცა ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა. რა თქმა უნდა, რაღაცები კითხვის ნიშნის ქვეშ დავტოვეთ. ეს აუცილებელია, რადგან ნანკას, როგორც წამყვანს, და შოუს ასე სჭირდება.

- თუმცა "სიმართლის დრო" აღარ გაგრძელდება...

- დროებით შევაჩერეთ, მაგრამ აუცილებლად გაგრძელდება. ამ სეზონში ნამდვილად არ გავა. პაუზა ავიღეთ, თუმცა რამდენ ხანს, არ ვიცით. თარიღს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ დადგება დრო და "სიმართლის დრო" ეთერში ისევ გავა.

- ამ ეტაპზე აღარ დარჩნენ სკანდალური ადამიანები?

- ბევრი ადამიანი დარჩა, ეს უწყვე­ტი პროცესია. ყოველთვის არსებობს საინტერესო თემა, რომელზეც შეიძლება კარგი გადაცემის მომზადება. ის მიზეზი, რომ რესურსი გამოგველია, არასწორად მიმაჩნია.

- ძალიან ბევრი ბრალდებაა ამ გადაცემის მიმართ...

- ბრალდება? რა ბრალდება?

- ხშირად გადანაშაულებ­ენ სექსუალური უმცირესობების წა­რმომადგენელთა პროპაგანდა­ში. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ თქვენს ეთერში გამოყვანილი რე­სპონდენტები გეიაღლუმის რე­პეტიცია იყო...

- (იცინის) არ შემიძლია, სერიოზულად აღვიქვა ეგ ბრალდება. ისიც არ ვიცი, სერიოზული პასუხი როგორ გაგცეთ. რატომ გვაბრალებენ, რადგან არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები გყავდა შოუში? ეს ბუნებრივიცაა, ასეთია ფორმატი. მგონი, საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ეს ხალხიც მათი ნაწილია და იმ საზოგადოებაში ცხოვრობენ, რომელშიც თვითონ.

- ალბათ ისიც გათვლილი გქონდათ, რომ მათ გამოჩენას დიდი რეზონანსი მოჰყვებოდა...

- შოკს არ ველოდით, მაგრამ განსჯის საგანი რომ იქნებოდა, წინასწარ ვიცოდით. ჩვენ ველოსიპედი არ გამოგვიგონებია. პრაქტიკულად, ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ეს გადაცემა მხოლოდ ცნობილ სახეებსა და საინტერესო ადამიანებზე გაკეთდა.

- ბრალდებებზე მკითხეთ და ჯი­ჯი რეჯინისთვის დასმული კითხვა, "ოდესმე გიგრძნიათ სირცხვილი, რომ სომეხი ხართ?", დღემდე განსჯის საგანია.

- ეგ კითხვა ძალიან გაზვიადებულად მეჩვენება, მისი არასწორი ფორმულირების გამო ჩვენ განცხადებაც გავაკეთეთ. ეს ეთნიკური ნიშნით არ გაგვიკეთებია. კითხვა ჯიჯისთან იყო შეთანხმებული და რადგან ასეთი პასუხი გაგვცა, ჩავთვალეთ, რომ მაყურებლისთვის საინტერესო იქნებოდა. მაგ საკითხზე მოდავება არასწორია. ჩვენს პროექტში ქართველიც მუშაობს, სომეხიც და აზერბაიჯანელიც. ვფიქრობ, ყველაზე უსამართლო ბრალდებაა, რაც აქამდე მსმენია.

- ნანკას ტენდენციურობაზეც ბევ­რს ლაპარაკობენ...

- წამყვანიც ადამიანია. თამაშიდან გამომდინარე, შოუში ტენდენციური ვერ იქნება, მაგრამ შეიძლება ჰქონდეს რაიმე განწყობა.

- მაგალითად, თეა თუთბერიძის მიმართ მკვეთრად გამოხატული აგრესია ჰქონდა...

- კიდევ ვიმეორებ, დამისახელეთ წამყვანი, რომელიც სუბიექტურად არ იქნება განწყობილი სტუმრის მიმართ.

- მაგრამ გააჩნია, რამდენად გამოხატავ.

- ვიღაც მეტად ამჟღავნებს, ვიღაც ნაკლებად.

- ახლა მატყობთ, თქვენ მიმართ მე როგორი განწყობა მაქვს?

