ყვარელში, დასახლებული პუნქტიდან ხუთ კილომეტრში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ.
მობილიზებული არიან კახეთის სამაშველო სამსახურის და შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები.
ცეცხლი 20 ჰექტარზეა მოდებული და მის ლიკვიდაციას ვერტმფრენის დახმარებითაც ცდილობენ.
ამასთან, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია სოფელ შილდაში, სადაც რამდენიმე ჰექტარზე საძოვრები დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. შს ყვარლის რაიონულ სამმართველოში დაწყებულია გამოძიება.