ხელს აძლევს თუ არა რუსეთს ყარაბაღში ახალი ომის პროვოცირება

ხელს აძლევს თუ არა რუსეთს ყარაბაღში ახალი ომის პროვოცირება

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მეტად გააქტიურდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების დაწყების თემა. ორივე მხარეს მყოფი პოლიტოლოგებისა და პოლიტიკოსების ნაწილი ახალ ომს პროგნოზირებენ.

ამის პარალელურად სომხური და აზერბაიჯანული სამხედრო ნაწილების დაშორიშორების ხაზზე საკმაოდ გახშირდა მცირემასშტაბიანი შეტაკებები. ამის მაგალითად 20 და 31 აგვისტოს მომხდარი ინციდენტებიც გამოდგება, რომელთა დროსაც ორივე მხრიდან 10 სამხედრო დაიღუპა.

პოლიტიკურ ექსპერტთა ნაწილი ვითარების ამგვარ გამწვავებას რუსეთს უკავშირებს, რომელიც თავისი პოლიტიკით კავკასიაში გარკვეულწილად ბალანსის დარღვევას ცდილობს. ყოველ შემთხვევაში ერთის მხრივ სომხეთში რუსულ ბაზასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გახანგრძლივება და ამ ბაზისათვის სომხეთის უსაფრთხოების დაცვის ფუნქციის მინიჭება და მეორეს მხრივ კი საუბრები აზერბაიჯანისათვის რუსული ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექს "T-300"-ების მიყიდვის თაობაზე აშკარად ცვლის ძალთა თანაფარდობას რეგიონში.

ცდილობს თუ არა ასეთი ქმედებებით რუსეთი ყარაბაღში ახალი ომის პროვოცირებას და რამდენად შედის ეს მის ინტერესებში? ნიშნავს თუ არა ახალი ომის მოახლოებას ორივე მხრიდან გამძაფრებული საომარი რიტორიკა და სომხური და აზერბაიჯანული სამხედრო ნაწილების სისხლისმღვრელი შეტაკებები? ამის შესახებ "რეზონანსი" ქართველ ექსპერტებს ესაუბრა.

პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს იმ ფონზე, როდესაც ორივე მხარეს შეიარაღებული ძალები დგას.

"რა თქმა უნდა არის საშიშროება, როდესაც კონფლიქტი მოუგვარებელია, ორივე მხარეს დგას შეიარაღებული ძალები, ფაქტობრივად საომარი მდგომარეობაა და ორივე მხრიდან არის საომარი რიტორიკა. თუმცა, არ მგონია, რომ დიდი ალბათობა იყოს იმისა, რომ ხვალ და ზეგ ომი დაიწყება. არცერთ ქვეყანას ხელს არ აძლევს ომის დაწყება. კომპრომისის მოძიება აუცილებელია, მაგრამ როგორ - ეს არის თავსატეხი.

"რაც შეეხება რუსეთს, მას კარგი ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან, სომხეთთან შეიძლება უფრო ღრმა. სომხეთი დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრია, აზერბაიჯანი - არა.

"მაგრამ ყარაბაღის პრობლემის გადაჭრის გზებზე მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს. რუსეთი მინსკის ჯგუფის წევრია და ცდილობს კონფლიქტის მოგვარებას, თუმცა გავლენის შენარჩუნებას როგორც სომხეთზე ისე აზერბაიჯანზე", - განაცხადა "რეზონანსთან" ზურაბ აბაშიძემ.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი არ გამორიცხავს ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის გაღრმავებას, თუმცა სიტუაციის დარეგულირებაში საერთაშორისო თანამეგობრობის გონივრული ჩარევის იმედი აქვს.

"ძალისმიერი ქმედებები ორივე ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება და მოვლენების ამგვარი განვითარება ვფიქრობ არავის ინტერესში არ არის, ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისათვის. ეს იქნება კიდევ ერთი დარტყმა საერთაშორისო უსაფრთხოების სტაბილურობის და იმედია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევა და კეთილგონიერება მოვლენების ასეთ განვთარებას არ დაუშვებს", - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე თვლის, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ფართომასშტაბიანი დაპირისპირება მოსალოდნელი არ არის. მისი თქმით, მსგავსი ინციდენტები საზღვარზე ხშირად ხდება, მაგრამ ეს ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. არეშიძის აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაში ეს ომის დაწყებას ნიშნავდეს, რადგან დღეს ორივე მხარე ცდილობს სტატუს-კვო შეინარჩუნოს.

ექსპერტი დემურ გიორხელიძე ძალისმიერ მოქმედებას პრაქტიკულად გამორიცხავს და თვლის, რომ ყარაბაღის ძალისმიერი გზით გადაჭრის შანსი ნულოვანია, რადგან ძალისმიერი მოქმედების დაწყება კონფლიქტში მყოფი რომელიმე მხარის მიერ, იქნება ეს აზერბაიჯანი თუ სომხეთი, წინასწარ განწირულია მარცხისათვის და ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს.

"პირველი ის, რომ ახალი ძალიან დაძაბული საომარი მოქმედებების კერის გაჩენა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამხრეთ კავკასიაში, რომელიც უფრო დიდი გეოსტრატეგიული სივრცის ნაწილია, არავის უნდა და მსოფლიოს არც ერთი დიდი პოლიტიკური მოთამაშე ამას არ დაუშვებს. მეორე ის, რომ როგორი სურვილიც არ უნდა ჰქონდეს კონფლიქტში მყოფ რომელიმე მხარეს ძალისმიერი მოქმედების დაწყებისა, იგი საფუძველშივე იქნება ბლოკირებული და შეიძლება ამ მოქმედების ინიციატორ სახელმწიფოს სუვერენიტეტის საფრთხე შეექმნას.

"რაც შეეხება ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების სხვა გზას, მაგალითად, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მის სტატუსზე ჩამოყალიბებას, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე აქტიურად არ განიხილება და მსჯელობის საგანი არ არის.

"რაც შეეხება უშუალოდ კონფლიქტის მხარეებს, მათაც კარგად აქვთ წარმოდგენილი, რომ დღეს რადიკალური ცვლილებების შეტანა ამ არსებულ მდგომარეობაში პრაქტიკულად რთულია. ამ სიტუაციაში აბსოლუტურად გასაგებია აზერბაიჯანის პოზიცია, რომ პირველ ეტაპზე გათავისუფლებული იქნას ყარაბაღის ირგვლივ სომხების მიერ დაკავებული რამდენიმე რაიონი. ეს კი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზების დაწყებისათვის კარგი თემაა და ვფიქრობ ერთ-ერთ ვარიანტად ეს იქნება გამოყენებული.

"ყარაბაღის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტა მომავლის თემაა, მაგრამ არა შორეული მომავლის, რადგან ორი ყველაზე დაძაბული და ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის - ერაყისა და ავღანეთის პრობლემის გადაწყვეტაში, მეტნაკლებად პროგრესის მიღწევის შემთხვევაში, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები იძულებული იქნებიან მეტი ყურადღება დაუთმონ სამხრეთ კავკასიაში გაყინულ კონფლიქტებს, რომელთა დროში მოგვარების გარეშე ეს რეგიონი ყოველთვის ფეთქებადსაშიში იქნება", - განაცხადა "რეზონანსთან" დემურ გიორხელიძემ.

პოლიტოლოგ ვასილ ჭყოიძის თქმით, ყარაბაღის საკითხში რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს არსებული სტატუს-კვო და ამით შეინარჩუნოს გავლენა როგორც სომხეთზე, ასევე აზერბაიჯანზე.

"ყარაბაღის საკითხის ღიად დატოვება და მისი მოუგვარებლობა პირდაპირ პასუხობს რუსეთის ინტრესებს. რუსეთი არ არის დაინტერესებული ამ კონფლიქტის მოგვარებით", - ამბობს ვასილ ჭყოიძე.

ექსპერტი სამხედრო საკითხებში გიორგი მელითაური ამ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის სიტუაციის დაძაბვას გამორიცხავს. მისი თქმით, ჯერჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ სასაზღვრო ინციდენტი ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება.

"რა თქმა უნდა რუსეთი დაინტერესებულია, რომ ყარაბაღის პრობლემა მოუგვარებელი დარჩეს. ყარაბაღის პრობლემის მოგვარება რუსეთისათვის ნიშნავს ცალსახად შუამავლის როლისა და ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანზე ბერკეტების დაკარგვას. დღეს იგი შუამავლის როლს თამაშობს, ამაზე მეტყველებს ბოლოდროინდელი მოვლენები - რუსეთსა და სომხეთს შორის ხელშეკრულების გაგრძელება, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები რუსეთის მხრიდან "თ-300"-ების მიყიდვის თაობაზე. ეს არის რუსეთის მხრიდან მცდელობა თავის სასიკეთოდ გამოიყენოს სიტუაცია, ანუ სპეკულირება ორივე მხარეს საკუთარი მიზნის მისაღწევად. ეს მიზანი კი არის სამხრეთ კავკასიაში საკუთარი გავლენის შენარჩუნება"- განაცხადა "რეზონანსთან" გიორგი მელითაურმა.

ია აბულაშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?