- რა თქმა უნდა, გატყობთ, უბრალოდ, არ დავასაბუთებ. მაგალითად, თუთბერიძესთან რომ დაგსვან, შეიძლება თქვენც გაგიჩნდეთ რაღაც განწყობა. ვიღაც შეი­კავებს თავს, ვიღაც - არა. ნანკამ იქ ისეთი რაღაცები მოისმინა, შეიძლება სხვას რომ მოესმინა...

- კარგი, გადავიდეთ "ინტუიციაზე", ამ შოუს პროდიუსერი თქვენ ხართ...

- დიახ.

- თავიდან წამყვანი ნიკა ქავთარაძე იყო. მაშინ დიდი მსხვერპლიც გაიღო და ახალგადანერგილი თმა ისევ გადაიპარსა.

- იმ პერიოდში მე არ ვაკეთებდი "ინტუიციას"...

- თქვენს ხელში ახლა გადმოვიდა?

- უბრალოდ, ჯგუფი შეიცვალა და რაღაც გადანაცვლებები მოხდა. მერე გადაწყდა, რომ შოუს ქალი წამყვანი უფრო მოუხდებოდა, ამ შემთხვევაში ნანკა უალტერნატივო აღმოჩნდა, თუმცა ნიკას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ჩემი მეგობარია.

- ამბობენ, რომ ნიკა ქავთარაძე ამის გამო ძალიან განაწყენდა...

- უი, არ ვიცი, ნიკა სამი თვეა არ მინახავს. კონტაქტი არ მქონია და ვერ გეტყვით. იცით, რა არის? ეს უცებ არ გადაწყვეტილა, ჯერ გადანაცვლებები მოხდა...

- როგორი იქნება ნანკას ახალი ამპლუა?

- რა თქმა უნდა, შეიცვლება. რაღაც ნიუანსებს ვიზუალურადაც შევცვლით, თუმცა ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გაგიმხელთ.

- ისევ ცნობილ ადამიანებზე გაკეთდება აქცენტი თუ სტუმრად შეიძლება, რიგითი მოქალაქეც ვიხილოთ?

- ეს არ არის სოციალური ტიპის პროექტი, ეს არის თამაში. ჩვენ კონკურენტუნარიან გარემოში ვცხოვრობთ, არხებს შორის დიდი კონკურენციაა და ყველა დაინტერესებულია, მისი გადაცემა რაც შეიძლება რეიტინგული იყოს. იგივე "სიმართლის დროს" მაგალითზე გეტყვით, საზოგადოებისთვის ცნობილი სახის მონაწილეობა უფრო საინტერესოა, ამიტომ ჩვენც მათზე გვიწევს გათვლა.

- ისევ "სიმართლის დრო" ახსენეთ, ყველაზე რეიტინგული მაინც რომელი გადაცემა იყო?

- ჩემთვის ყველა გამორჩეული იყო, თუმცა ძალიან შთამბეჭდავი გამოდგა ბერი თეოდორეს მეუღლის, გულიკო ერისთავის სტუმრობა. საოცრად დადებითი რეაქცია მოჰყვა და ამ გადაცემამ ბევრი კარგიც მოუტანა ადამიანებს. ზურა ხაჩიძის მაგალითზე გეტყვით, ხელახლა მოუვიდა შთაგონება, რომ სიმღერა დაეწყო. ბევრი მონაწილე უარყოფით გამოხმაურებას ელოდა, მაგრამ ასეთი შედეგი არ დამდგარა. მონაწილეების მიმართ მხოლოდ მუქარები იყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არავისთვის არაფერი არ გაგვიფუჭებია.

- ამ ეტაპზე მხოლოდ "ინტუიციას" აკეთებთ?

- არა, "მაფიის ღამეც" ჩვენი პროექტია და აუცილებლად გაგრძელდება.

- ახალ სეზონს როდის იწყებთ?

- ოქტომბრიდან.

- თქვენს კონკურენტ არხად "რუს­თავი 2" მოიაზრება. როგორ აპირებთ მაყურებლის გადმობირებას?

- იცით, მე არ ვარ აგრესიულად განწყობილი.

- აგრესიას კი არა, კონკურენციას ვგულისხმობ.

- ვიცი, ვიცი... თუმცა ჯერ არ მაქვს ინფორმაცია, "ინტუიცია" სატელევიზიო ბადეში სად დაჯდება და რომელ დღეს გავა ეთერში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვექნება იმის სურვილი და ამბიცია, რომ ბრძოლა ყოველთვის მოვიგოთ.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები